ავტოსპორტი

20:59 | 14.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჯერ ადრეა, მაგრამ მაინც...

როგორც ყოველთვის, თავისუფალ პრაქტიკებზე ნაჩვენებ დროებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს - მისთვის არც ქულებს იძლევიან და მათ მიხედვით, არც პილოტების და გუნდების შესაძლებლობებზე მსჯელობას აქვს აზრი. მაგრამ ახალი სეზონის პირველ პრაქტიკებს მაინც სულ სხვა მოლოდინი აქვს. მასზე ბევრ კითხვას გაეცემა ხოლმე პასუხი. ამჯერადაც ასეა:

ჯერ ერთი, არც ისე ყოფილა საქმე, როგორც ორი დღის წინ „რედ ბულის“ შეფი კრისტიან ჰორნერი ამბობდა - „მერსედესი“ ყველა დანარჩენს ფინიშზე ორ წრეს მოუტანსო. ყოველ შემთხვევაში, პირველი დღის შემდეგ ვხედავთ, რომ ხარები და მათი ჯილა სებასტიან ფეტელი „იქვეა“, ლიდერ სამქიმიანებთან ერთ ნაბიჯშია. რა თქმა უნდა, კვალიფიკაციასა და რბოლაში შეიძლება სულ სხვა სურათი ვიხილოთ, მაგრამ ახლავე შეიძლება თქმა, რომ ჩემპიონებმა კატასტროფა თავიდან აიცილეს.

ისე კი, საყოველთაო მოსაზრება, რომ „მერსედესი“ ყველაზე უკეთაა მომზადებული, სახეზეა. მისი ორივე პილოტი უსწრაფესია. თუმცა, პრობლემებმა არც მათ აუარა გვერდი - პირველ სესიაზე, ლუის ჰამილტონის მანქანაზე სენსორები გაჭირვეულდა. პრაქტიკების შემდეგ კი ნიკო როსბერგმა განაცხადა, მუხრუჭების მართვის სისტემას ჯერაც ვერ შევეგუეო. ამის მიუხედავად, ორი პრაქტიკის ჯამში, საუკეთესოები სწორედ ისინი იყვნენ. საბოლოოდ, ჰამილტონმა თანაგუნდელს 0.157 წამით აჯობა.

„ვცდილობდი, მანქანა უკეთ მეგრძნო. პირველი პრაქტიკა სრულად გამიცდა, მაგრამ მეორით კმაყოფილი ვარ. საუკეთესო დღე არ იყო, მაგრამ კმაყოფილი ვარ, რომ მეორეზე რამდენიმე წრის გავლა შევძელი და მანქანასაც უკეთ მოვერგე. ჩემთვის ეს საუკეთესო წრე არ იყო. მანამდე სულ რამდენიმე წრის გავლა შევძელი. ასე რომ, დროის გაუმჯობესება კიდევ შეიძლება“, - განაცხადა ჰამილტონმა.

საერთოდ, ორივე პრაქტიკაზე, ბევრ პილოტს უქმად ყოფნა უწევდა. უფრო მეტიც, ჰამილტონის მსგავსად, პირველ სესიაზე დროის დაფიქსირება „ლოტუსის“ და „კატერჰემის“ პილოტებმაც ვერ შეძლეს. მეორეზე „კატერჰემმა“ ისევ სრულად იუქმა და პასტორ მალდონადომ ისევ ვერ მოახერხა დროის დაფიქსირება. რომენ გროჟანმა ეს შეძლო, თუმცა ერჩივნა, ისევ ბოქსში დარჩენილიყო.

პრობლემები ტრასაზეც საკმაოზე მეტი იყო - გაზრდილი მაბრუნი მომენტის მოთვინიერება ბევრ პილოტს ჯერაც ვერ დაუმუღამებია. ამასთან, შემცირებულია ჩაჭიდბა. ეს ყველაფერი კი ჭარბ მოხვევადობაში გადაიზარდა, რამაც მოსახვევიდან გამოსვლისას შეცდომები გაახშირა. ასეთ სიტუაციაში, დანარჩენებს შორის საუკეთესო ფერნანდო ალონსო იყო, რომელმაც პირველ სესაიზე საუკეთესო დრო აჩვენა, მეორეზე კი მესამე შედეგი ჰქონდა.

მეოთხე დრო კი ჩემპიონმა დააფიქსირა, რითაც მეტოქეებს მიანიშნა - ქულები დააგროვეთ, თორემ მე და ჩემი „რედ ბული“ მალე ისევ ფორმაში ვიქნებითო...

