(ვლადიმერ გუცაევი)
„თავდაჯერებული... მისი თავდაჯერება ხშირად სიჯიუტემდეც კი მიდის. საკუთარი პიროვნების პატივისმცემელი, ინტელიგენტური და ამაყი“, - ნოდარ ახალკაცი.
„საბჭოურ ფეხბურთში არ არიან ვლადიმერ გუცაევის დონის ფრთის თავდამსხმელები... უფრო სწორად, არათუ მისი დონის, მასთან მიახლოებულიც კი!“ - ვალენტინ ივანოვი.
„იგი თანამედროვე ფეხბურთის უნიჭიერესი მოთამაშეა!“ - დავით ყიფიანი.
ვფიქრობ, საკმარისია ეს სამი რეკომენდაცია იმისთვის, თუ კარგად გავითვითცნობიეროთ, ვინ გადაიბარა სლავა მეტრეველისაგან მარჯვენა ფრთა თბილისის „დინამოში“. ის კი, თუ რატომ უწოდეს მას „რაკეტა“, რატომ მიაჩნდათ „ხუთვარსკვლავიან მოთამაშედ“ და რატომ ნადირობდნენ ასე უმოწყალოდ მასზე, იოლად მისახვედრია - უბრალოდ, იგი დიდი ფეხბურთელი იყო.
„გავრილიჩი“ მოლაპარაკე, ერთიანად იუმორზე აწყობილი კაცია - მისი ბოხი, „ჟარგონითა“ და რუსული სიტყვებით გაჯერებული ლაპარაკი წუთით არ მოგაწყენს. მე შენ გეტყვი, მოსაყოლი დაელევა, ანაც ის ოინებია ადვილი დასავიწყებელი, რომელსაც ასე ხშირად უწყობდა მეგობრებს, თანაგუნდელებს, მეტოქეებს - მინდორზეც და მინდვრის გარეთაც...
„ლივერპულთან” მატჩის მნიშვნელობა ყველასთვის კარგადაა ცნობილი და ამაზე მეტს არ გავაგრძელებ. გრანდი იყო, მინიმალური სხვაობით დავმარცხდით ინგლისში და რასაკვირველია, აქ მოგებაზე ვფიქრობდით. ახალკაცმა დავალებები ჩამოგვირიგა და გავედით სათამაშოდ. მაშინ იწერებოდა, რომ 79 ათასი კაცი იყო ტრიბუნებზე. მეტი იქნებოდა...
ყიფიანმა ფლანგზე მცველები და ბურთი ერთად „დაამუშავა“ და ჩამოაწოდა. რამაზ შენგელია ჩემზე ერთი ნაბიჯით წინ იყო, პოზიციაც მომგებიანი ეჭირა და გოლის გატანა არ გაუჭირდებოდა, მაგრამ ორმაგ დასწრებაზე ვითამაშე, გადავხტი, ბურთს ფეხი დავუხვედრე და მე გავიტანე. მაშინ აბა, ამისთვის ვის ეცალა, მაგრამ მე მის ადგილას მაგრად გამიკვირდებოდა, რატომ არ მაცალეს გატანა...
ამაზე დაიწერა კიდეც: საქმე ის იყო, რომ ერთ ახლობელს დავენაძლევე, „ლივერპულს“ გავუტან მეთქი. მას, ბუნებრივია, არ სჯეროდა არც ჩემი და არც „დინამოს“ მსგავსი გამარჯვების და ათასი მანეთი საპირისპიროზე „გამაზა“ - რომ გოლს ვერ გავიტანდი. იმიტომ იყო, თავი მოვიკალი და დავასწარი შენგელიას...
განსაკუთრებით მოსკოვის დინამოელი ნოვიკოვი უხეშობდა, „სვარკას“ ვეძახდით - ის იყო, 1980 წელს რომ დამამტვრია - აპრილში ვითამაშეთ და მხოლოდ შემოდგომაზე დავბრუნდი. ტრავმის მერე მოსკოველებთან პირველივე შეხვედრაში იგივე გააკეთა. ვეკითხებოდით, მეც, სხვებიც, რატომ იქცეოდა ასე... ხელებს გაშლიდა და გიპასუხებდა, „დავალება მაქვს ასეთი, შენი „პერსონალკა“ განაჩენივითაა, რომ არ ვიუხეშო, სირცხვილს მაჭმევო. თანაც, მარტო მე ვიქცევი ასე? სხვები რა, უკეთესად გეთამაშებიანო?!
ცნობილი ამბავია, ყიფომ რესტორანში დაპატიჟა და ჰკითხა, ასე, ცხოვრებაში გადასარევი ბიჭი ხარ და მინდორზე რა გემართება, მოდი, დავივიწყოთ ყველაფერი და სხვანაირად მოიქეციო... „ზნაიუ, დატო, ნო ნადა“-ო - უპასუხა...
მახოვიკოვი თამაშობდა მოსკოვის „დინამოში“. ისიც აკლებული მყავდა. ერთხელაც დამთვრალა და გაზაევს მიდგომია ოთახის კარზე: „ვალერა, ვიცი ვალოდიასთან მეგობრობ და ჰკითხე ერთი, რატომ მექცევა ასეო“...
„შუტკების“ მეტი რა იყო - ყველანი ვშაყირობდით. მახსოვს, ჩელემ ახალი ოქროს კბილები ჩაისვა და აეროპორტის საბაჟოზე მოველაპარაკე მებაჟეებს, გაეღიმებინათ. ჩვენებმა წინასწარ იცოდნენ ყველაფერი - მაგრად ვიხალისეთ. ყველაფერს ვერ მოყვები სახალხოდ - ვიღაცას არაფერი, მაგრამ ვიღაცას ეწყინება და არაა კარგი...
თხუთმეტი სეზონი ვითამაშე და სამასზე ცოტა მეტი მატჩი. საშუალოდ სეზონში ოცი თამაში გამოდის ხომ? დანარჩენი სულ ტრავმებმა წაიღო. დროთა განმავლობაში, გამოცდილება მოვიდა და დისტანციაზე თამაშს მივეჩვიე, მაგრამ... ახალგაზრდებს ვეუბნები: შიში არ უნდა გაიკარო. მინდორზე რომ გადიხარ, საერთოდ უნდა დაივიწყო, ვინ არის შენი მეტოქე - სახელგანთქმულია, ძლიერია, უხეშია თუ არა. არც იმაზე უნდა ფიქრობდე, შეცდომას თუ დავუშვებ, ჩემიანები მომეხმარებიანო. შეხედე ხალხს ტრიბუნაზე, პროჟექტორებს და ტაბლოზე ორ ნულს. სხვა არაფერია საჭირო - ფეხბურთი ითამაშე!..“
და კიდევ ერთი, თავად ბატონ ვოვასთან ეს ფაქტი არ გადამიმოწმებია და ამბობენ, რომ როცა ფეხბურთიდან მიდიოდა, მას შესთავაზეს სლავა მეტრეველის ესტაფეტა მიშა ჯიშკარიანისთვის გადაეცა - თავის დროზე მეტრეველმა ხომ შენ გადმოგცა მაისურა, ახლა შენ გადაეცი სიმბოლურად მემკვიდრესო... ვერაფრით დაუყოლიებიათ გუცაევი და რაც შეეხება იმ ფაქტს, მართლა მოხდა თუ არა მსგავსი რამ, გავიგებთ მაგასაც.
კონსტანტინე გოგიშვილი









