იტალიელ ფეხბურთელთა ასოციაციის გადაწყვეტილებამ გაფიცვის მოწყობის თაობაზე, მთელი იტალია ჩააფიქრა. ამიტომაც არაა გასაკვირი, Sky Sport 24-ის კორესპონდენტი ტურინის “იუვენტუსის” მეკარე ჯანლუიჯი ბუფონს, დიალოგისას პირველ კითხვას, სწორედ 11-12 დეკემბერს მოსალოდნელ გაფიცვასთან დაკავშირებით უსვამს.
- რას გვეტყოდით იტალიელ ფეხბურთელთა ასოციაციის გადაწყვეტილებაზე 11 და 12 დეკემბერს გაფიცვის გამოცხადების თაობაზე?
- გაფიცვა პროტესტის უკიდურესი ფორმაა, რომელსაც ადამიანთა ჯგუფმა იშვიათ შემთხვევაში უნდა მიმართოს. ფეხბურთელებს სხვა სახითაც შეუძლიათ თავიანთი უთანხმოების გამოხატვა. ერთი რამ ცხადია, მოთამაშეები ერთსულოვნები არიან საკუთარი უფლებების დასაცავად, მაგრამ ამან, ფეხბურთი და კალჩოს მთლიანი სისტემა არ უნდა აზარალოს.
- გთხოვთ, საკუთარი პოზიცია ნათლად გამოსახოთ – ემხრობით თუ არა გაფიცვას?
- პირადად მე, დიალოგს ვუჭერ მხარს და რთული საკითხების მოლაპარაკების გზით გადაჭრას. ასოციაციის პრეზიდენტი ბერეტა მართალია, როდესაც ერთიანი წესების შემუშავებას ითხოვს, რაც იტალიურ ფეხბურთს უფრო მაღალ დონეზე აიყვანს. ვფიქრობ, სასწრაფოდ დიალოგის დაწყებაა აუცილებელი. ისე, თუკი გაფიცვა მაინც შედგა, გულშემატკივრები მოთამაშეებს გაუგებენ – ფეხბურთელები ხომ საკუთარ უფლებებს იცავენ.
- როგორ გგონიათ, ფეხბურთელები მასობრივად მიმართავენ პროტესტის ამ ზომას?
- ჩემი აზრით, კი. ძალიან დიდი მნიშვნელობა მიენიჭება ჟურნალისტების პოზიციას. თუკი, მასმედიელები იმაზე გაამახვილებენ ყურადღებას, თითქოს ფეხბურთელები მხოლოდ საკუთარ ფინანსურ კეთილდღეობაზე ზრუნავენ, დისონანსსა და დაძაბულობას შეიტანენ ქომაგებსა და მოთამაშეებს შორის. ამავდროულად, პრობლემის არსი მიიჩქმალება.
- “სკუადრა აძურას” და “იუვენტუსის” გულშემატკივრები მოუთმენლად ელიან თქვენს მინდორზე დაბრუნებას. ადრეულ ინტერვიუებში აცხადებდით, კარის დაცვას იანვრიდან განვაახლებო...
- ოპერაციის შემდგომი აღდგენითი პროცესი კარგად მიდის. გრაფიკს 2-3 კვირით ვასწრებთ კიდეც. ხუთთვიანი უქმობის შემდეგ კი, დაბრუნება უმტკივნეულოდ არ ჩაივლის. ბურთთან თავიდან გაშინაურებას დროის გარკვეული პერიოდი დასჭირდება. ისე კი, “იუვე” უჩემოდაც არ გამოიყურება ურიგოდ, რაც უპირველესად, ლუიჯი დელ ნერის დამსახურებაა.
- როგორ მოგწონთ მისი ვარჯიშები?
- დელ ნერი თანმიმდევრულად მიჰყვება საქმეს. მან ფეხბურთელთა პატივისცემა დაიმსახურა. ჩვენ საწვრთნელ ბაზაზე ვინოვოში, სათანადო საფეხბურთო ატმოსფეროა. მონდომებით ვვარჯიშობ და 2011 წლის იანვარში თამაშს განვაახლებ. შესაძლოა, “იუვეს” კარი უკვე მომავალი თვის დასაწყისშიც დავიცვა.
- გაზეთები ჯიუტად წერენ, ჯიჯი ბუფონი ტურინიდან წავაო...
- ერთხელ და სამუდამოდ ვაცხადებ – “იუვენტუსში” ვრჩები! კლუბთან კონტრაქტი 2013 წლის ივნისამდე მაქვს ხელმოწერილი და ამ ვადის ამოწურვამდე “იუვეში” ვითამაშებ. გამოგიტყდებით და ამ ხელშეკრულების გახანგრძლივებასაც ვაპირებ.
- სკუდეტოსთვის ბრძოლის ფავორიტად რომელ გუნდს მიიჩნევთ?
- “მილანს”.
მოამზადა გოჩა კაჭარავამ









