სტატიები

11:00 | 7.08.2010 | ნანახია [] - ჯერ

“დინამო” – მაქსიმალური შედეგი მინიმალური დანახარჯით

გასულ სეზონს, თბილისის “დინამოსთვის” წარმატებულს ნამდვილად ვერ დავარქმევთ, ვინაიდან გუნდმა, ვერც ეროვნულ ჩემპიონატში მოახერხა პირველობა და ვერც დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასზე. მართალია, გუნდი თასის ფინალში გავიდა, მაგრამ გადამწყვეტი ორთაბრძოლა თანაქალაქელ “ვიტ ჯორჯიასთან” დათმო, მანამდე კი, ამავე გუნდს, სუპერთასისთვის ორთაბრძოლაში ვერ აჯობა. თუმცა, დინამოელთა პლუსად უნდა ჩაითვალოს, რომ საპრიზო ადგილებისთვის ორთაბრძოლაში, უშუალო კონკურენტებთან სოლიდური ჩამორჩენა აღმოფხვრეს და ვერცხლის მედლებთან ერთად, ევროპის ლიგაზე თამაშის უფლება მოიპოვეს.
რთული სათქმელია, მომავალ სეზონში კახა კაჭარავას შეგირდები რა შედეგს მიაღწევენ, მაგრამ ფაქტია, რომ ზაფხულის მოსამზადებელ პერიოდში, “დინამომ” სატრანსფერო ბაზარზე ყველაზე ნაკლებად იაქტიურა, რაც კარგი ცხოვრებით ნამდვილად არაა გამოწვეული. ივნისში, “დინამოს”  მმართველი დირექტორი გიორგი ტყავაძე, ლონდონში კლუბის მეპატრონეებთან შესახვედრად იმყოფებოდა, რათა მომავალი სეზონისთვის ბიუჯეტი განესაზღვრათ. აღნიშნული აუდიენციის დეტალები არ გახმაურებულა, მაგრამ ფაქტია, რომ თბილისელები ვერც შეკრებაზე გაემგზავრნენ და ახალი შენაძენებიც ნაკლებად გააკეთეს – გუნდს ისრაელში ვერდამკვიდრებული ლევან ხმალაძე დაუბრუნდა და “ლოკომოტივიდან” ფორვარდი ზვიად მეტრეველი მიიწვიეს. აქცენტი კი, “დინამო 2”-დან მიწვეულ ფეხბურთელებზე გაკეთდა. არადა, დანაკლისი მართლაც შესამჩნევი იყო – შოთა და გურამ კაშიები, ალექსანდრე კრსტესკი, ჯორჯ აკირემი, თენგიზ ჩიკვილაძე – ეს, ის ფეხბურთელები არიან, რომლებიც ძირითად შემადგენლობაში მუდმივად თამაშობდნენ. “გეფლესთან” და “შტურმთან” გუნდს დაცვის ხაზში ისე გაუჭირდა, რომ მარჯვენა მცველად, ამპლუით შემტევმა კახელიშვილმა ითამაშა. ორიოდე სიტყვით გურამ კაშიასაც უნდა შევეხოთ - საქართველოს ეროვნული ნაკრების კანდიდატსა და “დინამოს” კაპიტანს, ჯერ ჩეხურ პრაღის “სლავიაში” ჰქონდა კარიერის გაგრძელების შანსი, შემდეგ ჰაიფას “მაკაბიში” გაიარა სინჯები, ხოლო ახლა, კვლავ თბილისელებს დაუბრუნდა. კაჭარავას თქმით, მასთან  მოლაპარაკება წარმატებით მიდის და ოფიციალურ განცხადებას, კაშიას მიერ კონტრაქტის გაფორმების  შემდეგ გააკეთებს. ცხადია, თითოეულ ფეხბურთელს საკუთარი არჩევანის გაკეთების უფლება აქვს, მითუმეტეს, როდესაც თავისუფალი აგენტია, მაგრამ სინჯებზე წასვლას, ალბათ, სჯობდა კაშიას ევროპის ლიგაზე სამი ეტაპი ეთამაშა და გუნდის დახმარების გარდა, მეტ გამოცდილებასაც შეიძენდა. მითუმეტეს, სკაუტებს ევროტურნირებზე მასზე დაკვირვების მეტი საშუალება ექნებოდათ. თუმცა, ეს სუბიექტური მოსაზრებაა. უბრალოდ, კაშიას მაგალითმა კიდევ ერთხელ აჩვენა ქართული ფეხბურთის ამჟამინდელი ყოფა – ევროპაში, სინჯების გარეშე, კონტრაქტს “დინამოს” კაპიტანსა და ნაკრების კანდიდატსაც აღარ უფორმებენ.
“დინამოს” ფინანსურად რომ არ ულხინს, ამის მაჩვენებელი მხოლოდ სატრანსფერო ბაზარზე ნაკლები აქტიურობა არაა. კლუბის ხელმძღვანელობა მაქსიმალურად ცდილობს “ქამრის შემოჭერას”, რაზეც თუნდაც შემდეგი ფაქტები მეტყველებს: გუნდი არცერთ გასვლით თამაშზე ჩარტერული რეისით არ გაფრენილა, ვერ ხერხდებოდა პრესატაშის, ოპერატორის და მომსახურე პერსონალის ზოგიერთი წევრის წაყვანა. არაფერს ვამბობთ, რომ გაზაფხულზე ძლიერი ქარის მიერ მოგლეჯილი ხეებისგან დაზიანებული დიღმის საწვრთნელი ბაზის მესერი, ჯერ კიდევ შესაკეთებელია, ხოლო ფეხბურთელის დაოსტატებისთვის ერთობ საჭირო ე.წ. “კედელში” იმხელა ხვრელებია, რომ მოზრდილი კაცი შეეტევა.
აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ იმავე ბაზის წინ ბაზრის არსებობა, ყოვლად დაუშვებელია და ქალაქის ხელმძღვანელობამ ამას სათანადო ყურადღება უნდა მიაქციოს. თორემ, იქ პირველად მოხვედრილი ადამიანისთვის ძნელი გასარჩევია - საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი გუნდის საწვრთნელ ბაზასთან იმყოფებ, თუ საბითუმო ბაზართან. ზემოთ ნახსენები კლუბის არცთუ სახარბიელო მდგომარეობა, ბუნებრივია, მის შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობა არაა, რადგან “დინამოს” ჰყავს მეპატრონეები, რომლებიც თავად განსაზღვრავენ გუნდის სტარტეგიას და პრიორიტეტებს. მითუმეტეს, რომ ქართულ ფეხბურთში გაჭირვებულ კლუბთა რაოდენობა გაცილებით დიდია, ვიდრე დალხინებულთა. ქვეყანაში, სადაც სპორტში ფულის ჩადებას, ფაქტობრივად, ნებისმიერი შეძლებული ადამიანი გაურბის, “დინამოს” მწირი სახსრები გასაკვირი არ უნდა იყოს.   
თუმცა, ზემოთ ნახსენები პრობლემების ფონზე, “დინამომ” ევროტურნირებზე ქართული გუნდებიდან ყველაზე კარგი შედეგი აჩვენა (3 მოგება, 2 ფრე, 1 წაგება) და ამ ფაქტს ვერავინ გაექცევა. შესაძლოა, მავანმა თქვას, რომ ტალინის “ფლორა” და შვედეთის “გეფლე” ციდან “ვარსკვლავებს არ წყვეტენ”, მაგრამ თბილისელებმა ჩამოთვლილ გუნდებს შანსი არ დაუტოვეს და გრაცის “შტურმთანაც” ღირსეულად ითამაშეს, განსაკუთრებით თბილისში, როდესაც 9 კაცით არ წააგეს. იგივე “ზესტაფონთან” შედარებით, დინამოელებმა ევროპის ლიგაზე გამოსვლა ისე დაასრულეს, რომ შინ თამაში არ წაუგიათ. ცხადია, ეს ყოველივე, კაჭარავას და მისი გუნდის დამსახურებაა, რაიმე გარე ფაქტორებზე საუბარი კი, სისულელე იქნებოდა. სხვათა შორის, იმავე “გეფლემ”, ზამთარში ამხანაგურ შეხვედრაში რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბი, მოსკოვის “ლოკომოტივი” დაამარცხა (2:1). მოკლედ, “დინამომ” ევროპის ლიგაზე მაქსიმუმი გააკეთა და ნაჩვენები შედეგი, კლუბის აქტივს უნდა მივათვალოთ.
კაჭარავამ, გრაცელებთან თამაშის მერე აღნიშნა კიდეც, რომ კლუბის მიერ არჩეული სტრატეგია სწორია და დღესდღეობით, გუნდში მყოფი ახალგაზრდა ფეხბურთელების სჯერა. მისი აზრით, მათ დრო სჭირდებათ და დიდ ფეხბურთს ითამაშებენ. მწვრთნელის თქმით, “შტურმის” ბარიერის ვერგადალახვა დასანანია, მაგრამ ყურების ჩამოყრა არ ღირს, რადგან გუნდს წინ საქართველს ჩემპიონატი და ქვეყნის თასის გათამაშება ელის, სადაც, ტრადიციულად, მაღალ მიზნებს ისახავს. კაჭარავას თავადაც ესმის, რომ კლუბს მოკრძალებული შესაძლებლობები აქვს და ნებისმიერი ფეხბურთელი უკეთეს პირობებს ითხოვს. თუმცა, მწვრთნელის აზრით, ჯერ უნდა დაამტკიცო, რომ ფეხბურთის თამაში შეგიძლია და შესაბამისი ანაზღაურებაც შემდეგ იქნება. მისი თქმით, “შტურმთან” შეხვედრამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ფეხბურთში ფული ყველაფერს არ წყვეტს, რადგან გრაცელთა და თბილისელთა ფინანსურ შესაძლებლობებში სხვაობა, მოედანზე განვითარებულ მოვლენებზე ადეკვატურად ნამდვილად არ ასახულა. მწვრთნელს არ დაუმალავს, რომ ახალგაზრდულ გუნდს, შესაძლოა, მომავალი სეზონის მსველელობისას სტაბილურობა აკლდეს, თუმცა მან განვლილი ჩემპიონატიც გაიხსენა, როდესაც “დინამო” წამყვან ქართულ გუნდებს გვარიანად ჩამორჩებოდა, მაგრამ საბოლოო ჯამში, “ვერცხლი” მოიგო. ევროპის ლიგაზე გუნდის თამაშით, “დინამოს” თავკაცი კმაყოფილი დარჩა და მოთამაშეებს მადლობაც გადაუხადა. ვნახოთ, რამდენად დააკმაყოფილებს კაჭარავას, შეგირდების თამაში ახალ სეზონში, რომლის დაწყებამდე დიდი დრო არ რჩება.
ლაშა თაბაგარი    


        
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.097882