გულშემატკივრის სვეტი

11:24 | 30.11.2010 | ნანახია [] - ჯერ

დონ ხუანის დუქანი

თეთრი ღვინით ნახევრად სავსე კასრი, რომლის გვერდითაც, დონ ხუანი თვლემდა, კორდობელმა ბიჭებმა ბაირესში ჯერ კიდევ ორი დღით ადრე ჩაიტანეს.  დონ ხუანი, ბაირესული ღარიბული დუქნის მეპატრონეა, სადაც  მშრალად მოხარშული ძროხის ხორცის, ბოსტნეულის წვნიანისა და წყალგარეული ღვინის მეტი არაფერი იყიდება. მაგრამ, დონ ხუანს კლიენტურა არასოდეს აკლია, რადგან მთელს უბანში სწორედ მის დუქანშია ყველაზე დიდი ტელევიზორი. ეს ტელევიზორი, დუქანს ორი წლის წინ, ფრანგმა ტურისტმა, ვინმე ალენმა საზეიმოდ გადასცა ნიშნად არგენტინაში გატარებული საღამოებისა, როდესაც ჯიბეცარიელ ბუენოს აირესელებთან ერთად, ისიც დაუწუწუნებლად გეახლებოდათ წყალგარეულ ღვინოსა და ბოსტნეულის წვნიანს.
შორეულ არაბეთში, არგენტინა-ბრაზილიის ამხანაგური მატჩის დაწყებამდე ჯერ გვარიანად დიდი დრო იყო დარჩენილი, მაგრამ ღვინით მოვაჭრე კორდობელმა ძმებმა – სერხიომ და ენიომ, რომლებიც დედაქალაქში სულ ორიოდე წელია რაც ჩავიდნენ, თადარიგი ადრევე დაიჭირეს და მოხუც დონ ხუანს, თეთრი ღვინით ნახევრად სავსე კასრი დაუტოვეს. თამაშის მიმდინარეობისას იაფფასიანი ღვინის წრუპვა და ერთმანეთის მხრებზე ხელების ტყაპუნის გარეშე ხომ კორდობელი კორდობელობას დაკარგავდა. კორდობელობა-დაკარგული კორდობელი კი, ძალიან მაზალო ვინმეა...
 დონ ხუანმა ძმებს კასრი დიდის მოწიწებით ჩამოართვა, დახლის გვერდითაც მიაგორა და როდესაც ძმები წავიდნენ, ღვინის ჭაშნიკიც გასინჯა. ამასობაში, დუქანში უბნის ერთადერთი პოლიციელი, სენიორ ფაკუნდო შემოვიდა. ფაკუნდო წარმოშობით იტალელი ბიძაკაცია, რომელიც ფეხბურთის ცქერის მიზნით, პოსტის მიტოვების გამო, პოლიციიდან სამჯერ იყო დათხოვნილი, მაგრამ სამივეჯერ აღადგინეს, რადგან მთელი უბნის მოსახლეობამ და მათ შორის, მოძველბიჭო ბიჭ–ბუჭობაც კი, დედაქალაქის მთავარ საპოლიციო კანტორაში წერილი აფრინეს – სენიორ ფაკუნდო თანამდებობაზე დააბრუნეთ, თორემ, მერე რაც ჩვენს უბანში მოხდება, ყველაფერი თქვენს თავს დააბრალეთო.
სენიორ ფაკუნდოს, ხუანი კასრის გვერდით ჩაძინებული დახვდა. რაც პირველი შემთხვევა არ იყო. პოლიციელმა დახლქვეშიდან თავად გამოიღო ორი პატარა თეფში. ერთზე მოხარშული ხორცი დადო, მეორეზე გამომშრალი პური, გვერდით ღვინის ნაკლული ბოთლი მოიდგა და პირველი ლუკმა გაღეჭა თუ არა, კარი გაიღო და დუქნის ძველი კლიენტები ერთმანეთის მიყოლებით შემოლაგდნენ.
მათი უმეტესობა, ქალქის ბოგანოთა კასტის წარმომადგენელი იყო. უმეტესად სამსახურის წვალებით მშოვნელი, გადახუნებულ ტანსაცმლიანი ხალხი, რომლებსაც დონ ხუანი ხშირად მუქთადაც კი უმასპინძლდებოდა ხოლმე. ხალხის ყაყანზე მედუქნესაც გაეღვიძა, ვაგლახით წამოიზლაზნა და თეფშების მაგიდებთან დალაგებას შეუდგა. დონ ხუანმა უკვე წინასწარ იცოდა, რომელი კლიენტისათვის რა უნდა მიეტანა და რამდენი. ყველაზე მეტს, პერუელი ყასაბი – ვალერიო გეხლებოდათ, რომელიც მატჩის ცქერისას, გატანილი გოლის დროსაც კი, იღმურძლებოდა. ყველაზე უფულოებს კი, ნახევარი ჯამი ბოსტნეულის წვნიანით უნდა გადაეგორებინათ მთელი საღამო.
