ჩემპიონთა ლიგის განმეორებით მერვედფინალურ მატჩში დასავლეთლონდონის “ჩელსი” სამხრეთიტალიური “ნაპოლის” იმ ანგარიშით ძლევას შეეცდება, რომელიც “არისტოკრატებს” მომდევნო ეტაპისკენ გაუკაფავს გზას. ინგლისელთა გუნდის კაპიტნის ჯონ ტერის თქმით, საამისოდ სტემფორდ ბრიჯელებს არა მარტო მწვავე შეტევების წარმოება დასჭირდებათ, არამედ დაცვაში საიმედო თამაშიც.
- რა განწყობით გახვალთ “სტემფორდ ბრიჯზე” “ნაპოლის” წინააღმდეგ სათამაშოდ? ორბურთიანი დეფიციტის აღმოფხვრა რეალურად გეჩვენებათ?
- ნეაპოლელებს ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავთ, რაც კიდევ ერთხელ გასულ უქმებზეც დამტკიცეს, როდესაც მეტოქეს 6 ბურთი გაუტანეს. დაცვაში საიმედოდ უნდა ვითამაშოთ და სწრაფი, სახიფათო იერიშების განხორციელებაზე ვიზრუნოთ. დიდი მნიშვნელობა ენიჭება გულშემატკივრის ფაქტორსაც. “სტემფორდ ბრიჯი” ბოლომდე შეივსება და ერთგული გულშემატკივარი აქტიურად გვიქომაგებს. ამ მხარდაჭერით მატჩი კარგად უნდა დავიწყოთ და თუკი გოლის გატანას ასპარეზობის საწყის წუთებზე მოვახერხებთ, ეს ჩვენთვის სტიმული გახდება, სამხრეთიტალიელები კი ფსიქოლოგიურად რთულ მდგომარეობაში ჩავარდებიან. ჩვენი ბიჭები კარგად ხვდებიან, როგორ უნდა იმოქმედონ. ბოლოს და ბოლოს, 2 გოლის გატანა გვჭირდება, ეს კი 2 მომენტია, 2 ეპიზოდი. იმედია, ხელსაყრელი სიტუაცია საკმარისზე მეტი შეგვექმნება სასურველი საბოლოო შედეგის მისაღწევად.
- რობერტო დი მატეოს დამრიგებლობაზე რას გვეტყოდით?
- ვინმეს 10 წლის წინათ რომ ეთქვა, რობი შენი მწვრთნელი გახდება და “ჩელსის” ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის მატჩში უხელმძღვანელებსო, გამეცინებოდა და დი მატეოს გავაშაყირებდი. სადღეისოდ კი ეს რეალობაა და რობერტოც საქმეს მშვენივრად უძღვება. იგი მხოლოდ ერთი კვირის წინ შეუდგა თავისი სამთავარმწვრთნელო მავალეობის შესრულებას და ვფიქრობ, საკმაოდ წარმატებითაც. “ვესტ ბრომვიჩთან” მარცხის შემდეგ ფსიქოლოგიური მდგრადობა თითქოს დავკარგეთ, მაგრამ შემდეგ “სტოკ სიტის” ვძლიეთ და დამაჯერებლობაც დაგვიბრუნდა. ისე კი, “ჩელსის” ჩემპიონთა ლიგის მატჩებში მონაწილეობის გამოცდილება ნამდვილად არ აკლია და გარკვეულწილად ფეხბურთელებიც უნდა დავეხმაროთ ახალ მთავარ მწვრთნელს.
- პირადად თქვენი, კაპიტნის როლი რაში გამოიხატება?
- როგორც “ჩელსის” კაპიტანმა, კარგად ვიცი, როგორ მოვიქცე ვარჯიშზე, გასახდელსა და უშუალოდ მატჩის მსვლელობისას. რობერტოს ჩემი იმედი უნდა ჰქონდეს. ისევე, როგორც გუნდის ნებისმიერი მოთამაშის – ჩვენ ხომ მშობლიური კლუბი ძალიან გვიყვარს და მისი წარმატებისთვის არაფერს დავიშურებთ. იმედია, ფეხბურთელების განწყობა ტრიბუნებსაც გადაედება და ერთიანი ძალით “ნაპოლის” სასურველი ანგარიშით დავამარცხებთ.
- “ჩელსისთან” ერთად სამჯერ იმარჯვეთ ინგლისის პრემიერლიგაში, ჩემპიონთა ლიგაში კი ბედი არა და არ გაგიღიმათ...
- არადა, რამდენჯერმე რა ახლოს ვიყავით მიზანთან! გავიხსენოთ ანდრეს ინიესტას გოლი “სტემფორდ ბრიჯზე” მატჩის მიწურულს, როცა უკვე გულში “ბარსელონას” დამარცხებას ვზეიმობდით... მოსკოვის ფინალში კი პენალტი მე გავაცუდე. არ მინდა ვთქვა, რომ დაწყევლილები ვართ, მაგრამ საჩემპიონთალიგო მატჩებში რომ არ გვიმართლებს, აშკარაა. სათამაშო კლასი არ გვაკლია, უმნიშვნელოვანესი შეხვედრისთვის ვემზადებით, დი მატეომ სათანადოდ განგვაწყო, დანარჩენი კი ჩვენ ხელთაა. “არსენალის” გავარდნის შემდეგ ჩემპიონთა ლიგაში ინგლისის ერთადერთი წარმომადგენელი დავრჩით და ყოველმხრივ შევეცდებით, მეოთხედფინალში გავაღწიოთ. მართალია, “ნაპოლი” ძლიერი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული, რომლებიც სხვადასხვა ევროგრანდების სამიზნედ იქცნენ, მაგრამ საკუთარი შანსის გამოყენებას ბოლომდე შევეცდებით.
- მთლიანობაში სეზონს როგორ შეაფასებთ?
- სეზონი ჯერ არ დასრულებულა, წინ ბევრი მნიშვნელოვანი მატჩი გველის, მათ შორის “სტემფორდ ბრიჯზე” ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასის მეოთხედფინალში “ლესტერ სიტის” უნდა შევხვდეთ. თუკი “ნაპოლის” სასურველი ანგარიშით ვძლიეთ ლესტერელი “მელიების” წინააღმდეგაც ამაღლებულ ნოტზე მყოფები გავალთ საასპარეზოდ. თუკი პრემიერლიგაში გამარჯვებათა სერიას მოვიპოვებთ, მესამე საფეხურზე დამკვიდრებასაც შევძლებთ.
მოამზადა გოჩა კაჭარავამ









