სტატიები

12:53 | 16.06.2012 | ნანახია [] - ჯერ

“დონბას არენაზე” უკრაინას უსტვინეს

ფრანგებთან მატჩამდე ოლეგ ბლოხინმა დაიჩივლა, რომ ძალიან ცხელა და მისი გუნდისთვის პრესინგის თამაში ძნელი იქნებოდა. სიცხე კი არა, დონეცკში ისეთი თქეში მოვიდა, რომ მწვრთნელები და ფეხბურთელები გასახდელისკენ მიმავალ გვირაბში შესვლას ერთმანეთს ასწრებდნენ. სხვათა შორის, წინა დღეს ხარკოვის ფან-ზონაში მხოლოდ იტალია-ხორვატიის მატჩი გვაყურებინეს, რადგან ქალაქს გრიგალმა გადაუარა. ამჯერად, სტიქია თავს დონეცკს დაატყდა.

იძულებითი შესვენებისას, ხარკოვის თავისუფლების მოედანზე შეკრებილ ქომაგებს ტონუსს გერმანელი დიჯეი ჯორჯი უნარჩუნებდა, რომელმაც ისინი თამაშამდეც კარგად “მოთელა”. პაუზა რომ გაიწელა, ერთ-ერთმა უკრაინელმა გულშემატკივარმა, რომელსაც ლოყაზე თავისი ქვეყნის დროშა დაეხატა, უეფას უკრაინა-საფრანგეთის მატჩის ხარკოვში ჩატარება მოუწოდა: “ვ ხარკოვ იხ ნადო!” აღსანიშნავია, რომ ხარკოველები ფან-ზონაში თამაშამდე საათნახევრით ადრე შეიკრიბნენ და ყველაზე ერთგული გულშემატკივრებიდან ზოგს გულმკერდი მოეხატა უკრაინის დროშის ფერებში, ზოგსაც თმები შეეღება.

ოპერატორებმა მოედნიდან კამერები სტადიონის შიდა შენობისკენ მიმართეს, სადაც ვიდრე მატჩი შეწყვეტილი იყო, ტიმოშჩუკმა და რიბერიმ საუბარი მოასწრეს. მათ მსგავსად, ლორან ბლანმა და ანდრეი შევჩენკომ ერთმანეთი თბილად მოიკითხეს. საგულისხმო იყო ერთი კადრი, როდესაც მთელი ტრიბუნა დაცარიელდა და უკრაინის ნაკრების მხოლოდ ერთი ქომაგი დარჩა, რომელიც წარღვნას არ შეუშინდა.

თამაში განახლდა და უკრანელების ნაცვლად პრესინგი ფრანგებმა ითამაშეს, რომლებიც მეტოქეს გასაქანს არ აძლევდნენ და ცდილობდნენ, ტურნირის მასპინძლები მათსავე ნახევარზე “მიეხრჩოთ”. აშკარად გამოჩნდა ლორან ბლანის შეგირდების უპირატესობა კლასში და როდესაც “სამფეროვნები” მათზე ნაკლებად ტექნიკურ გუნდს “დაიჭერენ” ხოლმე, თავს ისე გრძონებენ, როგორც თევზი წყალში. ასე მოხდა უკრაინელებთან დაპირისპირებისას. პარასკევს გოლის გატანის აღსანიშნავად ხარკოვის ფან-ზონაში პეტარდები ორჯერ ისროლეს და ორივე შემთხევავში - ფრანგების მიზეზით.

მსგავსი დონის მატჩებში ძალიან ბევრს წყვეტს ამა თუ იმ ფეხბურთელის ოსტატობა და ფრანგებს გაცილებით მეტი მაღალი დონის ინდივიდუალისტი აღმოაჩნდათ. “ერთი ერთზე” სიტუაციებში რიბერი, ნასრი, ბენზემა, მენეზი ოპონენტებს აშკარად ჩაგრავდნენ და დიდწილად ეს ფრანგების უპირატესობას განაპირობებდა. უკრაინელები კონტრშეტევისა და ანდრეი შევჩენკოს კლასის იმედად იყვნენ, მაგრამ ასეთ სიტუაციებში მასპინძელთა შეტევის ლიდერისთვისაც კი ძნელია თამაშში გარდატეხის შეტანა. თუმცა, მან ორჯერ მაინც მოახერხა სიტუაციის გამწვავება. ბლოხინის გუნდიდან ცდილობდა ეაქტიურა იარმოლენკო, რომელმაც ერთ ეპიზოდში სახიფათოდაც დაარტყა. თუმცა, წაგების მიუხედავად, უკრაინელთა შორის საუკეთესო მეკარე ანდრეი პიატოვი გახლდათ. ის რომ არა, ანგარიშში სხვაობა გაცილებით სოლიდური იქნებოდა.

