ჯაბა კანკავას 18 მარტს იუბილე ჰქონდა, 26 წლის გახდა. ჯაბა ის ფეხბურთელია, რომელიც 2008 წლის გაზაფხულიდან მოყოლებული, ორი წლის განმავლობაში მოწყვეტილი იყო თამაშს, ტრავმები არ ასვენებდა და შესაძლოა, მის ადგილზე ბევრს კარიერაც კი დაესრულებინა. თუმცა ეს საშინელი პერიოდი უკან დარჩა და დღესდღეობით კანკავა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ერთ-ერთი წამყვანი ნახევარმცველია.
ქართველ საყრდენს უკრაინის პრემიერლიგაშიც კარგი პრესა აქვს, "კრივბასის" ერთ-ერთი ლიდერია და მისმა გუნდმა პირველი წრე მშვენივრად ჩაატარა, თუმცა ბოლო შეხვედრებში აგებს და მეხუთედან მეცხრე ადგილამდე დაქვეითდა.
"მსოფლიო სპორტი" კანკავას უკრაინაში დაუკავშირდა და საუბარი საკლუბოს გარდა, სანაკრებო თემასაც შეეხო:
- რაც უკრაინის პრემიერლიგა განახლდა, ქულა არ აგიღიათ. რატომ დაგეწყოთ ჩავარდნა?
- ცუდია, რომ ასე დავიწყეთ, მაგრამ ვფიქრობ, ეს დროებითია და ყველაფერი გამოსწორდება. უბრალოდ, ერთმანეთს მიეწყო უიღბლო თამაშები.
- რა მიზანი აქვს "კრივბასს" ამ სეზონში?
- სანამ ჩემპიონატი დაიწყებოდა, ათეულში შესვლა დაგვისახეს მიზნად, მაგრამ პირველი წრე ძალიან კარგად ჩავატარეთ და მეხუთეზე დავამთავრეთ. ამიტომ, სხვა ამბიციები გაჩნდა.
- ანუ, ევროპის ლიგაში მოხვედრა?
- დიახ. თუმცა, ამ ბოლო სამმა წაგებამ ძველ მიზნებში დაგვაბრუნა.
- მეხუთეადგილოსანი "ტავრია" მხოლოდ 4 ქულით გისწრებთ...
- ამიტომაც ვიბრძოლებთ მეხუთე ადგილისთვის. შანსი გვაქვს.
- ისე, წინა წლებთან შედარებით, უკრაინის პრემიერლიგის საშუალო დონემ თუ აიწია? "შახტარი", "დინამო" და "მეტალისტი" საკმაოდ ძლიერები არიან, მაგრამ სხვა გუნდები კონკურენციას თითქოს ვერ უწევენ...
- საშუალო გუნდებშიც არის წინსვლა. მოდიან ახალი ფეხბურთელები, დიდი ფული იხარჯება, ინფრასტრუქტურულად ვითარდებიან. ყველა კლუბს აქვს საიმისო ბიუჯეტი, რათა განვითარდეს და უკეთესი შედეგი აჩვენოს. რუსეთის პრემიერლიგას ვერ შევადარებ, მაგრამ დონე უკრაინაშიც მაღალია.
- "დნიპროს" ფეხბურთელად ითვლებით და "კრივბასში" განათხოვრებით ხართ. რას აპირებთ სეზონის დასრულების შემდეგ?
- არ ვიცი, მანამდე რა მოხდება, მაგრამ სანამ ხუანდე რამოსი იქნება "დნიპროს" მწვრთნელი, არ გადავალ.
- რატომ?
- ტრავმის შემდეგ, ახალი დაწყებული მქონდა თამაში და ჩემზე თქვა, არ მინდა ეს ფეხბურთელიო. სადაც მუდმივად ვთამაშობ, იქ მირჩევნია ყოფნა.
- თუმცა, "დნიპრო" გაცილებით სახელიანი გუნდია და თანაც, არავინ იცის, რამოსი ზაფხულიდანაც იქ იქნება თუ არა...
- დიახ, სახელიანია, მაგრამ მირჩევნია, იქ ვითამაშო, სადაც მეტად გაფასებენ და ნაკლები არეულობაა. "დნიპროში" ისე ხდება, რომ ხშირად მწვრთნელი იცვლება, ფეხბურთელებიც სულ მიდიან და მოდიან.
