უკრაინის მიმდინარე პრემიერლიგაში მხოლოდ ერთი ქართული გოლია გასული – ზაპოროჟიეს “მეტალურგის” ფორვარდმა დიმიტრი ტატანაშვილმა დონეცკის “მეტალურგს” გაუტანა, თუმცა მისმა გუნდმა ეს შეხვედრა 1:2 წააგო. საინტერესოა, ქართველმა ფეხბურთელმა მე-18 წუთზე გახსნა ანგარიში, 41-ე წუთზე კი შეცვალეს – მიზეზი ტრავმა არ ყოფილა. ზაპოროჟიეს “მეტალურგი” პრემიერლიგაში ბოლო ადგილზეა, თანაც, ათ მატჩში 2 ფრე და 8 მარცხი აქვს.
“მსოფლიო სპორტი” ტატანაშვილს უკრაინაში დაუკავშირდა:
- გოლის მომენტს როგორ აღწერ?
- მარცხნიდან გაკეთდა გადაცემა კართან და ახლოდან შევაგდე ფეხით. მთლიანობაში, მეტოქეს ვაჯობეთ და მოგებაც შეგვეძლო, მაგრამ მეორე ტაიმში 40-ოდე მეტრიდან გაგვიტანეს. მერე კი, გუნდი აირია და მეორე გოლიც გავუშვით.
- პირველი ტაიმიც არ იყო დასრულებული, როცა შეგცვალეს. რატომ?
- ალბათ, იმიტომ, რომ მეორე გოლი არ გამეტანა - ეს ხუმრობით. დასვენებული ფორვარდი შემოუშვა ჩემს ნაცვლად, ეს იყო მიზეზი.
- 10 ტურის შემდეგ, 2 ქულა – როგორ ატყობ, შეუძლია “მეტალურგს” რთული მდგომარეობიდან გამოსვლა?
- ჯერ ადრეა უშანსობაზე ლაპარაკი. ყველა აღნიშნავს, რომ ბოლო ადგილზე ყოფნას არ ვიმსახურებთ. პოტენციურად, უფრო კარგი გუნდი გვყავს, ვიდრე ეს ჩანს. ამდენი წაგების გამო, გუნდში ცოტა დაძაბული სიტუაციაა, მაგრამ ერთი მოგება გვინდა და ფსიქოლოგიურად შვებას ვიგრძნობთ.
- კიევის “დინამოსთანაც” ითამაშე. ძალიან გაგიჭირდა?
- სხვათა შორის, იმდენად არა. რა თქმა უნდა, “დინამო” და “შახტარი” სხვა უკრაინულ გუნდებს აშკარად სჯობნიან, მაგრამ ყველა თამაშს მოიგებენო, ასეც არაა საქმე. უკვე დაკარგეს კიდეც ქულები.
- საგოლე მომენტი ხომ არ გქონდა “დინამოსთან”?
- მქონდა და მეკარემ ითამაშა კარგად.
- “მეტალურგში” შენს პოზიციაზე დიდი კონკურენციაა?
- ერთი კარგი ფორვარდი გვყავს. სხვებიც არიან, მაგრამ ჯერჯერობით, თამაში მიწევს და რეგულარულად უნდა ვამტკიცო, რომ ამის ღირსი ვარ. ძალიან დამღლელი მატჩები და ვარჯიშებია. დატვირთვები დიდია.
- უკრაინული ფეხბურთი ამით ცნობილია.
- შეჩვეულიც ვიყავი, რომ აქ ჩეხეთზე მეტი დატვირთვები იქნებოდა.
- კმაყოფილი ხარ ჩეხეთიდან უკრაინის ჩემპიონატში წასვლით?
- დიახ. აქ უკეთესი ჩემპიონატია. თან, რუსული ენა ვიცი და პარტნიორებთან ურთიერთობა არ მიჭირს. ცუდი ისაა, რომ ჩემი გუნდი ბოლო ადგილზეა. იმედია, გამოსწორდება სიტუაცია.
- ალბათ, ეროვნულ ნაკრებში მოხვედრაზეც იფიქრებ.
- ჯერ აქ უნდა გავიტანო გოლები. ნაკრებში თამაში ყველა ამბიციურ ფეხბურთელს უნდა და არც მე ვარ გამონაკლისი.
ილია ნანობაშვილი