უკრაინა თამაშს კონტრშეტევაზე აგებს, მაგრამ პირველი გოლის დროს ფრანგებმა აჩვენეს მასპინძლებს, თუ როგორ თამაშდება კლასიკური კონტრიერიში, რომელიც მენეზმა დააგვირგვინა. ამჯერად ბლანმა ის სასტარტო შემადგენლობაში ფლორან მალუდას ნაცვლად დააყენა და არც შემცდარა. მწვრთნელის თქმით, უკრაინელები შეტევაში დიდ სივრცეებს ტოვებენ და სწრაფი მენეზი, რომელსაც არც ტექნიკა დაეწუნება, სწორედ ამიტომ გამოიყვანა პირველივე წუთებიდან. ბლანმა ხაზი გაუსვა, რომ მენეზი ის ფეხბურთელია, რომელსაც ნდობა სჭირდება.

ზემოთ ინდივიდუალური ოსტატობა ვახსენე და მეორე გოლი ქარიმ ბენზემამ სწორედ ინდივიდუალიზმის ხარჯზე შექმნა. ფრანგმა ფორვარდმა, რომელიც კორპუსით საუცხოოდ თამაშობს და კარისკენ ზურგით მგდომს მოტრიალებაც სწრაფად შეუძლია, საუცხოოდ ჩამოიშორა ხაჩერიდი და არ დაუგვიანა ბურთი კაბეის, რომელმაც თანაგუნდელს გარჯა დაუფასა.

მატჩის შემდეგ ბლანმა ევრას ნაცვლად მოედანზე კლიშის გამოყვანის მიზეზიც ახსნა. მისი თქმით, გუნდს გამარჯვება სჭირდებოდა და უნდა შეეტია, ხოლო კლიში ამ შეთხვევაში გაცილებით პროდუქტიულია.

ნამატჩევს ბლოხინმა განაცხადა, რომ საერთო ჯამში გუნდის თამაშით კმაყოფილი დარჩა, მაგრამ ფეხბურთელებს რა დავალებაც ჰქონდა, ბოლომდე ვერ შეასრულეს. მისთვის გაუგებარი დარჩა, თუ რატომ “დადგა” გუნდი მეორე გოლის გაშვების შემდეგ. უკრაინელთა თავკაცი “დონბას არენაზე” შეკრებილ გულშემატკივრებსაც შემოსწყრა, რომელთაც მეორე ტაიმში გუნდს უსტვინეს. მისი თქმით, არასწორია, როდესაც პირველ ტაიმში გუნდს გულმხურვალედ მხარს უჭერ, ხოლო მეორეში - უსტვენ. ბლოხინმა პირდაპირ განაცხადა: “ეს არ მომეწონა”. მან გვარები არ დაასახელა, თუმცა აღნიშნა, რომ ზოგიერთ ფეხბურთელს შვედების დამარცხების შემდეგ თავი უკვე 1/4-ფინალში ეგონა. “ბიჭებთან სერიოზული საუბარი გვექნება”, –თქვა ბლოხინმა.

თუ “დონბას არენაზე” უკრაინელებს უსტვინეს, ხარკოვში გულშემატკივარს მატჩის ბოლო წუთამდე არ შეუწყვეტია მხარდაჭერა. არადა, ფან-ზონაში დიქტორმა მოსალოდნელი ქარშხლის თაობაზე ამცნო...

ლაშა თაბაგარი, worldsport.ge-ს სპეციალური კორესპონდენტი ხარკოვიდან

ავტორის ფოტოები
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.056488