„საკმაოდ გაოცებული ვარ. მეც და დანიელმაც საკმაორ ბევრი წრის გავლა შევძელით, რაც ძალიან კარგია. ვნახოთ, რა იქნება ხვალ“, - განცხადა სებასტიან ფეტელმა. რიკარდოს მეექვსე დრო ჰქონდა, ორ „რედ ბულს“ შორის კი ჯენსონ ბატონი ჩადგა, რომელსაც როგორც ჩანს, ამ სეზონში „მაკლარენი“ ბრძოლის საშუალებას მისცემს.

მცირე ინციდენტი შეექმნა კიმი რაიკონენს. ბოქსების დატოვებას რომ ცდილობდა, მანქანა გაუჭირვეულდა და „ფერარის“ ბიჭებმა ის უკან გააგორეს. მოგვიანებით, ფინელმა მხოლოდ მეშვიდე დროის ჩვენება მოახერხა.

ჰამილტონის მანქანაზე პირველი სესიის დასაწყისშივე, ზეთის წნევის სენსორი გამოირთო, რის გამოც ძრავიც გაჩერდა. გაწბილებული ბრიტანელი პიტლეინზე ისე დაბრუნდა, ჩაფხუტი არ მოუხსნია. რაც შეეხება „ლოტუსს“, პირველი სესია იმ მარტივის გამო გაუცდა, რომ მანქანის მომზადება ვერ მოესწრო. თუმცა, მისი პილოტები მეორე სესიაზეც იშვიათად თუ გამოჩნდებოდნენ ტრეკზე. გროჟანმა 12 წრის გავლა მაინც მოახერხა.

ორივე სესია სრულად გააცდინა „კატერჰემის“ კამუი კობაიაშიმ. უფრო სწორედ, პირველზე ტრასაზე კი გავიდა, მაგრამ დროის დაფიქსირება ვერ შეძლო, მეორეზე კი ტრასაზე არ გამოჩენილა - მის მანქანაზე ვერაფრით მოხერხდა საწვავის ტუმბოს ამუშავება. მისმა ახალბედა თანაგუნდელმა, შვედმა მარკუს ერიქსონმა კი ორივე სესიაზე ტრასაზე გამოსვლა ვერ მოახერხა.

 

ავსტრალიის დიდი პრიზი

პირველი თავისუფალი პრაქტიკა

1. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                  1:31.840

2. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)               1:32.357

3. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)                  1:32.403

4. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი)                      1:32.431

5. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული)           1:32.599

6. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                  1:32.604

7. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)            1:32.793

8. კევინ მაგნუსენი (დანია, მაკლარენი)                       1:32.847

9. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი)                           1:32.977

10. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო)           1:33.446

11. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)         1:33.533

12. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია)                  1:33.855

13. დანიილ კვიატი (რუსეთი, ტორო როსო)                1:34.272

14. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ზაუბერი)               1:35.578

15. ადრიან სუტილი (გერმანია, ზაუბერი)                  1:36.445

16. ჟიულ ბიანკი (საფრანგეთი, მარუსია)                    1:40.859

17. მაქს ჩილტონი (ბრიტანეთი, მარუსია)                   1:46.922

18. მარკუს ერიქსონი (შვედეთი, კატერჰემი)

19. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)

20. კამუი კობაიაში (იაპონია, კატერჰემი)

21. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, ლოტუსი)

22. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)

 

მეორე თავისუფალი პრაქტიკა

1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)          1:29.625

2. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                  1:29.782

3. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                 1:30.132

4. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)            1:30.381

5. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)              1:30.510

6. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული)           1:30.538

7. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი)                          1:30.898

8. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)                  1:30.920

9. კევინ მაგნუსენი (დანია, მაკლარენი)                     1:31.031

10. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)         1:31.054

11. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო)          1:31.060

12. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი)                    1:31.119

13. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია)                  1:31.283

14. ადრიან სუტილი (გერმანია, ზაუბერი)                  1:32.355

15. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ზაუბერი)               1:32.468

16. დანიილ კვიატი (რუსეთი, ტორო როსო)                1:32.495

17. ჟიულ ბიანკი (საფრანგეთი, მარუსია)                    1:33.486

18. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                1:33.646

19. მაქს ჩილტონი (ბრიტანეთი, მარუსია)                   1:34.757

20. მარკუს ერიქსონი (შვედეთი, კატერჰემი)

21. კამუი კობაიაში (იაპონია, კატერჰემი)

22. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, ლოტუსი)

 

http://autopanoramaf2.blogspot.com/

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.162426