იტალიის ნაკრების კაპიტანი - ჯანლუიჯი ბუფონი მრავლისმნახველი ადამიანია. ახლაც მთელი პასუხისმგებლობით ემზადება ინგლისელებთან მეოთხედფინალური მატჩისთვის. მანამდე კი, უეფას ოფიციალურ ვებგვერდს საინტერესო საკითხებზე ესაუბრა.
- ექვსი წლის წინათ მსოფლიოს ჩემპიონები გახდით. როგორ ფიქრობთ, შეძლებთ კიდევ ერთი მწვერვალის დალაშქვრას?
- რა თქმა უნდა. ჩინებული გუნდი გვყავს, სადაც ერთიანობა და ურთიერთგაგება სუფევს. თუმცა, ბოლო 4 წელია, ერთი ნაკრები სხვებზე გაცილებით ძლიერია - ესპანელებს ვგულისხმობ. ამ ტურნირზეც ესპანეთი მთავარი ფავორიტი მგონია, ხოლო იტალია ის გუნდია, ვისაც შეუძლია ყველაზე მეტი წინააღმდეგობა გაუწიოს მათ.
- ინგლისის ნაკრების სიძლიერე რაშია?
- ინგლისელებს ყოველთვის ჰყავთ ინდივიდუალურად ძლიერი მოთამაშეები. ბოლო წლებში მათ არაფერი მოუგიათ, მაგრამ, ვფიქრობ, აქ მთავარი ფაქტორი უიღბლობაა. რამდენიმე შემთხვევაში ისინი პენალტების სერიაში დამარცხდნენ. ახლაც არაერთი მსოფლიო კლასის ფეხბურთელი ჰყავთ. მაგალითად: ჯონ ტერი, ეშლი კოული, უეინ რუნი და სტივენ ჯერარდი. ინგლისელებს დიდ პატივს ვცემთ და გვესმის, რომ ძალიან რთული მატჩი გველის.
- როგორ წარიმართება ინგლისთან მატჩი?
- ალბათ, თანაბარი თამაში იქნება, რადგან ორივე გუნდი დაახლოებით ერთ სტილში თამაშობს. საერთოდ, მნიშვნელობა არ აქვს, ვის ვეთამაშებით. როცა ძლიერებს ვუპირისპირდებით, ჩვენც სათანადო დონეზე ვმოქმედებთ, აი სუსტებთან კი, ხშირად კონცენტრირება გვიჭირს ხოლმე. მოკლედ, ყოველთვის ბრძოლა გვიწევს. კვირას კი, არ მგონია, რომელიმე გუნდს უპირატესობა ჰქონდეს.
- ინგლისელები ამბობენ, რომ შესაძლოა, საქმე პენალტებამდეც მივიდეს. მზად ხართ?
- თუ თავიდანვე იფიქრებთ, როგორ წარიმართება მატჩი, არაფერი გამოვა. ვნახოთ. პენალტების სერია ძველი ტრადიციაა და ყველა კარგი გუნდი მისთვის წინასწარ ემზადება. აქ წარმატების მისაღწევად, საჭიროა მტკიცე ხასიათი, ტექნიკა და ფსიქოლოგიური მდგრადობა. ამიტომ, ჩვეულებრივ, 11-მეტრიანებში უფრო ღირსეული იმარჯვებს ხოლმე.
- რას იტყვით ინგლისელთა მეკარე ჯონ ჰარტზე?
- ჰარტი, მანუელ ნოიერთან, უგო ლიორისთან და ჩვენს სალვატორე სირიგუსთან ერთად, უბრალოდ პერსპექტიული, იმედისმომცემი მეკარე კი არა, უკვე ჩამოყალიბებული, მაღალი დონის მოთამაშეა, რომელსაც დიდი წვლილი შეაქვს თავისი გუნდის წარმატებაში.
მოამზადა სოლომონ გულისაშვილმა









