კიევი. სასტუმრო „სპორტი“. ფოიეში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი ვახტანგ კოპალეიშვილი ზის და ზაზაშვილის ტრავმაზე საუბრობს. ადმინისტრატორი, ამავე დროს სასტუმროს დირექტორის ქალიშვილი, საგაზეთო წერილის ფაქსით გადაგზავნაში მეხმარება და ღიმილით ამბობს: „ვითომ ფეხბურთის სათამაშოდ ჩამოხვედით, არადა, მთელი ღამე სავსე იყო „ეროსი“...
„ეროსი“ ღამის კლუბია, სასტუმროს ბოლო სართულზე მდებარეობს, სტრიპტიზის ნომრებით დახუნძლული პროგრამა აქვს და გასაგებია, რომ ქართულმა საფეხბურთო დელეგაციამ თავს უძილო ღამის უფლება მისცა.
ფაქსი წავიდა - შესაბამისად, წინასამატჩო რეპორტაჟის ამბავი მომთავრებულია და ავტობუსის მოსვლამდე დარჩენილი დროის წყნარად, მოსვენებულად გატარებაც შეიძლება. რაკიღა ფოიეში მწვრთნელი ზის, ახალგაზრდული ნაკრების წევრები მოზომილად ხუმრობენ და ხმაურობენ. მოკლედ, ბუზის გაფრენის ხმას ნამდვილად ვერ გაიგებთ, მაგრამ ჯდომა და ფიქრი შეიძლება.
ამ ფონიდან აშკარად „ამოვარდნილია“ საშუალო სიმაღლის, მელოტი, სუსტი და ახალგაზრდა კაცი. შავ კოსტუმზე, „ტანზე ჰკიდიაო“ უფრო ითქმის, ვიდრე ის, რომ აცვია. სწრაფ, ნერვიულ ბოლთისცემაზე აშკარად ეტყობა, რომ რაღაც მნიშვნელოვანი საქმითაა დაკავებული და ამ საქმის მიღმა არაფერი აინტერესებს - მათ შორის, არც მატჩის შედეგი.
ეს ახალგაზრდა ივანე ანუ მამუკა ჯუღელია - სულ ცოტა ხნით ადრე მოქმედი ფეხბურთელი, მერე კი საკმაოდ წარმატებული საფეხბურთო აგენტი, რომელიც სარკასტული ჟურნალისტიკის „მამამ“ უტკინმა ჟოზეზე მაღლა დააყენა - მოურინიო იმის ღირსიც კი არ არის, ჯუღელს ფეხსაცმლის თასმები შეუკრასო...
მაგრამ ეს ახლახან იყო, კიევური თავყრილობიდან ათიოდე წლის მერე. იქ, კიევში კი, ივანე ჯუღელმა ბოლომდე ივარგა და ნერვიულობის მიზეზი იქ მყოფ ჟურნალისტებს, მისი აზრით, ბოლომდე დაუმალა. თუმცა, ამბავი მაინც გახმიანდა - „ჯუღა“ კიევის „დინამოს“ მამუკა წერეთელს სთავაზობდა.
*****
ის ტრანსფერი არ შედგა. სამაგიეროდ, შედგა საფეხბურთო აგენტი მამუკა ჯუღელი. მეტიც - ამ ეტაპზე იგი ყველაზე წარმატებული ქართველი საფეხბურთო აგენტია და გავლენას რაც შეეხება, მარტო ახალგაზრდულს კი არა, ეროვნულ ნაკრებსაც გასწვდა. რა გასაკვირია, რომ გაფართოვდა ჯუღელის მოქმედების არეალიც - ვექტორ საქართველო-უკრაინას კურსი საქართველო-რუსეთი დაემატა. ერთი სიტყვით - მუშაობს კაცი და ისე ხმაურიანადაც, რუსეთის საფეხბურთო კავშირის, უპირველესი სპორტული არხისა და ყველაზე პოპულარული სპორტული გამოცემის ყურადღებაც მიიპყრო.
ცოტა უცნაურია, მაგრამ ისე ჩანს, რუსებმა ბოლომდე ვერც გაშიფრეს, ვერც გაუგეს ქართველ აგენტს - ამიტომაა, დღემდე იბეჭდება იქაურ მედიაში წერილები სათაურით: „ვინ ხართ თქვენ, ბატონო მამუკა?“. ამ კითხვაზე, ჯერჯერობით, ყველაზე ფასეული და ინფორმაციული პასუხი საქართველოს ნაკრების მეკარემ, ნუკრი რევიშვილმა გასცა. მან ქება არ დაიშურა პირადი აგენტის მისამართით, თქვა, რომ 14 წლიდან მფარველობდა და მეორე მამად მიიჩნევს.
მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი იმ ინტერვიუში მაინც ის პასაჟი იყო, სადაც ნუკრი ჯუღელის ფეხბურთელებისადმი დამოკიდებულებაზე საუბრობდა - მას ბოლომდე ესმის ფეხბურთელების, არასოდეს გატყუებს და რასაც დაგპირდება, აუცილებლად შეგისრულებსო...
ვერაფერს იტყვი, მაგარი თვისებაა... თან ძალიან!
****
მამუკა ჯუღელის ფსიქოპორტრეტს ყოველთვის დააკლდება რაღაც, თუკი არ აღნიშნე მისთვის დამახასიათებელი უმთავრესი შტრიხი - არასოლიდურობა. ზემოთ უკვე ნახსენები კოსტუმის ამბავიც ამ „ოპერიდანაა“. მინდა, გამგებმა კარგად გაიგოს - საუბარი არც სილამაზეზეა, არც სიმპათიაზე, ცალსახად სოლიდურობას ვგულისხმობ.
საუბარი ნერვული და მინიმუმ, ოთხი „სპეციით“ (თბილისური, ქუთაისური, ზემოიმერული, ჟარგონი) ნაზავი, სიარულის მანერაზე ფეხბურთელობა რომ გავლენას მოახდენდა და მოხდენილს ვერ გაუხდიდა, ადვილი გასაგებია, დამოკიდებულება ეჭვიანი და ზოგჯერ აგდებულიც, ნალექი პირველი შთაბეჭდილებისა - ჭარბად წამოსული აგრესია...
მენტალიტეტი? ჩვეულებრივი, საბჭოურ-პოსტსაბჭოური ანუ ისეთი, სისტემა რომ დაინგრა და მაინც რომ ცოცხლობს - ჩემში, შენში, მასში. კი, მეტნაკლები დოზით, მაგრამ მაინც ნებისმიერ ჩვენგანში რომ ცოცხალია...
ამ მენტალიტეტის კოდი უძველესია და უკვდავი - უბრალოდ, საბჭოური სისტემის პირობებში „ევერესტი დალაშქრა“ და შიშის იერარქია აღიარა: შენ შენ ხარ და მე მე ვარ, თუ მოგერიე, ხომ მოგერიე, მაგრამ თუ გაწყრა ღმერთი და დამჩაგრე, აუცილებლად დაგჩაგრავს ის, ვინც ჩემს უკან (ზემოთ, გვერდით) დგას!
ის კი, შენი უკან (ზემოთ, გვერდით) მდგომის არსებობა რომ ასიდან ას შემთხვევაში შენსავე უძლურობას უსვამს ხაზს, დიდი ფიქრისა არა, უბრალო მიხვედრის, მარტივი ლოგიკის ამბავია, მაგრამ...
ამას საკუთარი სისუსტის აღიარება ჰქვია და ეს ძალიან, ძალიან არ გვიყვარს ადამიანებს.
მეტი კონკრეტულობისათვის კი, იმას დავწერ, რომ ორჯერ გვქონდა უსიამოვნო ლაპარაკი - ერთხელ რევაზ ძოძუაშვილის გამო, მეორედ პირადად ჩვენი შეხედულებები გაიყო. არცერთ ამ შემთხვევაში მამუკა ჯუღელი კონფლიქტზე არ წასულა, პირიქით, აშკარად საერთო ენის გამონახვას ცდილობდა და არ შეიძლება ეს არ დაუფასდეს.
მორიგების მიზეზი? არა, დათმობა ან ტყუილ-მართალი არა, ფარული მინიშნება იმაზე, რომ შეუძლია, „შემჭამოს“, მაგრამ საერთო ახლობელი რომ გვყავს?!
მინახავს მისი ჯახი მასზე ძლიერ და გაცილებით გავლენიან პიროვნებებთანაც: დიდი შანსი იყო, იქ უკვე „ჯუღა“ შეჭმულიყო, მაგრამ ისევ ფარული მინიშნება - დავუშვათ, „შემჭამეთ“, „იმ ხალხს“ რას ეუბნებით?!
