აბუ დაბიში მიმდინარე გრან-პრიზე დღეს ტატამზე შოთა ჯავახაძე გავიდა და საწყის ეტაპზევე დამარცხდა. 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ქართველი ძიუდოისტი წილისყრამ პირველ წრეში დაასვენა, საქმეში მერვედფინალიდან ჩაერთო და მესამე ნომრად განთესილ ბრაზილიელთან, მსოფლიოს რეიტინგსიის 33-ე ნომერ ვიქტორ პენალბერთან უშანსოდ წააგო. პენალბერმა 2 წუთსა და 11 წამში იპონით მოიპოვა მეოთხედფინალში ჭიდაობის უფლება.
დღესვე საქმეში 73 კილოგრამში მოჭიდავე ძიუდოისტებიც ჩაერთნენ, მაგრამ ამ წონის განაცხადი ქართველის გარეშე შეივსო.
დარჩენილ სამ წონით კატეგორიაში ჩემპიონ-პრიზიორები ხვალ გამოვლინდებიან. საქართველოს დროშის ქვეშ კი ზვიად გოგოჭური და ვარლამ ლიპარტელიანი იჭიდავებენ. გოგოჭური ტრადიციულად, 90 კილოგრამში გამოვა და გრან-პრის მერვედფინალით გახსნის, პორტუგალიელ რიკარდო ლოუროსთან შეხვედრით. გამარჯვების შემთხვევაში კი კანადელი ჯილომ ეფრაულტისა და კამერუნელი მარსელ ნჯიკის წყვილიდან გასულს დაუპირისპირდება. ვარლამ ლიპარტელიანი კი ამჯერად ერთი წონით მაღლა – 100 კილოგრამში მოსინჯავს ძალას. მართალია, პირდაპირ მეოთხედფინალით იწყებს, მაგრამ პირველივე მეტოქედ მსოფლიოს რეიტინგის მეორეადგილოსანი, რუსი სერგეი სამოილოვიჩი ერგო.
შეგახსენებთ საქართველოს ნაკრები აბუ დაბიში ხუთკაციანი, გადახალისებული შემადგენლობით ჩავიდა. გუნდის ძირითადი ბირთვი კი მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატისთვის ემზადება, რომელიც 27-28 ოქტომბერს ბრაზილიაში უნდა გაიმართოს.
ოთარ მაღლაკელიძე







