ირლანდიის ეროვნული ნაკრების იტალიელი მთავარი მწვრთნელი ჯოვანი ტრაპატონი ერთ-ერთი უხუცესი დამრიგებელია. დღეს ირლანდიელები ხორვატიას უმასპინძლებენ და ამ ტესტ-მატჩის წინ, სინიორ ჯოვანის აპენინელი ჟურნალისტები დაუკავშირდნენ.
- იტალიურ ფეხბურთს კრიზისის პერიოდი უდგას?
- ჩვენი სამშობლო რთულ მდგომარეობაშია, ამის მიუხედავად, პელეგრინიმ ოქროს 2 მედალი მოიპოვა (საუბარია 2008 წლის ოლიმპიურ ჩემპიონ ფედერიკა პელეგრინეზე, რომელმაც ამას წინათ შანხაიში ჩატარებულ მოცურავეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოიჩინა თავი-რედ), რაც ოპტიმისტურად განმაწყობს. ჩვენ სპორტის იმ სახეობებში ნაკლებად გვიჭირს, სადაც შედარებით ცოტა ფული ტრიალებს. ფეხბურთში მომუშავე ფუნქციონერებს არ ესმით, რომ ფული და შედეგი ერთმანეთთან პირდაპირპროპორციულ დამოკიდებულებაში არაა. როდესაც ამჟამინდელი სატრანსფერო თანხები მესმის...
- კერძოდ, რომელი ტრანსფერი გაქვთ მხედველობაში?
- 30 მილიონი როსიში გადაიხადეს, 40 – პასტორეში. კარგი ფეხბურთელები არიან, მაგრამ ამხელა თანხა აშკარად გაბერილია. არასდროს დამავიწყდება ჯანი ანიელის სიტყვები. როდესაც მას სატრანსფერო თანხის მომატება ვთხოვე, მიპასუხა, “ფიატში” 3 ათასი ადამიანი უმუშევარი დარჩა და მორალური უფლება არ მაქვს, ზედმეტი დანახარჯი გავწიოო.
- ტურინის “იუვენტუსი” კვლავინდებურად “კალჩოპოლის” მძევლად რჩება?
- გარკვეულწილად, ასეა. ძალიან ბევრი რამაა დამოკიდებული ანტონიო კონტეზე. თავის დროზე მისი მწვრთნელი გახლდით. იგი რაციონალურად აზროვნებს და კარგად იცის, დასახულ მიზანს როგორ მიაღწიოს. ამით კონტე ჩემ კიდევ ერთ შეგირდს, გასპერინის მაგონებს, თუმცა, ამ უკანასკნელს მეტი სადამრიგებლო გამოცდილება აქვს. თანაც, სადღეისოდ “ინტერი” “იუვეზე” უფრო ჩამოყალიბებული გუნდია.
- დღევანდელ “იუვენტუსს” შემადგენლობას უწუნებთ?
- არა, ეს არ მითქვამს. “ბებერ სინიორას” ძლიერი მოთამაშეებისგან შემდგარი ბირთვი აქვს. უბრალოდ, მოთამაშეებმაც და მწვრთნელმაც გამოცდილება უნდა შეიძინონ. ცხადია, შედარებით ახალგაზრდა მოთამაშეებს ვგულისხმობ. კონტეს კი სასწავლი ჯერ კიდევ ბევრი აქვს. არასდროს დამავიწყდება ჩემპიონთა თასის 1983 წლის ფინალი, როდესაც “ჰამბურგის” ავსტრიელმა დამრიგებელმა ერნსტ ჰაპელმა მაჯობა. მან “იუვეს” წამყვანი ფეხბურთელების განეიტრალება მოახერხა და დავმარცხდით. აი, ამგვარი გაკვეთილები აკლია ანტონიოს.
- მასიმილიანო ალეგრი ისეთივე პრაგმატიკოსი მწვრთნელია, როგორც თქვენ? ყოველ შემთხვევაში, ამაზე გულშემატკივრები საუბრობენ...
- ქომაგების ამ თვალსაზრისს ვეთანხმები. ალეგრი სადამრიგებლო მოქნილობით გამოირჩევა. ამით ბევრი მწვრთნელი ვერ დაიკვეხნის. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მასიმილიანოს კლუბის ხელმძღვანელობის მხარდაჭერა აქვს. როდესაც “იუვეში” მუშაობისას ვარსკვლავები “ამიჯანყდებოდნენ”, ბონიპერტი ყოველთვის ჩემ მხარეს იჭერდა. უშეცდომოდ არასდროს მიმუშავია, მაგრამ მწვრთნელს საკუთარი იდეების რეალიზაციის საშუალება უნდა მიეცეს.