ანუ მისი ეს ფილოსოფია თუთაშხიადან „სო მნოი შანაევ სპალ!“-ს არ გასცილდა - დანარჩენი სულ ბალასტი იყო...
აქედან გამომდინარე, დარწმუნებით ვფიქრობ, რომ რუსული მითოლოგიის პერსონაჟი მამუკა ჯუღელი არც რიშელიეა, არც კორლეონე - ჰა-ჰა, ფანუჩი დონ ვიტოს ახალგაზრდობიდან...
*****
ჟურნალისტებს ისე უცქერს, როგორც ლენინი ბურჟუაზიას. „კაი, თუ ძმა ხარ, რა ფურცელი და პასტა...“ - აი, მისი მასმედიასთან დამოკიდებულების თავი-ბოლო და ამ დროს ისეთი გამომეტყველება აქვს, არა მარტო საკუთარი თავი, ზოგადად ჟურნალისტური ამქარი შეგეცოდება. პირველად მცხეთაში გამაგონა ის საფირმო ფრაზა და რაკი „ფურცელსა და პასტას“ პირადად მე ყოველთვის „ტრუსიკ-მაიკით“ ვპასუხობ, მარტო ხელი ჩაიქნია და აღარ გააგრძელა.
იმხანად ორივენი რუსთავის „ოლიმპის“ გაჩემპიონებით ვიყავით დაინტერესებულები და ადვილი გასაგებია, რომ ის ორსიტყვიანი ფარიკაობა კეჭნაობა უფრო იყო, ვიდრე დუელი.
თუმცა, მამუკას მართლა არ უყვარს, მეტიც, არ აფასებს და საშიშ ხალხად მიაჩნია ჟურნალისტები. არასოდეს დამავიწყდება, საფეხბურთო აკადემია „ოლიმპის“ ბაზაზე როგორ დაამუნათა ჯერ კიდევ სულ ახალბედა გოგიტა გოგუა - „გოგუსთან“ მოსაუბრე „მთავარი სპორტის“ ჟურნალისტი გაიგულა თუ არა, აგენტი კლიენტს კონსპირაციულად მიუახლოვდა და დაუფარავი გაბრაზებით გამოუცრა: „რამდენჯერ გითხარი, სიტყვა არ დაძრა ჟურნალისტებთან!“
ის შემთხვევა სულ მახსოვს - იმხანად საფეხბურთო აკადემია „ოლიმპსა“ და გაზეთ „ოლიმპში“ ერთდროულად ვმუშაობდი, ჯუღელი არ მიცნობდა, ჟურნალისტად ვერ მიმიღო და აკი, გავიგე რაც და როგორც უთხრა გოგუას.
მაგრამ ეს არ არის მხოლოდ მისი პრობლემა - ეს ზოგადად საზოგადოების პრობლემაა. განა, ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილიც ასეთივე დამოკიდებულებაში არ არის ჟურნალისტებთან? მერე რა, რომ აქამდე არ გაყიდულხარ, აი, სხვები ხომ გაიყიდნენ? ჰოდა, გაიყიდები შენც - ასეთია საზოგადოების დიდი ნაწილის შეხედულება და რა გასაკვირია, ასე ფიქრობდეს მავანი საფეხბურთო აგენტი, რომლის შემოსავალიც ზოგჯერ სწორედ ფაქტის გასაიდუმლოებაზეა დამოკიდებული.
****
მარტო ჟურნალისტებთან არ არის კონფლიქტური - რუსულ მასმედიაში ხშირად იწერება იმ ფაქტზე, თუ როგორ წაუმუჯლუგუნა მამუკა ჯუღელმა დონეცკელ მსაჯს, როგორ იქცა ეთნიკური დაპირისპირების საკვანძო ფიგურად მახაჭყალის „ანჟიში“, როგორ დაშორდა (ბიზნესის თვალსაზრისით) დიდი ხნის ახლობელ ომარ თეთრაძეს და ასე შემდეგ...
„ოლიმპის“ პირველ საჩემპიონო წელიწადს „ამერთან“ მომხდარი გაუგებრობაც გემახსოვრებათ - „ჯუღა“ სულ მოვლენათა ეპიცენტრში ხვდება ხოლმე და გარდა იმისა, რომ ასეთი აქტიურობა მის არასოლიდურობას ერთხელაც უსვამს ხაზს, იმასაც ამტკიცებს, რომ მშიშარა არ არის. კი, გაბედულია და ამას ფეხბურთელობისასაც ამტკიცებდა - სპორტული ხულიგნობები მაქვს მხედველობაში.
