“მილანის” ყოფილმა და შვეიცარიის “სიონის” ამჟამინდელმა ნახევარმცველმა ჯენარო გატუზომ ინტერვიუ მისცა La Gazzetta dello Sport-ს და “როსონერიდან” აბარგების თაობაზე ისაუბრა.
- დღევანდელი გადასახედიდან თუ გააანალიზებთ მომხდარს, რამდენად სწორად მოიქეცით, “მილანი” რომ დატოვეთ?
- არ მინდოდა, გუნდისთვის ზედმეტი ტვირთი გავმხდარიყავი, ამიტომაც მიღებულ გადაწყვეტილებას არ ვნანობ. თავდაპირველად “მილანიდან” აბარგების შესახებ ჩემი სურვილი მხოლოდ მეუღლეს გავუმხილე. არცერთ თანაგუნდელთან ამის თაობაზე არ მისაუბრია. სეზონის დასრულებამდე ერთი თვით ადრე კი კლუბის ვიცე-პრეზიდენტ ადრიანო გალიანის შევხვდი და სამომავლო პერსპექტივაზე ვისაუბრეთ. მე დაუფარავად ვუთხარი, წასვლა რომ მსურდა. რამდენიმე წინადადება იტალიიდან მქონდა, მაგრამ მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი აპენინიდან წასვლა.
- თქვენ რა, სერიოზულად ფიქრობთ, რომ “მილანისთვის” ტვირთად იქეცით?
- წინა სეზონი ჩემთვის განსაკუთრებული გამოდგა. საფეხბურთო მინდორზე დაბრუნება სასწაული იყო. ამან ძალიან გამახარა, მაგრამ როდესაც მწვრთნელი მიგანიშნებს, რომ უფრო მეტი სარგებლის მოტანა თავის სადამრიგებლო შტაბში მუშაობისას შეგიძლია, ცხადია, იფიქრებ, რომ გუნდს ტვირთად აწვები. მილანიდან ნაწყენი არ წავსულვარ, პირიქით, საკუთარი გადაწყვეტილებით ვამაყობ.
- “როსონერი” ერთბაშად რამდენიმე გამოცდილ მოთამაშეს დაემშვიდობა. ეს კლუბისთვის რთული მომენტია?
- თავდაპირველად იმისთვის გვაკრიტიკებდნენ, დროზე რომ არ წავედით, ახლა გვეუბნებიან, გუნდი რატომ დატოვეთო... მე და ალესანდრო ნესტა მასიმილიანო ალეგრის აღარ ვჭირდებოდით, ამიტომაც მართებული გადაწყვეტილება მივიღეთ. ჩვეულებრივი რამ მოხდა – მწვრთნელი “მილანში” ჩემ ადგილს ვერ ხედავდა, მე კი თამაში კვლავინდებურად მინდა.
- ტიაგო სილვასა და ზლატან იბრაჰიმოვიჩის პსჟ-ში გადასვლაზე რას ფიქრობთ?
- იტალიაში ურთულესი ეკონომიკური სიტუაციაა, უჭირს “მილანის” პრეზიდენტ სილვიო ბერლუსკონისაც. მილიონობით ადამიანი სამუშაოს კარგავს და არ მესმის, როგორ უნდა ჩადოს ვინმემ მილიონები საფეხბურთო ბიზნესში. ხომ ხედავთ, “ინტერმაც” ფულის ხარჯვა შეამცირა. გამონაკლისი მხოლოდ “იუვენტუსია”. ტურინის კლუბი მთელი პლანეტის მასშტაბითაა პოპულარული, ამიტომაც თავს უფლებას აძლევს ააშენოს ახალი სტადიონი და სატრანსფერო ბაზარზეც იაქტიუროს.
- ახალ სეზონში “მილანს” რა პერსპექტივა ელის?
- ალბერტ ეინშტეინის ტვინი არაა საჭირო იმის მისახვედრად, რომ “როსონერის” სკუდეტოს მოპოვება უაღრესად გაუჭირდება. ტიაგო სილვასა და ნესტას წასვლის შემდეგ გუნდის დაცვა ძალიან დასუსტდა. თუმცა, ერთიცაა – ადრიანო გალიანი ჯადოქარია და არავინ იცის, ამჯერად რას მოიმოქმედებს.
- ჩემპიონთა ლიგაში თქვენი ყოფილი გუნდის სამომავლო გამოსვლაზე რას იტყვით?
- ჩემპიონთა ლიგა ურთულესი ტურნირია და ოსტატობასთან ერთად, დიდძალ ენერგიასაც მოითხოვს. “მილანი” არცერთ შეჯიბრებაზე სტატისტის როლს არ დასჯერდება, მე კი “როსონერის” საჩემპიონთალიგო შეხვედრებს შეძლებისდაგვარად დავესწრები და ვუქომაგებ.
გოჩა კაჭარავა









