ფეხბურთი

22:25 | 16.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

“დინამომ” ხასიათი “შუქურასთან” გამოიკეთა

რუსთავში “მეტალურგთან” მარცხის (0:3) მერე, “დინამომ” სრული რეაბილიტაცია “შუქურასთან” შეძლო. თბილისელებმა მატჩის ბედი პირველ ტაიმში გადაწყვიტეს, როდესაც მოწინააღმდეგეს ოთხი უპასუხო გოლი გაუტანეს.

“დინამოს” ესპანელი შემტევი ჩისკო და ცენტრალური მცველი გიორგი გველესიანი აკლდნენ. პირველ მათგანს ფეხის კუნთის ტრავმა აწუხებდა, ხოლო მეორეს კისერი სტკიოდა. “დინამოს” ახალწვეული ზურაბ ხიზანიშვილი, რომელიც გუნდთან ერთად 2 დღეა ვარჯიშობს, 18-კაციან განაცხადში არ იყო. “დინამოს” სასტარტო შემადგენლობაში პირველად ითამაშა ახალგაზრდა მცველმა ნიკა ჭანტურიამ. საწყის თერთმეტეულს დაუბრუნდა ლაშა შერგელაშვილი. მოედანზე პირველი წუთიდან იმყოფებოდა საბა ლობჟანიძე.

თბილისელებმა პირველი წუთიდანვე შეუტიეს და აზამატ ჯიოევმა საჯარიმოს ფარგლებს გარედან გიორგი პაპუნაშვილის მიერ დარტყმული ბურთი მოიგერია. “შუქურას” პირველივე შეტევა კინაღამ გოლით დასრულდა. მეტოქის საჯარიმოში ლევან კუტალიასთან გათამაშებული “კედლის” შემდეგ, თორნიკე თუხარელი ომარ მიგინეიშვილთან პირისპირ დარჩა და კარიდან გამოსულმა ომარ მიგინეიშვილმა ქობულეთელთა ნახევარმცველს არ გაატანინა. ცოტა ხანში, მარჯვნიდან თუხარელის ჩამოწოდების შემდეგ, “დინამოს” მცველები შეცდნენ და გიორგი ჩელებაძემ ახლო მანძილიდან თავით ცუდად დაარტყა.

ცოტა ხანში, მარჯვნიდან პაპავამ ჩააწოდა და საბა ლობჟანიძემ თავით ბურთი კარისკენ ზურგით მდგომ ნიკა საბანაძეს “დაუგდო”, რომელმაც მომენტით ვერ ისარგებლა. ამას გიორგი პაპუნაშვილის შეტევა მოჰყვა, რომელიც ერთ მცველს გაექცა, მაგრამ ვერ გაიტანა. მალე, პაპუნაშვილმა ქობულეთელ ფეხბურთელს ბურთი მის მოედანზე აართვა და პასი არ დაუგვიანა “შუქურას” საჯარიმოში შეჭრილ საბანაძეს, რომელმაც ანგარიში გახსნა.

პირველი ტაიმის დასრულებამდე დიდი დრო არ რჩებოდა, რომ ირაკლი ძარიამ ბურთი უკან დაუბრუნა საბანაძეს, რომელმაც “შუქურას” საჯარიმოს ხაზიდან დაარტყა და სტუმართა ფეხბურთელის ფეხიდან “რიკოშეტის” შემდეგ, ანგარიშში სხვაობა ორამდე გაიზარდა.

“დინამო” მიღწეულზე არ შეჩერებულა - ლობჟანიძემ “შუქურას” საჯარიმოში ბურთი სტუმართა მცველს “მოპარა” და ზღვისპირელები კიდევ ერთხელ დაამწუხრა. 45-ე წუთზე, ქობულეთელებმა საჯარიმო ძალიან ცუდად გაითამაშეს და ლობჟანიძის წამოწყებული კონტრშეტევა პაპუნაშვილმა გააგრძელა, რომელსაც საჯარიმოში შესულს დარტყმა თავად შეეძლო, მაგრამ გოლი ლაშა შერგელაშვილს გაატანინა.

მეორე ტაიმის დაწყებიდან 15 წუთი გასულიყო, როცა გიორგი ჩირგაძემ “შუქურას” საჯარიმოში ბურთი სწრაფ და ძალიან აქტიურ ლობჟანიძეს შეაყოლა, რომელიც ჯიოევს გასცდა, მაგრამ მახვილი კუთხიდან ვერ გაიტანა.

