სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

22:06 | 29.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

“დინამომ” მარტვილელები ბრძოლაში გატეხა

სანახაობრივად კარგი მატჩი გამოდგა და მარტვილის “მერანმა” დაამტკიცა, რომ შემთხვევით არ იყო ლიდერთა ჯგუფში. ხშირია შემთხვევა, როცა თბილისის “დინამო” იგებს და მეტოქეებს თამაშის ხალისი უქრებათ, მაგრამ სტუმრებმა ბოლომდე იბრძოლეს - მეტი საშემსრულებლო კლასი და მეტი ენერგია რომ ჰქონოდათ, ვინ იცის, მარტვილელებს ქულაც აეღოთ. დუშან უჰრინის გუნდი კი ლიდერობას განაგრძობს და გოლების იშტაზეცაა მოსული.

მოულოდნელი დასაწყისი: მე-3 წუთზე მარტვილელთა შეტევის დროს გივი კვარაცხელიამ ცუდად გამოიტანა ბურთი, ამას ბექა ციკოლიას ტექნიკური დარტყმა მოჰყვა და გიორგი ლორიას ნახტომი ამაო გამოდგა. ბურთი ძელიდან ასხლეტით შევარდა კარში - 0:1. მშვენიერი გოლი გამოდგა.

მე-16 წუთზე იყო ეპიზოდი, როცა ლატვიელ მსაჯ ცაუნიეს პენალტის დანიშვნა შეეძლო დინამოელთა კარში. დავით ხურცილავამ თავის საჯარიმოში ბურთზე კი ითამაშა, მაგრამ შემტევი კიჭი მელიავა წააქცია. რამდენიმე წუთში კი დინამოელებმა გაათანაბრეს, კერძოდ, ჩისკომ კუთხური ჩააწოდა, ჯაბა დვალსა და მის მეურვეს ბურთი ასცდათ და დავით კვირკველიამ მკერდით გაიტანა - 1:1.

ამას მოჰყვა ხუთწუთიანი მონაკვეთი, როცა “მერანი” თამაშს ვერ ალაგებდა და “დინამო” შეტევებს მიეძალა, თუმცა მომენტი მხოლოდ ერთხელ შეიქმნა, როცა დორინ გოგას აუღო ჯონი შეროზიამ. თავის მხრივ, ტაიმის ბოლოს სტუმართა ნახევარმცველმა შოთა ბაბუნაშვილმა ვერ აჯობა გიორგი ლორიას, არადა, კარგი დარტყმა იყო.

მეორე ნახევრის ერთწუთიან მონაკვეთში გადაწყდა მატჩის ბედი. უჰრინის გუნდმა ორჯერ გაუტანა “მერანს” და კვლავაც კვირკველიამ შეაგდო ჩისკოს პასით: დინამოელებმა ეშმაკურად გაათამაშეს საჯარიმო, ესპანელმა კვირკველია მოძებნა, რომელმაც ერთი მცველი ჩამოიტოვა და ახლო კუთხეში ზუსტად დაურტყა შეროზიას - 2:1.

მალევე, ირაკლი ძარიამ თავად დაიწყო შეტევა და კუთხეში დარტყმით დაასრულა. შეროზიამ კარგი რეაქცია გამოავლინა, მაგრამ ვერ შეიმაგრა ბურთი, რომელმაც ოდნავ გადაკვეთა კარის ხაზი - 3:1.

თამაში გაიხსნა და ტემპმაც იმატა. “მერანი” დანებებას არ აპირებდა, დინამოელებს კი ხელ-ფეხი ეხსნებოდათ კონტრშეტევებისას და მაინც, სტუმრებმა მიითვალეს გოლი: 17 წლის აკაკი შულაიამ, რომელიც ჩემპიონატის აღმოჩენად უნდა მივიჩნიოთ, ლორიას ტექნიკურად გადაუგდო ბურთი თავზე - 3:2.

შულაია ერთხელ კიდევ ეცადა გატანას, თუმცა კუთხე მახვილი იყო და ააცილა. შეროზიას კი დვალისა და გოგას დარტყმების მოგერიებამ მოუწია. “მერანი” ხიფათის შექმნას ცდილობდა, წინ მიიწევდა, ოღონდ კარში სახიფათოდ დარტყმამდე საქმე ვერ მიჰყავდა, ბოლოს კი დორინ გოგამ მარცხნიდან ჩააწოდა და პატრიკ ვუოს თავურში ვერავინ შეუშალა ხელი - 4:2.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დავით კვირკველიას დავასახელებდით უბრალო მიზეზის გამო: მცველმა დუბლი შეასრულა. 

