უჟგოროდის “ჰოვერლა-ზაკარპატიას” ფორვარდი ლაშა ჯაკობია ინტერნეტ-გამოცემა football.ua-ს ვერსიით უკრაინის პირველი ლიგის 28-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. ჯაკობია, რომელსაც მყესის ტრავმის გამო გარკვეული პერიოდი გაუცდა, მოედანს “ოდესასთან” მატჩში დაუბრუნდა და 52-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა, მეტოქის კარი ჯერ 72-ე წუთზე აიღო, ხოლო შემდეგ – 77-ეზე.
“აღსანიშნავია გამოცდილი ქართველი ფორვარდის შეცვლაზე საუცხოო შესვლა. ვერ იტყვი, რომ ლაშა ვეტერანის ასაკშია. ეს სათქმელი არც არის, რადგან არა პასპორტშია ჩახედვა საჭირო, არამედ ლიგის ბომბარდირების სიაში, სადაც ჯაკობია ლიდერ კოსირინთან შორიახლოსაა”, – იუწყება football.ua ჯაკობიას შესახებ.
კიდევ ერთმა უკრაინულმა ინტერნეტ-გამოცემა ua-football.com-მა მიმდინარე სეზონში 10 გოლის გამტან ჯაკობიას ინტერვიუ ჩამოართვა.
- ლაშა, რამ იმოქმედა, რომ განვლილი მატჩი ფეერიულად ჩაატარეთ – ტრავმით გამოწვეულმა ხანგრძლივმა პაუზამ თუ ამ შეხვედრისთვის დამატებით მოტივირებული იყავი?
- საკუთარ თავს ყოველი მატჩისთვის განვაწყობ ხოლმე. ზოგჯერ კარგად ვთამაშობ, ზოგჯერ არა. “ოდესას” წინააღმდეგ მთელმა გუნდმა კარგად ითამაშა.
- როდესაც მეოთხე გოლი გაგქონდა, საკუთარ მეურვეს ისე გაექეცი, თითქოს ველოსიპედზე იჯექი, ხოლო ის დაწევას ფეხით ცდილობდა...
- არაფერი განსაკუთრებული, ცოტა გავირბინე და თან გოლიც გავიტანე.
- ახლა ზედიზედ ორი საშინაო მატჩი გელით – “ოლიმპიკთან” და სატურნირო ცხრილში უშუალო კონკურენტ ზაპოროჟიეს “მეტალურგთან”. მეტოქეებს როგორ შეაფასებდი, მიუხედავად იმისა, რომ ერთი ლიგის დებიუტანტია, ხოლო მეორე პრემიერლიგის საგზურისთვის ბრძოლაში თქვენი უშუალო კონკურენტი?
- “ოლიმპიკი” დებიუტანტი კი არის, მაგრამ კარგ ფეხბურთს აჩვენებს. “მეტალურგი” პირველი ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. ვფიქრობ, საინტერესო ფეხბურთს ვიხილავთ, განსაკუთრებით ზაპოროჟიელებთან შეხვედრაში. შევეცდებით, მომავალ ორ თამაშში ქულათა მაქსიმუმი დავაგროვოთ.
ლაშა თაბაგარი