- ჟოზე მოურინიოზე რას გვეტყოდით?
- მხოლოდ იმას, რომ უდიდესი სპეციალისტია. კრიტიკას მედგრად იტანს და საკუთარი შეცდომის დროულად მიხვედრა და გამოსწორება შეუძლია.
- გვარდიოლა?
- ჭკვიანი ბიჭია, მტკიცე ხასიათით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამდენი ვარსკვლავის მართვას ვერ მოახერხებდა. ვნახოთ, რა მოხდება, როცა გვარდიოლა გუნდს შეიცვლის. საკუთარ თავზე არაფერს ვიტყვი, ფაბიო კაპელო ყველგან წარმატებული მწვრთნელი იყო.
- გვარდიოლას მსგავსად, თქვენც 37 წლისამ ჩაიბარეთ სუპერკლუბი – 1976-ში ტურინის “იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელი გახდით...
- რივერა “მილანში” მუშაობას მთავაზობდა, მაგრამ მას ვუთხარი, რომ ასეთი დიდი გუნდის სათავეში ჩასადგომად მზად არ ვიყავი. “როსონერის” ჭაბუკთა გუნდს ვწვრთნიდი, შემდეგ მცირე ხნით დროებითი დამრიგებელიც გავხდი. ამ დროს ბონიპერტი დამიკავშირდა და მასთან გასაუბრებამ იმდენად კარგი შთაბეჭდილება დატოვა, “იუვენტუსის” გაწვრთნა გავრისკე. არც შევმცდარვარ. ბედმა გამიღიმა, ბონიპერტის მხარდამხარ მუშაობამ რომ მომიწია. იგი ნებისმიერ სიტუაციაში მიცავდა და თუ საჭირო იყო, თავად მაძლევდა კომპეტენტურ შენიშვნას.
- თქვენი აღზრდილები, ფრანჩესკო ტოტი და ალესანდრო დელ პიერო ჯერ კიდევ თამაშობენ და თავიანთი გუნდების ლიდერები არიან...
- ადამიანები, რომლებსაც ჩემ მასწავლებლებად ვთვლი, ყოველთვის მეუბნებოდნენ, რომ გუნდიდან რომელიმე დიდი ფეხბურთელის გაშვებისას აჩქარება საჭირო არაა. ვეტერანი დიდოსტატები ახალი თაობის მოთამაშეებისთვის მაგალითის მიმცემები არიან, თანაც, გამოცდილების და კვალიფიკაციის წყალობით, სარგებლობაც დიდი მოაქვთ.
- შედარებით ახალი თაობის ფეხბურთელთაგან რომელს გამოარჩევდით?
- როსის, მონტოლივოს, პაცინის, ბონუჩის, კრიშიტოს, მატრის – სიამოვნებით ვიმუშავებდი მათთან.
- როდესაც საფრანგეთის ნაკრებთა საპლეიოფე დაპირისპირება და ანრის საქციელი გახსენდებათ, კვლავინდებურად ცუდ ხასიათზე დგებით?
- 2 წლის სამუშაო წყალიში გადაგვეყარა და ცხადია, გული დამწყდებოდა. მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლას ვიმსახურებდით. ხომ ნახეთ, სამხრეთ აფრიკაში საფრანგეთი როგორ ჩაფლავდა. ირლანდია მუნდიალზე უფრო ღირსეულად წარსდგებოდა.
- “სკუადრა აძურაზე” რა აზრის ხართ?
- ეეჰ, ჩეზარე პრანდელის დონის ფორვარდები რომ მყავდეს... იტალიის ნაკრები არ დასუსტებულა, უბრალოდ სხვები საფეხბურთო კულტურის ასპექტით გაიზარდნენ.
- სამწვრთნელო კარიერის შეწყვეტას ხომ არ აპირებთ?
- სადამრიგებლო საქმიანობა დღემდე დიდ სიამოვნებას მანიჭებს და ფიზიკური მდგომარეობაც ინტენსიური მუშაობის საშუალებას მაძლევს. ირლანდიის ნაკრებთან ერთად ბრაზილიის მსოფლიოს ჩემპიონატზე გამგზავრებას ვაპირებ.
გოჩა კაჭარავა