აშკარად რისკიანი კაცია და არასოდეს ერიდება ხარჯს - მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ თანამდებობრივად რუსთავის „ოლიმპთან“ არაფერი აკავშირებდა, იმ საჩემპიონო წელიწადს, რამდენიმე შეხვედრაში მოგებისთვის კლუბის მესვეურთა მიერ „გამოსულ“ პრემიას საკუთარი თანხაც დაუმატა.
საჭირო ხალხთან დისტანციის შთანთქმისას გარგანტუას მადა აქვს - ხელის ჩამორთმევიდან რამდენიმე წამში ოფიციალობას სულ ჯოხით ერეკება და ამიტომაა, მისი ინტერესის არეალში მყოფი ნებისმიერი გუნდის ან ტექნიკური დირექტორი ხდება, ანაც სათადარიგოთა სკამზე ახლობლის სტატუსით ზის.
ერთი შეხედვით, ყოველივე ზემოთქმული, დასტური და წინაპირობაა იმისა, რომ ამ კაცმა საკუთარი თავი და კარიერა თავად შექმნა, მაგრამ... როგორც საქართველოში ამბობენ, სულაც არ არის ასე - იგი ქართველი წარმომადგენელია რუსეთში მოქმედი გავლენიანი ჯგუფისა, რომლელსაც ინტერესები აქვს ფეხბურთში.
ამ ჯგუფთან ახრიკ ცვეიბასაც აკავშირებენ და ამბობენ, რომ ფული, რომელიც ამა თუ იმ ტრანსფერისთვისაა საჭირო, შემსრულებლებამდე სწორედ „ზემოდან“ მოდის.
მოკლედ, ამ ხალხს რომ ჰკითხო, მამუკა ჯუღელი „იმათ“ გამოძერწეს - ლოგიკურიცაა, მისი ფილოსოფია - „სო მნოი შანაევ სპალ!“ სერიოზული დასტურია ამისა.
თუმცა, ეს ოდნავაც ვერ აკლებს ფასს ჯუღელს, როგორც აგენტს - მან არაერთხელ დაამტკიცა, რომ ფეხბურთში “ყველა ჩიტის ენა იცის”, არნახულად შეუძლია ფეხბურთელის დარწმუნება და გადაბირება და ამის მაგალითად სულ ორი, დაახლოებით ოთხი სეზონით დაშორებულ შემთხვევას მოვიყვან:
პირველი, ადრეული - როცა საქართველოს ჩემპიონს, რუსთავის „ოლიმპს“ ლამის მთელი შემადგენლობა წაჰგვარა და მეორე, გვიანდელი - როცა ალეკო ამისულაშვილი მისი მორიგი დისლოკაციის ადგილის, „კრასნოდარის“ ბინადარი გახადა.
რა არის მისი ამ წარმატების საფუძველი? რამ მისცა მას ოფსილა, ჯერ ჯოზეფ ქეის ქისისთვის, მერე კი შოთა არველაძის ავტორიტეტისთვის მოეგო პარტია?
ვფიქრობ, რომ სწორედ მენტალიტეტი - არა მარტო ზემოხსენებული ანუ საბჭოურ-პოსტსაბჭოური, არამედ ზოგადად საფეხბურთო, როცა თამაშამდე, თამაშისას და ნათამაშებზეც სულ ფეხბურთით ცხოვრობდა - სხვა არაფერი იცოდა, სხვაზე არაფერზე ფიქრობდა.
ეს საფეხბურთო მენტალიტეტი და ფეხბურთით შემორაგული მისი ცნობიერია სწორედ ის არგუმენტი, რომლითაც ასე აჯერებს კლიენტებს. და კიდევ ის, რომ მისთვის ფეხბურთი კულიჩი არ არის, შიგ ქიშმიშები ეძებოს - იგი მთლიან სურათს ხედავს, აზროვნებს პრაგმატულად და არა ფრაგმენტულად. ამიტომაცაა მისი ბუღალტრული ბალანსი დადებითი.
ამიტომაც აწევს ქართულ ფეხბურთს მისი ეს პრაგმატიზმი როგორც უღელი...
კონსტანტინე გოგიშვილი









