მესამე კვირაა, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები აზიაშია დაბანაკებული. პეტერ ზაიზენბახერის გუნდი 13 მაისს იაპონიაში ჩაფრინდა, სადაც პირველი ექვსდღიანი შეკრება გაიარა. 20-ში სამხრეთ კორეაში გადავიდა და 26 მაისამდე იქაურ ნაკრებთან ერთად ივარჯიშა. შემდეგ ისევ იაპონურ შეკრებაზე გადაერთო და ამჯერად ამ ქვეყნის ნაკრების უძლიერეს შემადგენლობასთან ერთად გადის ყოველდღიურ წვრთნას. შეკრება 5 ივნისამდე გასტანს, მერე კი ზაიზენბახერის ხელთ არსებული გუნდი ბრაზილიას მიაშურებს, 9-10 ივნისს რიო დე ჟანეიროს “დიდ სლემზე” იჭიდავებს და ნატურნირევს რამდენიმე დღით ბრაზილიაშივე დარჩება სავარჯიშოდ. ხოლო 16-17 ივნისს ბუენოს აირესის მსოფლიოს თასზე იჭიდავებს. სწორედ ეს ტურნირი იქნება წინასაოლიმპიადო დასკვნითი რეპეტიცია.
აქედანვე დაზუსტებულია ისიც, რომ ოლიმპიური შემადგენლობის კანდიდატებით დაკომპლექტებული საქართველოს ნაკრები 25 ივნისიდან ჩეხეთისა და ესპანეთის თითოკვირიან ტრენინგ-კემპებში ჩაერთვება. დასკვნით წინასატურნირო შეკრებას კი სავარაუდოდ დუშეთის ოლიმპიურ ბაზაზე გაივლის.
შეგახსენებთ, ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო რეიტინგში ლონდონისთვის საკმარისი ქულები ამირან პაპინაშვილმა, ბეთქილ შუკვანმა (ორივე 60 კგ), ლაშა შავდათუაშვილმა (66 კგ), ნუგზარ ტატალაშვილმა (73 კგ), ავთანდილ ჭრიკიშვილმა (81 კგ), ვარლამ ლიპარტელიანმა (90 კგ), ლევან ჟორჟოლიანმა, ირაკლი ცირეკიძემ (ორივე 100 კგ), ადამ ოქრუაშვილმა და ზვიად ხანჯალიაშვილმა (ორივე +100 კგ) დააგროვეს. შავდათუაშვილს, ტატალაშვილს, ჭრიკიშვილსა და ლიპარტელიანს ოლიმპიურ ტატამზე გასვლას ვერავინ შეეცილება. 60, 100 და +100 კილოგრამებში კი ორ-ორი კანდიდატია და ლონდონში ისინი გაემგზავრებიან, რომლებიც ივლისის ბოლოს უკეთეს სპორტულ ფორმაში იქნებიან.
ზემოთ ჩამოთვლილი შეკრებები და ტურნირები სწორედ 10 კანდიდატისთვის დაიგეგმა. ამ ეტაპზე გამონაკლისი მხოლოდ ხანჯალიაშვილია, რომელიც აზიაში მხარის ტრავმამ არ გაუშვა. საუკეთესო შემთხვევაში იგი ნაკრებს რიო დე ჟანეიროს “დიდ სლემზე” შეუერთდება.
ოთარ მაღლაკელიძე







