ჭიდაობა

19:20 | 22.09.2010 | ნანახია [] - ჯერ

ჯაჭვური რეაქცია - ძიუდოს ფედერაციაში ატეხილი ხმაური ჭიდაობას გადაედო

დღეს, საქართველოს ჭიდაობის ფედერაციაში გაიმართა აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა, რომლის დღის წესრიგის მთავარი საკითხი განვლილი სეზონის შეჯამება იყო, განსაკუთრებული აქცენტი ბოლო მსოფლიოს ჩემპიონატზე გაკეთდა, სადაც საქართველოს ნაკრებები წარუმატებლად გამოვიდნენ.  ჯამში, ბერძნულ-რომაულმა და თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ამათგან ორივე თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა აიღეს, ხოლო ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები საერთოდ უმედლოდ დარჩა.
შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ცხადი იყო, რომ აღმასკომის სხდომა მწვავე კამათში ჩაივლიდა, საბოლოო ჯამში ასეც მოხდა. სხდომა ხმაურით დაიწყო და პირველი მთავარი მოქმედი გმირი აღმოჩნდა ლეგენდარული ქართველი მოჭიდავე რომან რურუა, რომელიც ჭიდაობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე მუშაობდა. რურუას განცხადებით, იგი მიიწვიეს მოსკოვში, სადაც მისთვის უნდა გადაეცათ სპეციალური ჯილდო მოჭიდავისთვის, რომელმაც განსაკუთრებული კვალი დატოვა მსოფლიოს ჭიდაობის ისტორიაში. თუმცა, რურუა ამბობს: “ჭიდაობის ფედერაციის მესვეურებმა და კონკრეტულად გენერალურმა მდივანმა ეს მოწვევა დამიმალეს, არ გამაგებინეს, შესაბამისად ამ ჯილდოს გარეშე დავრჩი”. ამიტომ, ჯილდოზე, რომელიც ქართულმა დელეგაციამ ჩამოიტანა მოსკოვიდან და აღმასკომზე უნდა გადაეცათ რურუასთვის, მან უარი თქვა და პროტესტის ნიშნად ჯერ აღმასკომის სხდომა დატოვა, ხოლო შემდეგ დაკავებული თანამდებობა.
რურუას ბრალდებას უპასუხა ჭიდაობის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა მალხაზ ჯორბენაძემ: “თავიდან, როცა რურუა დაინიშნა ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე, მან საკმაოდ აქტიურად დაიწყო მუშაობა, თუმცა შემდეგ გარკვეული კონფლიქტები და უთანხმოებები ჰქონდა სხვა თანამშრომლებთან. იგი თავის თავს ვერ პოულობს ჭიდაობის ფედერაციაში. ამის გამო გაწყვიტა კონტაქტი და აღარ ერეოდა ფედერაციის საქმიანობაში. შესაბამისად, აღარ პასუხობდა ჩემს ზარებს.”
ჯორბენაძისვე თქმით, იგი შეიძლება დამნაშავეა, რომ კარგად არ მოძებნა რურუა და არ გააგებინა მოსკოვში მიწვევის შესახებ, მაგრამ არგუმენტად მოიყვანა ის, რომ რურუას მოძებნის გარდა, მას უამრავი საქმე ქონდა მოსაგვარებელი, რაც ტრადიციულად ევროპის, მსოფლიოს ჩემპიონატების და სხვა დიდი ტურნირების წინ ეკისრება გენერალურ მდივანს.
ამის შემდეგ სიტყვით გამოვიდა ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი კახა გეწაძე, რომელმაც მოკლედ შეაფასა განვლილი სეზონი და არადამაკმაყოფილებელი უწოდა, იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო ტურნირებში საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრებები ცუდად გამოვიდნენ.
გეწაძის შემდეგ სიტყვა მიეცათ ნაკრებების მთავარ მწვრთნელებს, პირველი, ტრიბუნასთან გამოვიდა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ბეგი დარჩია, რომელმაც მიმოიხილა გუნდის მზადების პროცესი, ისაუბრა წარუმატებლობაზე, ტრავმებზე, რომლებიც ქართველ სპორტსმენებს თან სდევდათ. თუმცა, ეს აშკარად არ იყო გასასამართლებელი საბუთი შექმნილ სიტუაციაში, რაზეც კიდევ ერთხელ მიუთითა ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა და თქვა, რომ სიტუაცია ძალიან რთულია, ყველა პრობლემაზე უნდა ვისაუბროთ ხმამაღლა და დავსახოთ გზები, როგორ გამოვიდეთ შექმნილი მდგომარეობიდანო.
