თუკი ადრე ჯენარო გატუზოს გარეულ ცხოველს ადარებდნენ, რომელსაც ნებისმიერი მეტოქის “გაბდღვნა” შეეძლო, სპეციალისტები და გულშემატკივრები ბოლო ხანს სულ უფრო და უფრო ხშირად ამბობენ, რინო დაბერდა, დაიღალა და ძველებური ჟინიც არ აქვსო. ამგვარ მიდგომას ხელი გატუზოს ტრავმებმაც შეუწყო. გასულ სეზონში მას “მილანის” ძირითად შემადგენლობაშიც არ ჰქონდა ადგილი დაბევებული და ბევრს ეგონა, მარჩელო ლიპი ჯენაროს სამხრეთ აფრიკის მუნდიალზეც არ იახლებდა. საბოლოოდ, გატუზო სამუნდიალე განაცხადში მაინც ჩართეს, რაც ქომაგთა გარკვეულმა ნაწილმა ეს შუახაზელის ძველი დამსახურებით ახსნა, ვიდრე სადღეისო ფორმით. ასეა თუ ისე, მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონი (5 მატჩი გერმანიაში ჩატარებულ შეჯიბრებაზე) და მუნდიალ2002-ის (2 შეხვედრა) მონაწილე ჯენარო გატუზო თავისი მორიგი მნიშვნელოვანი ტურნირისთვის ემზადება და დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, როგორც ყოველთვის, სამხრეთ აფრიკის სტადიონებზეც, გამოცდილი ნახევარმცველი, შესაძლებლობათა მაქსიმუმს გაიღებს. “რეპუბლიკისთვის” მიცემულ ინტერვიუში რინო მომავალ მუნდიალზე არ საუბრობს, პოპულარული და ავტორიტეტული გამოცემის კორესპონდენტთან საუბარს კი “მილანთან” კონტრაქტის კიდევ ერთი სეზონით გაგრძელებით იწყებს.
- “მილანთან” კონტრაქტი 2012 წლამდე გაახანგრძლივეთ. “როსონერისთან” ხელშეკრულება 2011-ს ზაფხულში გეწურებოდათ, არ ჯობდა შეთანხმება თუნდაც 2 წლით გაგეფორმებინათ?
- არა. “მილანი” ჩემთვის მეორე ოჯახად იქცა და გარწმუნებთ, ამას გულწრფელად ვამბობ. ქალაქმა, კლუბმა, პარტნიორებმა ისეთად მიმიღეს, როგორიც ვარ და ჩემს პროფესიონალად ჩამოყალიბებაში ლომის წილი დაიდეს. ადრე მეგონა, ყოველი 2-3 სეზონის გასრულების შემდეგ ახალ გუნდში გადასვლა უპრიანი იქნებოდა. ამ შემთხვევაში ხომ თითქოს ახალ მიზნებს ისახავ, მაგრამ უკვე 11 წელია “მილანში” ვთამაშობ სა საკუთარ თავსაც ხშირად რიტორიკულ კითხვას ვუსვამ, აბა, სხვაგან რა მესაქმება-თქო.
- ფეხბურთელის რანგში ეს თქვენი უკანასკნელი კონტრაქტია? ამას წინათ “გარდიანმა” დაწერა რინო გატუზოს არაბთა გაერთიანებული საემიერობი თავისთან ეპატიჟებიანო...
- ალბათ, 2012 წელს კარიერას დავასრულებ. ფეხბურთის თამაში ადრე დავიწყე, 2012-ში უკვე 34 წლისა ვიქნები და ჩემი სტილის მოთამაშისთვის წერტილის დასმის დროც დადგება. თუმცა, ნურც იმას გამორიცხავთ 2012-13 წლებში რომელიმე შედარებით სუსტ ლიგაში გამოსვლით გავახარო თამაშის ჭია.
- მომავალი პროფესიის არჩევაზე არ დაფიქრებულხართ?
- როგორ არა. დიდი სიამოვნებით ვიმუშავებ ახალგაზრდა ფეხბურთელებთან. ჩემს უმთავრეს მისიად კი კი ის მიმაჩნია, რომ ნიჭიერი ჭაბუკი ერთ რამეში დავარწმუნო – ფეხბურთელად არ იბადებიან, მაღალი დონის მოთამაშედ ჩამოყალიბებას აურაცხელი შრომა, მოთმენის უნარი და ჟინი სჭირდება. უმთავრესი კი ისაა, რომ ნებისმიერმა ადამიანმა სიკვდილამდე ღვთისგან ნაბოძები შანსი ხელიდან არ გაუშვას.
- ამდენწლიანი დაძაბული სათამაშო თუ საწვრთნელი რიტმის შემდეგ საფეხბურთო მინდორზე რბენის სურვილი არ გაგინელდათ?
- საკუთარი ცხოვრებისეული მიზანი მაქვს, თანაც მალამოსავით ჩამესმის ჩემი მისამართით წამოსროლილი ფრაზა – შეხედეთ, გატუზო მუხლმტკივანი თამაშობს, მაგრამ მეტოქეს მაინც არაფერს უთმობს.
- გვსმენია, რომ რაგბი გიყვართ...
- ძალიან მომწონს ამ სპორტული თამაშის არსი და პრინციპები. თანაც, მორაგბეთათვის უცნობია შიშის გრძნობა.
- იმასაც ხომ არ თვლით, რომ რაგბში ჩართულ ადამიანებს ფეხბურთელებთან შედარებით მეგობრობისა და ურთიერთმხარდაჭერის უნარი უფრო მეტად განვითარებული აქვთ?
