ბედის უკუღმართობით, ქართველთა ძალა მუდამ არ იხარჯებოდა სამშობლოსთვის... ერეკლემ 5000 კაცი ვერ მოაგროვა კრწანისთან, არადა ამ დროს მარტო ეგვიპტეში 18000 ქართველი მამლუქი მეომარი იყო, ერაყში - 7000... ეჰ, რანი ვიქნებოდით ახლა, ამ ბიჭების მარჯვენა საქართველოს რომ მოხმარებოდა? არავის ეღირსა სამშობლოში დაბრუნება...
მამელუკნო, ვინ შეახტა მარჯვედ სეუტის ციხის გალავანს, მარჯვნივ და მარცხნივ აკაფა მტერი? გმირს სხვებიც უკან მიჰყვნენ, ციხეში შეიჭრნენ, კარი გაგვიღეს და გაგვამარჯვებინეს. იმ მამელუკმა მაშინ ასისთავობა მიიღო. ის ვინ იყო?
- მახ... მუტ! მახ.. მუტ! - დაიგრიალა ჯარმა.
მამელუკნო, გახსოვთ ასისთავი, ხმამაღლა რომ შეჰკივლა? ისეთ ხმას მხოლოდ მაღალი მთის მწვერვალზე მობინადრე არწივები გამოსცემენ ხოლმე. ხმალი შეათამაშა და, ვით შავარდენი მტრედთა გუნდში, მტრის რაზმში შეიჭრა ასუანთან. ჩვენები გამხნევდნენ, შურდულივით უკან დაედევნენ, მტრის ჯარი შუა გააპეს, სძლიეს და ჩვენი დროშა კვლავ ამაყად ააფრიალეს. ვინ იყო ის ასისთავი?
- მახ... მუტ! მახ... მუტ! - იგრიალა ჯარმა.
მამელუკნო! თებეს ნანგრევების ქვემოთ ჩვენი რაზმი იდგა. მტერმა თითქოს იგრძნო ჩვენი გაზურგება, რკალივით შემოგვერტყა და ისე შეგვავიწროვა, რომ გასაქანი არა გვქონდა: ან იარაღი უნდა დაგვეყარა, ან მტერი გაგვერღვია. მაშინ ვინ იყო, რომ დაიძახა: ჩემთან, ძმებოო! ტაიჭი გააქანა და ჰოტენტოტთა მეთაურს, გუთხარ-ხათუს ხმალდახმალ ეძგერა და ერთი დაკვრით თავი გააგდებინა?..
- მახმუტ! მახ... მუტ! - იგრიალა ჯარმა.
მაშ, მოდით სტატიის დასაწყისი დღევანდელ საფეხბურთო სინამდვილეში გადავიტანოთ:
ბოლო 20 წელიწადში საქართველო 2 მილიონამდე კაცმა დატოვა და თითებზე ჩამოსათვლელია ხალხი, ვინც დაბრუნდა და უცხოეთში შეძენილი ქონება საქართველოს მოახმარა. ბიძინა ივანიშვილი, ბადრი პატარკაციშვილი, ლევან ვასაძე, რომან ფიფია, ბესო ჩიხრაძე... შემეშველეთ, მეტს ვეღარ ვიგონებ... ბოლო პერიოდში მომხდარი მოვლენების გამო მამლუქის ფრაზებივით წამომივიდა სიტყვები კალმიდან:
ვინ შეიძინა გაკოტრებული თბილისის „დინამო“ და დაღუპვას გადაარჩინა?
ფიფიამ!
ვინ გაარემონტა დანგრევამდე მისული დიღმის ბაზა და რონალდუს და შევჩენკოს ათქმევინა - ფანტასტიკა?
ფიფიამ!
ვინ დაუნიშნა 40 ღვაწლმოსილ თბილისის დინამოელს ყოველთვიური პენსია (საქართველოს მოქალაქის პენსიაზე ორჯერ მაღალი!)?
ფიფიამ!
ვინ იხსნა დანგრევისგან (ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით) ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამოს“ სტადიონი და ახალი სული შთაბერა?
ფიფიამ!
ვინა დააარსა თბილისის „დინამოს“ აკადემია და ვიტალი დარასელიას სახელი უწოდა?
ფიფიამ!
ვინ გადაუხადა „დინამოს“ თასების თასის მოპოვების 30 წლისთავის ბრწყინვალე იუბილე, ამ პრიზის ორჯერ მომპოვებელ კიევის დინამოელებს ერთხელაც რომ არ ღირსებიათ?
ფიფიამ!
ვინ გადადგა ჩვენგან ყველაზე დიდი ნაბიჯი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების გაუმჯობესებაში (რუსეთის ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვანი გუნდის - მოსკოვის „დინამოს“, და შესაბამისად, მოსკოვური კლუბის ძალიან გავლენიანი მფარველების ჩამოყვანას ვგულისხმობ)?
ფიფიამ!
ჰოდა, ამ ერთი თვის წინ „დინამოს“ საბჭომ ყოფილი დინამოელების ხელმოწერით, რომან ფიფიას სასამართლოში უჩივლა - დიღმის ბაზა წაგვართვაო... ფიფიას უჩივიან მაშინ, როცა გაპარტახებულ ბაზაში 600000 გადაიხადა, როცა კლუბსა და ინფრასტრუქტურას 65 მილიონი ლარი დაახარჯა!!! დანგრევას გადაარჩინა „დინამოს“ სტადიონი, დააარსა ვიტალი დარასელიას სახელობის აკადემია, გაარემონტა დიღმის ბაზა... თან არ დაგავიწყდეთ, დიღმის ბაზის დაყადაღება ხდება მოსკოვის „დინამოს“ ჩამოსვლამდე 2 დღით ადრე, მაშინ, როცა ჩვენი „დინამო“ გაცხოველებული ემზადება უეფას თამაშისთვის...
ჰოდა, მინდა ვკითხო „დინამოს“ საბჭოს (ვიცი, ბევრ ფეხბურთელს მოტყუებით მოაწერინეს ხელი და მათ ეს დაადასტურეს):
სინდის-ნამუსი გაქვთ?
სფფ-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი მამუკა კვარაცხელია
რედაქციისგან: რედაქცია დაუთმობს ვებგვერდის სივრცეს პოზიციის დაფიქსირების მსურველებს, მათ შორის "დინამოს" საბჭოს წარმომადგენლებს