ამ ეპიზოდიდან ერთ წუთში, ქობულეთელებმა მარცხნიდან კუთხური მოაწოდეს და მიგინეიშვილმა ჯერ ახლო მანძილიდან ირაკლი ტაკიძის მიერ დარტყმული ბურთი მოიგერია, ხოლო შემდეგ დათო ხოჭოლავას არ გაატანინა. თუმცა, ამ ეპიზოდში “შუქურას” მცველთან შეჯახებისას დაშავდა და სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს. კარში მისი ადგილი ნიკა დაუშვილმა დაიკავა.

ორი საგოლე პასის ავტორმა პაპუნაშვილმა, მეტოქის კარი თავადაც აიღო, როდესაც ქობულეთელთა საჯარიმოს ფარგლებს გარედან დაარტყა და ჯიოევის უხეში შეცდომის შემდეგ, ანგარიშში სხვაობა ხუთამდე გაიზარდა. ძირითადი დროის დასრულებამდე 10 წუთით ადრე, ჩირგაძემ ზღვისპირელთა მეკარეს პაპუნაშვილი შეატოვა, რომელმაც თავად არ დაარტყა და მისი პასის მერე, გოლი თავის ანგარიშზე ჩირგაძემ ჩაიწერა.

შეხვედრის დასრულებამდე ბევრი არაფერი რჩებოდა, რომ ლაშა პარუნაშვილის გადაცემის შემდეგ, ჩირგაძემ თავით დაარტყა და ბურთი ხარიხას მოხვდა.   

 

დინამო (თბილისი) – შუქურა (ქობულეთი) 6:0 (4:0)

16 სექტემბერი. თბილისი. ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენა”.

დინამო: მიგინეიშვილი (დაუშვილი, 67), თოთაძე, ნიკა ჭანტურია, ცინცაძე, პაპუნაშვილი, საბანაძე (ჩირგაძე, 56), პაპავა, საბა ლობჟანიძე, შერგელაშვილი, ძარია (კაკაბაძე, 62), პარუნაშვილი.

მთავარი მწვრთნელი: კახი გოგიჩაიშვილი.

შუქურა: ჯიოევი, ჩალაძე, ბერუაშვილი, ხოჭოლავა, გიორგი გურული, ლობე (კალანდაძე, 32), კუტალია (მეტრეველი, 37), გიორგი კუხიანიძე, თორნიკე თუხარელი (მესხი, 46), ჩაფიძე, ჩელებაძე (კ).

მთავარი მწვრთნელი: ამირან გოგიტიძე.

გოლი: 1:0 საბანაძე (24), 2:0 საბანაძე (37), 3:0 ლობჟანიძე (40), 4:0 შერგელაშვილი (45), 5:0 პაპუნაშვილი (72), 6:0 ჩირგაძე (80).

გაფრთხილება: კუტალია (28) 

მთავარი მსაჯი: თორნიკე გვანცელაძე.

 

1      დინამო თბ.                                                                           5           4           0           1           12:5           12          
2 სამტრედია 5 3 1 1 7:5 10
3 დინამო ბთ. 5 3 0 2 6:5 9
4 მეტალურგი 4 2 2 0 5:1 8
5 ტორპედო 5 2 2 1 5:3 8
6 დილა 4 2 1 1 4:1 7
7 სპარტაკი 5 2 1 2 3:5 7
8 ზესტაფონი 5 2 0 3 12:7 6
9 ვიტ ჯორჯია 5 2 0 3 4:3 6
10 შუქურა 5 1 3 1 4:9 6
11  სიონი 5 1 2 2 5:7 5
12 ჩიხურა 4 1 1 2 3:4 4
13 მერანი 5 1 1 3 4:7 4
14 კოლხეთი 4 1 1 2 2:5 4
15 ზუგდიდი 4 0 3 1 2:3 3
16 გურია 4 0 2 2 0:8 2

 

მეგოლეები:

3 - გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბილისი), ჯაბა დვალი (ზესტაფონი), დავით სირაძე (სიონი), გიორგი ჩელებაძე (შუქურა), ბადრი ტეტუნაშვილი (დინამო ბათუმი)

2 - მათე კვირკვია (ვიტ ჯორჯია), ჩისკო მუნიოსი, ირაკლი ძარია (დინამო თბილისი), ბესიკ ჩიმაკაძე (მერანი), ოთარ კვერნაძე (ტორპედო), საბა ლომია (ზუგდიდი), ნიკა კვეკვესკირი, ირაკლი მოდებაძე (დილა), ირაკლი სიხარულიძე (მეტალურგი)

 

შენიშვნა: უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:

-ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების  რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.149193