- არა. ასე ნამდვილად არაა. თუკი ფეხბურთს ჯენტლმენურად თამაშობ, მოწინააღმდეგეს პატივს სცემ, დაფასება არ დაგაკლდება. რაგბის კი ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ მატჩის დასრულებისთანავე ყოველგვარი ქიშპობა და მეტოქეობა წყდება. კარგი იქნებოდა, ფეხბურთელებსაც მორაგბეთა მსგავსად “მესამე ტაიმი” რომ გვქონდეს. მშვენიერია, მინდვრის ოპონენტები საღამოს ერთად რომ შეიკრიბებიან, ჭიქას-ჭიქაზე მიუჭახუნებენ და მეგობრულადაც ისა¬უბრებენ.
- ვაი-გულშემატკივართა მიმართ შემწყნარებლური პოზიციის გამო რამდენჯერმე გაგაკრიტიკეს...
- ხომ არ გავიწყდებათ, სხვებზე დამოკიდებული ადამიანი რომ ვარ. საზოგადოებისგან დაქირავებული ფეხბურთელი გახლავართ და საკუთარი აზრის ფრთხილად გამოხატვა მმართებს. თანაც, არ მსურს, ერთგულ გულშემატკივარს ვაწყენინო. პირადად მე, მათგან მხოლოდ დადებით იმპულსს ვგრძნობ.
- თუკი მოწინააღმდეგესთან შეჯახებისას თქვენი ოპონენტი მინდორზე გაიშხლართება, წამოსაყენებლად ხელს პირველი თქვენ უწვდით. ეს რინო გატუზოს ბუნებრივი საქციელია თუ წლების განმავლობაში აღმზრდელ-დამრიგებელთა მიერ ჩატარებული სამუშაოს შედეგი?
- მე ხომ ყველაზე კარგად ვიცი, როგორი მტკივნეულია შეტაკების შემდეგ დავარდნა. გამოგიტყდებით, თავს უცოდველ ადამიანად სულაც არ ვთვლი. ხანდახან მეტოქეს უნებლიედ ფეხსაც მოვუღერებ და მოვარტყამ, მინდორზე ბევრს ვსაუბრობ და ცოდვა გამხელილი სჯობს, დროდადრო ჩემს ლექსიკონში უცენზურო სიტყვებსაც ვურევ. თუმცა, ხშირად პროვოკაციის მსხვერპლიც ვხდები. მახსოვს, სიენაში მთელი 90 წუთის განმავლობაში უშვერი ფრაზებით მლანძღავდნენ, მეც ნერვები ვერ მოვთოკე და ისეთი ჟესტი ვუჩვენე მაყურებელს, დღემდე ვნანობ. მას შემდეგ სიენაში თამაშმა კვლავ მომიწია და იქაურ გულშემატკივრებთან “საზავო ხელშეკრულებაც” გავაფორმე. რაც შეეხება თქვენი კითხვის მეორე ნაწილს. მოქცევას ვერავინ გასწავლის. უბრალოდ, საფეხბურთი მინდორზე ყველა ჩვენგანი თავის ჭეშმარიტ სახეს უჩვენებს ათიათასობით ადამიანს.
- საკუთარ თავთან კომპრომისზე წასვლა ხშირად გიწევთ?
- პრაქტიკულად ყოველდღე. ყოველი მატჩის წინ საკუთარ თავს ვაიძულებ მშვიდად მოვიქცე, მაგრამ ქვეშეცნეულად ჩემში რაღაც “მხეცური ინსტინქტი” იღვიძებს და მისი მოთოკვა არ შემიძლია. თქვენს კითხვას გადავუხვიე, მაგრამ ასეა...
- ბერლუსკონისთან პირველი შეხვედრა გახსოვთ?
- თავიდან სინიორ სილვიოს თვალში არ მოვდიოდი. იგი მოშვებული წვერისა და გრძელი თმის გამო მლანძღავდა, ახლა კი ჩემი მოკლე ვარცხნილობა არ მოსწონს. ყველაზე მეტად კმაყოფილი კი მაშინაა, როცა რომელიმე პარტნიორი ჩემს იმიტირებას ცდილობს და მაშარჟებს.
- იტალიის პრემიერ მინისტრთან პოლიტიკაზე თუ გიწევთ საუბარი?
- არა. იშვიათად რომელიმე ოპონენტზე ანეკდოტს თუ მოყვება, სერიოზულ საუბარში კი პოლიტიკური მოწინააღმდეგეების კრიტიკას თავს არიდებს.
- ადრიანო გალიანი რამდენიმე წლის წინ ირწმუნებოდა, სამომავლოდ “მილანს” ლონდონის “არსენალის” მოდელით ავაშენებო, თუმცა, მისი სიტყვა და საქმე ერთმანეთს დაშორდა. “სან სიროზე” ჯერ რონალდო და ბექჰემი გამოჩნდნენ, შემდეგ რონალდინიო...
- კლუბს ცდისა და ახალგაზრდა ფეხბურთელების აღზრდის დრო არ აქვს. უძლეველი “მილანის” შესაქმნელად კი ყველა ამპლუის 4-5 ახალი ფეხბურთელია საჭირო.
- ცხოვრებაში ბევრს მიაღწიეთ. ყველაზე მეტად რითი ამაყობთ?
- ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, ნორმალური. ვფიქრობ, გამიმართლა და ცხოვრებამ ბევრი რამით გამანებივრა.
გოჩა კაჭარავა