მატჩის შემდეგ:

მალხაზ ჟვანია: “დინამოელებს გამარჯვებას ვულოცავ. ჩემი გუნდი ცოტა გადაღლილი იყო გადატვირთული გრაფიკის გამო. ამ დაღლილობის ბრალიცაა შეცდომები, რამაც გოლების გაშვება გამოიწვია. თამაშიც ვერ დალაგდა და სამწუხაროდ, წავაგეთ”.  

დუშან უჰრინი: “არ იყო იოლი მატჩი. ნერვიულობა გვეტყობოდა. სწრაფად გაშვებული გოლის შემდეგ, ბიჭებს მეტი მოძრაობისკენ და სირბილისკენ მოვუწოდე. მივეჩვიეთ, რომ ჩვენს სტადიონზე ყველა მეტოქე კონტრშეტევას ირჩევს და უნდა ითქვას, მეტოქე ამას კარგად აკეთებდა. უბრალოდ, გარკვეულწილად კონცენტრაცია გვქონდა დაკარგული, მერე კი სიტუაცია გამოსწორდა. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ 4 გოლი გავიტანეთ. კარგა ხანია, საშინაო სტადიონზე ამდენი არ გაგვიტანია. ვფიქრობ, გუნდი კალაპოტში დგება”.     

"დინამო" (თბილისი) – "მერანი" (მარტვილი) 4:2 (1:1)

29.09. 18:00. თბილისი. "დინამო არენა". 2000 მაყურებელი

დინამო: ლორია, ხურცილავა, კვარაცხელია, უსტარიცი, კვირკველია, ხმალაძე, ძარია, გოგა, ელგუჯა გრიგალაშვილი (მერებაშვილი 84), ჩისკო (გლიშიჩი 90), დვალი (ვუო 77).

მწვრთნელი: დუშან უჰრინი.

მერანი: შეროზია, გეგეჭკორი, ფარულავა, ქარქუზაშვილი, მელქაძე, ფონიავა, კუჭუხიძე (შულაია 24), მელიავა, ბაბუნაშვილი (კერძევაძე 56), ციკოლია (ქათამაძე 66), კვანტალიანი.

მწვრთნელი: მალხაზ ჟვანია.

გოლები: 0:1 ციკოლია (3), 1:1, 2:1 კვირკველია (20, 51), 3:1 ძარია (52), 3:2 შულაია (62), 4:2 ვუო (83).

გაფრთხილება: ფონიავა (24), უსტარიცი (73), მელიავა (80).

მსაჯი: ი. ცაუნიე (ლატვია). 

 

„დილა“ (გორი) – „სპარტაკი“ (ცხინვალი) 3:1 (1:0)

გოლები: 1:0 გორელიშვილი (45), 2:0 მოდებაძე (58პ.), 3:0 მოდებაძე (63), 3:1 ნანუაშვილი (87)

„სიონი“ (ბოლნისი) – „ჩიხურა“ (საჩხერე) 2:2 (0:1)

გოლები: 0:1 ტატანაშვილი (45), 1:1 სამხარაძე (84), 2:1 მიკუჩაძე (84), 2:2 ჭელიძე (90)

„მეტალურგი“ (რუსთავი) – „ზუგდიდი“ 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 ფიფია (75)

“ზესტაფონი” – “გურია” (ლანჩხუთი) 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 ქობალია (87)

 

1. დინამო 7 5 1 1    15:5 16
2. ჩიხურა 7 4 1 2    15:10 13
3. ტორპედო 6 3 3 0    6:3 12
4. მერანი 7 4 0 3    10:11 12
5. დილა 7 3 2 2    10:8 11
6. მეტალურგი 7 3 2 2    7:9 11
7. გურია 7 3 0 4    6:9 9
8. ვიტ ჯორჯია 6 2 2 2    7:5 8
9. სიონი 7 2 2 3    9:9 8
10. ზესტაფონი 7 2 1 4    6:7 7
11. ზუგდიდი 7 1 2 4    3:10 5
12. სპარტაკი 7 1 0 6    3:11 3

 

შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:

- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა.


სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.219137