მას შემდეგ რაც დასავლეთლონდონური “ჩელსი” რომან აბრამოვიჩმა იყიდა, გუნდის მწვრთნელების უპირველესი ამოცანა ჩემპიონთა ლიგის თასის მოპოვებაა. ჯერჯერობით, “არისტოკრატები” ჩუკოტკელი მილიარდერის “დავალებას” ვერ ასრულებენ, ბოლო დამრიგებელი კი, რომელმაც სტემფორდ ბრიჯელებს ევროთასი მოაგებინა, ჯანლუკა ვიალია. გუნდის იტალიელმა მოთამაშე-მწვრთნელმა 1998 წელს “ჩელსი” თასების თასის ფინალში გაიყვანა, სტოკჰოლმის “რასუნდას” სტადიონზე კი ვიალიმ “შტუტგარტის” წინააღმდეგ “შეგირდებთან” ერთად ითამაშა. “ჩელსიმ” გერმანელი მოწინააღმდეგე კიდევ ერთი აპენინელის, ჯანფრანკო ძოლას გოლით დაამარცხა, ჯანლუკას სამწვრთნელო კოლექციაში კი მალე ბინა ევროპის სუპერთასმაც დაიდო. 2001 წელს ვიალი კიდევ ერთ ლონდონურ გუნდს “უოტფორდს” ჩაუდგა სათავეში, მომდევნო წლიდან კი აქტიურ საფეხბურთო ცხოვრებას ჩამოშორებულია.
- სინიორ ჯანლუკა, თქვენი წიგნი “ცხოვრება და მუშაობა იტალიაში” უჩვეულოდ გვეჩვენა. მასში ავტობიოგრაფიულ ცნობებს ნაკლებად წავაწყდებით, სამაგიეროდ უხვადაა მოცემული ინგლისურ და იტალიურ ფეხბურთს შორის განმასხვავებელი ნიშნები...
- არ მიყვარს პირად თემებზე საუბარი და მითუმეტეს, წერა. აბა, რა უნდა მომეთხრო მკითხველისთვის ავტობიოგრაფიული სახის ნაშრომში? რა გრძნობა მეუფლებოდა მნიშვნელოვანი მატჩის წინ? საინტერესოს ვერაფერს ვიტყვი. ჰკითხეთ ნებისმიერ მსახიობს, რას ფიქრობს პრემიერის წინ. ყველასგან ერთსა და იმავე პასუხს მოისმენთ – ვნერვიულობ და ძალიან მინდა მაყურებელს ჩემი როლი მოეწონოსო. ასევეა ფეხბურთშიც. ნებისმიერ მატჩის წინ ჩემგან ტრივიალურ პასუხს მიიღებდით, კარგი თამაშისა და მოგებისთვის თავს არ დავზოგავ. კარგა ხნის განმავლობაში მომიწია ასპარეზობა როგორც იტალიაში ასევე ინგლისში. ამიტომაც გადავწყვიტე ამ ქვეყნების ფეხბურთის, მოთამაშეთა მენტალიტეტის, მსაჯების, სპორტული გამოცემების, გულშემატკივრების შედარებითი ანალიზი გამეკეთებინა. წიგნი ფულის “გაკეთების” მიზნით არ დამიწერია. მინდოდა, რაიმე სასრგებლო გამეკეთებინა და მგონი, მოვახერხე კიდეც. ჩემს ნააზრევთან ერთად, ნაშრომში არსენ ვენგერთან, ჟოზე მოურინიოსთან, მარჩელო ლიპისთან, ფაბიო კაპელოსთან დიალოგის დეტალები და ამ ავტორიტეტულ სპეცილისტთა თვალსაზრისი გავაცანი მკითხველთა ფართი წრეს. დიდწილად, ჟურნალისტის ფუნქციაც შევითავსე. წიგნის ნაწილს ხომ ინტერვიუს ფორმა აქვს.
- ინგლისურ პრემიერლიგასა და იტალიურ სერია A-ს შორის რა პრინციპულ სხვაობას ხედავთ?
- ინგლისელთათვის ფეხბურთი თამაშია, იტალიელთათვის – სამუშაო. აქედან გამომდინარეობს ის განსხვავება, რომელიც მათ შორის არსებობს. იტალიური ფეხბურთი რაციონალურია, ინგლისში კი როგორც მინდორზე, ასევე ტრიბუნებზე ვნებები დუღს. კონსერვატიული ხასიათიდან გამომდინარე, ალბიონელებს ცვლილებები არ უყვართ, ამიტომაც მწვრთნელად გახდომა გამოცდილ ფეხბურთელს ერთ საღამოში შეუძლია. აპენინებზე კი სხვაგვარი მდგომარეობაა. დღეს ბუცი ლურსმანზე დაკიდო და ხვალიდან რომელიმე გუნდის დამრიგებლობას შეუდგე, არარეალურია. იტალიაში წარმატებული სამწვრთნელო კარიერისთვის დიდხნიანი მოსამზადებელი და სასწავლო პერიოდის გავლაა საჭირო. ნახევარკუნძულზე უდიდესი ყურადღება ეთმობა სხვადასხვაგვარი ტაქტიკური სქემების შემუშავებას. თუკი იტალიაში მწვრთნელობას აპირებ, სათანადო ლიტერატურის კარგად შესწავლისა და დამუშავების გარეშე არაფერი გამოგივა. გულშემატკივარს რაც შეეხება, ინგლისში მაყურებელი კმაყოფილი რჩება, თუკი ფეხბურთელები მატჩის მსვლელობისას ბოლომდე დაიხარჯნენ. ამ დროს ისეც ხდება, მათი საყვარელი გუნდი ვერ იგებს, დაბალ დივიზიონშიც ვარდება, მაგრამ მოთამაშეებს მაინც ტაშს უკრავენ. ინგლისელთათვის უპირველესია ღირსების შენარჩუნება, იტალიაში კი აქცენტი მხოლოდ და მხოლოდ შედეგზე კეთდება და ამიტომაც წაგების შემდეგ სიტუაცია ხშირად კონტროლს არ ექვემდებარება.