მატჩის დაწყების მოახლოვების პარალელურად, თანდათან ივსებოდა იაფფასიანი სიგარეტის კვამლით დუქანი და თანდათან ეკიდებოდა ღვინო ყველას. ამასობაში, ღვინით მოვაჭრე ძმებიც მოვიდნენ და, ქალაქის ცენტრალური ნაწილის რომელიღაც კედლიდან ახეული უზარმაზარი პლაკატიც შემოათრიეს. პლაკატზე სერხიო ბატისტა იყო გამოსახული მინაწერით: “მე გპირდებით, რომ თქვენ ნამდვილ არგენტინის ნაკრებს ნახავთ!“. პლაკატის ხილვამ აღფრთოვანებაში მოიყვანა უკვე გვარიანად შემთვრალი პოლიციელი – სენიორ ფაკუნდო და “ალბისელესტეს“ საქომაგო სიმღერა წამოიწყო. თითქმის ყველა აჰყვა. მღეროდნენ ხმამაღლა, არეულად, შეუწყობლად, მაგრამ მაინც მღეროდნენ და რაც მთავარია, ეს იყო ის ბედნიერი წუთები, როდესაც ადამიანს ბევრი ცუდი რამ გავიწყდება. მით უმეტეს არგენტინელს, რომელსაც დასავიწყებელი ამბების მთელი კასკადი შეიძლება ჰქონდეს.
 მატჩის დაწყების შემდეგ, ზოგმა სკამი, ზოგმა მაგიდა, ტელევიზორთან მიაჩოჩა. იყვნენ ისეთები, რომლებიც ადგნენ და ბეტონის იატაკზე ჩამოსხდნენ ეკრანის წინ. მთელი პირველი ტაიმი უტევდა ბრაზილია და მაგიდებზე დაკოჟრილი ხელების ბრახუნისაგან, ირყეოდა და ზანზარებდა ისედაც ჩამოქცევას მისული დუქნის კედლები. ერთმანეთში ირეოდა სიმღერის, შეძახილებისა და ძველი, ტუჩებმომტვრეული ჭიქების ხმები, მაგრამ ვერ გაიგებდით ერთ უხამს სიტყვასაც  კი, არგენტინის ნაკრების მისამართით, რადგან, ესენი იყვნენ საუკეთესო შვილები თავიანთი მათსავით გაჭირვებული ქვეყნისა. ადამიანები რუხი, გაცრეცილი ტანსაცმლითა და დიდი, ცეცხლისმფრქვეველი გულით,  როგორიც, მხოლოდ უბრალო მუშებს, მეწაღეებს, მტვირთავებსა და მათთა მსგავსთ შეიძლება ჰქონდეთ. მათგან მხოლოდ სამს ეჭირა ხელში არგენტინის დროშა, რადგან, დანარჩენებს დროშის შესაძენი ფულიც კი არ ჰქონდათ, მაგრამ სწორედ ესენი იყვნე მამები და ძმები მესისა და იგუაინისა, ტევესისა და პალასიოსი...
 მესის გატანილი დიდებული გოლის შემდეგ, რამაც სრულიად არგენტინას, “მოსისხლე“ ბრაზილიასთან გამარჯვება ამცნო, შეძლებულმა ბუენოს აირესელებმა, ავტომობილები ამოქოქეს და მთელს ქალაქს მოედვნენ სიგნალებითა და სიხარულის შეძახილებით. დონ ხუანის დუქნის მკვიდრნი კი, ამ დროს, უკვე თავიანთ ციცქნა ქოხებისაკენ მიიჩქაროდნენ. მიდიოდნენ ძველი, სხვათა გამონაცვალი ფეხსაცმლების ფლასუნით და არგენტინის ნაკრების შემდეგ თამაშამდე დარჩენილ დღეებს თითებზე ანგარიშობდნენ.

 

ლევან სეფისკვერაძე

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.098239