ძიუდო

17:08 | 11.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჯერ მინსკი, მერე ქართული სამზადისი

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები უახლოესი ათი დღის განმავლობაში ბელარუსში ივარჯიშებს. ირაკლი უზნაძის გაწვრთნილი გუნდი სამხრეთკორეული შეკრებიდან დაბრუნებიდან ორიოდ დღეში – დღეს დილით მინსკში გაემგზავრა, სადაც ევროპის ძიუდოს კავშირის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო შეკრება იმართება.

მთავარმა მწვრთნელმა თან ნაკრების 12 კანდიდატი იახლა. ადვილი გამოსაცნობია, სწორედ ამ გაფართოებული განაცხადიდან დაკომპლექტდება მსოფლიოს ჩემპიონატზე დასაყენებელი ქართული შემადგენლობა.

ბელარუსულ წვრთნებში ჩაერთვებიან: ამირან პაპინაშვილი (60 კგ), ლაშა შავდათუაშვილი, შალვა ქარდავა (ორივე 66 კგ), ზებედა რეხვიაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი (ორივე 73 კგ), ავთანდილ ჭრიკიშვილი, ლევან წიკლაური (ორივე 81 კგ), ვარლამ ლიპარტელიანი, ზვიად გოგოჭური (ორივე 90 კგ), ლევან ჟორჟოლიანი (100 კგ), ადამ ოქრუაშვილი, ნოდარ მეტრეველი (ორივე +100 კგ).

როგორც სიიდან ჩანს, 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში ნაკრების განაცხადში მხოლოდ ლევან ჟორჟოლიანია შეყვანილი, რომელმაც ლონდონის ოლიმპიური თამაშების შემდეგ აქტიური სპორტული კარიერის დასრულება გადაწყვიტა და ამჟამად საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტია, მაგრამ მის წონაში არსებული პრობლემის გამო ვარჯიში ისევ განაახლა და იმედია სასურველი ფორმის აღდგენასაც შეძლებს. თუმცა სავარაუდოდ, ნოდარ მეტრეველიც 100 კილოგრამის კანდიდატად მოიაზრება, მიუხედავად იმისა, რომ აშკარად დამძიმებულია და ბოლო დროს მძიმე წონაში ჭიდაობს.

მინსკის შეკრება 20 ივნისს დასრულდება. შემდეგ ქართველი ძიუდოისტები თბილისში დაბრუნდებიან და მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადებას საქართველოში გააგრძელებენ.

შეგახსენებთ, მსოფლიოს ჩემპიონატი რიო დე ჟანეიროში 26 აგვისტოდან 1 სექტემბრამდე გაიმართება.

ლაშა კუპრაშვილის ფოტო

 

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.090432