დიდი ხმაური მოყვა დარბაზში ბეგი დარჩიას გამოსვლას, რადგან აღმასკომის წევრები და სხვა დამსწრენი ალაპარაკდნენ სპორტსმენების არაჯანსაღ დამოკიდებულებაზე საწვრთნელი პროცესების მიმართ - ანუ ისინი ხშირად არღვევენ რეჟიმს, გადართულები არიან თავინთ პირად საქმიანობაზე და სპორტი უკანა პლანზე აქვთ გადაწეულიო. ამ საკითხებმა გამოიწვია ძალიან დიდი ხმაური, რომელიც კინაღამ ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა - ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი დავით გობეჯიშვილი და სახელოვანი მოჭიდავე ლუკა კურტანიძე. საბედნიეროდ, ინციდენტი მალევე აღმოიფხვრა. ლუკა კურტანიძეს ამ ყველაფერთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია, დავით გობეჯიშვილმა კი, მედიასთან თავი ასე იმართლა - ჩვენც ადამიანები ვართ, ჩვენც ნერვები გვაქვს და ხანდახან თავს ვერ ვთოკავთო და ბოდიში მოიხადა დამსწრე საზოგადოების წინაშე.
ბეგი დარჩიას შემდეგ აღმასკომმა მოუსმინა თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ზაზა თურმანიძეს. მანაც მოკლედ შეაჯამა განვლილი ჩემპიონატი. თქვა, რომ ძალიან მტკივნეული პროცესი იწყება საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებში, ვინაიდან თაობათა ცვლის დრო დგება. მანვე დასძინა, რომ ეს ორი ბრინჯაოს მედალი, მართალია, ვერ ჩაითვლება დამაკმაყოფილებელ შედეგად და არ შეილება მწვრთნელები და სპორტსმენები კმაყოფილები იყვნენ, მაგრამ ამ ორი მედლიდან ერთ-ერთი ახალგაზრდა სპორტსმენმა,  ლევან ბერიანიძემ აიღო, რომლის დებიუტიც მოსკოვში შედგა და ეს ფაქტი ძალიან ახარებს, თუმცა, იქვე აღნიშნა, რომ მდგომარეობა რთულია და ძალიან ბევრი რამეა გამოსასწორებელი.
სხდომას ესწრებოდა ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი გია ნაცვლიშვილი, რომელმაც მოითხოვა ჭიდაობის ფედერაციისგან კოორინირებული და კონცენტრირებული მუშაობა, მწვრთნელების მაქსიმალური ყურადღება და მობილიზება, რათა სათანადო ყურადღება მიექცეს სპორტსმენების რეჟიმის დაცვას. მან ასევე განაცხადა, რომ აუცილებლად უნდა შეხვდეს ფედერაციის ხელმძღვანელებს და მწვრთნელებს ცალკე სამუშაო გარემოში, სადაც მათ თავის რეკომენდაციებს გააცნობს - მხოლოდ ასეთი კოორდინირებული მუშაობით თუ შევძლებთ მდგომარეობის გამოსწორებასო.
დასკვნითი სიტყვა წარმოსთქვა ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა კახა გეწაძემ, მან კიდევ ერთხელ დააფიქსირა საკუთარი აზრი და განვლილ სეზონს უწოდა არადამაკმაყოფილებელი. თუმცა, ამგვარი შეფასების მიუხედავად, ბეგი დარჩია და ზაზა თურმანიძე თანამდებობებიდან არ გაუთავისუფლებიათ, მათ მომავალ ევროპის ჩემპიონატამდე მისცეს შანსი და სწორედ იქ ნაჩვენებ შედეგზე იქნება დამოკიდებული გააგრძელებენ თუ არა მუშაობას მწვრთნელები. ასევე, ჭიდაობის ფედერაციაში შემუშავებულია 17-პუნქტიანი გეგმა, რომელსაც ყველა მწვრთნელი უნდა მიჰყვეს და შეასრულოს. მათი შეუსრულებლობის შემთხვევაში, მწვრთნელებს საკმაოდ მკაცრი სანქციები ელით, რაც ალბათ, გამოიხატება თანამდებობის დატოვებით.
ჭიდაობის ფედერაციის ხმაურიანი აღმასკომი მშვიდად დასრულდა და შეგახსენებთ, რომ რომან რურუას წასვლის შემდეგ ვაკანტური დარჩა ჭიდაობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის ერთი თანამდებობა.

 

ეკა ელოშვილი
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.096467