- თავის დროზე ბევრ მწვრთნელთან გიმუშავიათ. ყველაზე მეტად რომელმა სპეციალისტმა მოახდინა თქვენზე ზეგავლენა?
- ძნელია ხელაღებით რომელიმე მათგანი გამოვაცალკევო... ძალიან ვემადლიერები ვუიადინ ბოშკოვს და მარჩელო ლიპის. სერბი ბოშკოვი ჩემი დამრიგებელი გენუის “სამპდორიაში” იყო. მაშინ ახალგაზრდა ვიყავი და ჩემს ფეხბურთელად ფორმირებში ვუიადინს დიდი როლი მიუძღვის. სინიორ მარჩელოსთან ერთად კი ტურინის “იუვენტუსში” მოწიფულ ასაკში მომიწია საქმიანობა. იმხანად კრიზისული პერიოდი დამიდგა და სირთულეების დაძლევაში ლიპი ძალიან დამეხმარა.
- მართალია, თითქოს “სამპდორიაში” თამაშის დროს თქვენ და რობერტო მანჩინი გასახდელში პარტნიორებს დარიგებას აძლევდით, სვენ გორან ერიქსონი კი ამ დროს გუნდის მხოლოდ ნომინალური მწვრთნელი იყო?
- ტყუილია. როდესაც გენუელთა სათავეში შვედი სპიციალისტი მივიდა, “სამპდორიადან” უკვე წასული გახლდით. ეს ხმა იმ პერიოდში გავრცელდა, როცა “სამპას” ბოშკოვი წვრთნიდა. მას კი სადამრიგებლო სადავეები ხელიდან არასდროს გაუშვია. სერბი მე და რობერტოს პატივს გვცემდა და ზოგიერთ საკითხზე გვეთათბირებოდა, მაგრამ საბოლოოდ მაინც ერთპიროვნულად იღებდა გადაწყვეტილებას.
- დროთა განმავლობაში ინგლისურ პრემიერლიგაში სულ უფრო და უფრო მცირდება ადგილობრივ ფეხბურთელთა ხვედრითი წილი. ბრიტანელთათვის ეს საგანგაში სიგნალად არ მიგაჩნიათ?
- არავითარ შემთხვევაში. ინგლისური ფეხბურთის შესაძლებლობებში ღრმად ვარ დარწმუნებული. კონტინენტიდან კუნძულზე ძლიერი მოთამაშეები ადგილობრივი ფეხბურთელების დასათრგუნად კი არ ჩადიან, არამედ მაღალი შედეგის მისაღწევად. ამით კი ინგლისელ მოთამაშეთა წინსვლა ოდნავადაც არ ფერხდება. პრემიერლიგაში უცხოელთა მოზღვავებას კი ობიექტური მიზეზი აქვს. მაგალიათად, პრემიერლიგის რომელიმე კლუბმა ჩემპიონშიპიდან მარცხენა მცველის აყვანა რომ მოიწადინოს, დაახლოებით 3 მილიონი გირვანქას გადახდა მოუწევს, იმავე დონის მოთამაშის საფრანგეთიდან ან იტალიიდან ჩამოყვანა კი სულ რაღაც 400-500 ათასი ჯდება. სწორედ ამიტომაც მცირდება ბრიტანელ ფეხბურთელთა რაოდენობა პრემიერლიგაში.
- აგერ უკვე 8 წელია პროფესიულ ფეხბურთში აღარ მოღვაწეობთ. “უოტფორდიდან” 2002 წელს წახვედით და მას შემდეგ მოყოლებული რას საქმიანობთ?
- მეგობარ მასიმო მაუროსთან ერთად ჩვენს მიერვე დაარსებულ საქველმოქმედო ფონდს ვუდგავარ სათავეში. ავთვისებიანი სიმსივნითა და ამიტროფული სკლეროზით გაწამებული ადამიანების მძიმე ხვედრის შემსუბუქებას ვცდილობთ. ბევრს, მათ შორის ფეხბურთელებსაც, დავეხმარეთ.
- ფონდის ფუნქციონირებისთვის საჭირო თანხას როგორ მოიპოვებთ?
- სახელოვან გოლფისტთა და ფეხბურთელთა მონაწილეობით საქველმოქმედო შეჯიბრებებს ვატარებთ. ხანდახან სხვადასხვა სახის გასართობ შოუებსაც ვუწევთ ორგანიზებას. მოგებიდან ერთ ცენტსაც კი არ ვიტოვებთ. 35 წლამდე ეგოისტი ვიყავი – მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობასა და საბანკო ანგარიშის გაზრდაზე ვზრუნავდი. ახლა კი დროა, სხვებზეც ვიფიქრო.
- სადღეისოდ ფეხბურთთან რა გაკავშირებთ?
- Sky Italia-ს ტელეარხის საფეხბურთო მიმომხილველი ვარ და როგორც მეუბნებიან, მაყურებელი ინტერესით მისმენს.
გოჩა კაჭარავა