- "დნიპროსთან" კონტრაქტი როდემდე გაქვთ?
- 2014 წლის ბოლომდე. შარშან გავაფორმე სამწლიანი.
- ევროპის სხვა ქვეყნებიდან თუ გქონიათ რეალური წინადადება?
- კონკრეტული და გადაწყვეტილი არა. საქმე ასე იყო: ევროპიდან გუნდი დაინტერესდა და ცოტა ხანი უნდა მომეცადა, "დნიპროსთან" არ უნდა გამეფორმებინა კონტრაქტი და მათ უნდა დავლოდებოდი. 100-პროცენტიანი წინადადება რომ გაქვს, სხვაა, მაგრამ როცა გეუბნებიან, დაგვაცადე და ვნახოთო, ეს უკვე ნაკლებად რეალურია. "დაიცადე" ნიშნავს, რომ ან გამოვა, ან არა. ზოგჯერ მესმის ხოლმე, უკეთეს კლუბში გადასვლის ამბიცია არ აქვსო. კონკრეტული წინადადება რომ ყოფილიყო, რა თქმა უნდა, უკეთეს ჩემპიონატში და უკეთეს კლუბში წავიდოდი. ჩემი თავის მტერი კი არ ვარ.
- ძველ ტრავმაზე მინდა გკითხოთ. ძალიან ხომ არ განიცდით, რომ ორი წელი დაგეკარგათ? ანუ, ფსიქოლოგიურად ხომ არ იმოქმედა?
- ფსიქოლოგიური პრობლემა არაა. ცუდია, რომ ამდენი დრო გამიცდა, მაგრამ 70-80 პროცენტი აღდგენილი მაქვს. მომავალზე ვფიქრობ და ყველა თამაშში ვცდილობ, მაქსიმუმი გამოვავლინო.
- ალბათ, საკუთარი მაგალითით, ლევან ყენიასაც აგულიანებთ. მას თქვენზე ბევრი დრო გაუცდა...
- ძალიან გამიხარდა, რომ ალბანეთთან მატჩში ჩვენთან ერთად იყო. დიახ, აი, ყენია ზუსტად გეტყვით, თუ როგორია ასეთი ტრავმის შემდეგ თამაშის დაწყება.
- საკუთრივ ალბანეთთან თამაშზეც: ზოგადად როგორ შეაფასებდით?
- პირველი ტაიმი ცუდი იყო, რაც ადრე გაშვებულმა გოლმა გამოიწვია. მეორე ტაიმი კი, თავადაც ნახეთ, სულ ვუტევდით და ორი გოლი გავიტანეთ.
- უშუალოდ თამაშში რა პოზიტივი დაინახეთ?
- ყველაზე კარგი ის იყო, რომ შემტევ ხაზში ბევრი ფეხბურთელი გვყავს, ვისაც მწვავედ და სწრაფად თამაში შეუძლია. თანაც, ახალგაზრდები არიან.
- პირველ ტაიმში ორი საყრდენი იყავით მინდორზე, შესვენებაზე კი, თემურ ქეცბაიამ მურთაზ დაუშვილი შეცვალა და ფაქტობრივად, მარტო დარჩით, რადგან სანდრო კობახიძე მთლიანად შეტევაზე იყო მიმართული. არ გაგიჭირდათ, ერთადერთ საყრდენად რომ დარჩით?
- არ გამჭირვებია, რადგან ვუტევდით და თამაში წინ იყო. აი, ალბანელებს რომ ჰქონოდათ უპირატესობა, მაშინ გამიჭირდებოდა. მწვრთნელმა სწორი გააკეთა. იმაზე არაა ლაპარაკი, მე გამიყვანდა თუ დაუშვილს. მთავარია, რომ უფრო მეტი შემტევით ათამაშა გუნდი და ამან შედეგი გამოიღო.
- გეთანხმებით. ანუ, გამოჩნდა, რომ საქართველოს ნაკრებს პირველ ნომრად თამაში შეუძლია – თუნდაც ალბანეთის დონის გუნდთან?
- დიახ, შეუძლია. ვიმეორებ, კარგი შემტევები გვყავს და შესაბამისად, კარგი ფეხბურთის თამაში შეგვიძლია.
ილია ნანობაშვილი







