ლადო დვალიშვილმა პოლონური ექსტრაკლასას პირველ წრეში 7 გოლი გაიტანა, გუნდის საუკეთესო ბომბარდირია და ტელევიზია Sport-მა წრის საუკეთესო ფორვარდადაც დაასახელა. თუმცა, "მსოფლიო სპორტი" ადრეც წერდა, რომ "პოლონიას" ფინანსური პრობლემები აქვს და 26 წლის ქართველ ფორვარდს კუთვნილ ხელფასს ვერ უხდის.
დვალიშვილი ამის გამო გაბრაზებულია და პოლონურ პრესასთან საუბარში არც მალავს:
- თქვენმა მენეჯერმა ავი ნიმნიმ თქვა, რომ "პოლონიაში" აღარ ითამაშებთ. ეს სიმართლეა?
- იმედია, ასე მოხდება. კმარა ტყუილები, რასაც ჩემს მიმართ კადრულობენ. დავიღალე. მე ყველაფერი გავაკეთე "პოლონიასთვის", პირველ წრეში 7 გოლი გავიტანე. კლუბმა რა გააკეთა ჩემთვის? ერთადერთი, რასაც ვისმენ, მუდმივი დაპირებებია, რომელიც არ სრულდება.
- ფულზე ამბობთ?
- რა თქმა უნდა. ვერ გავიგე, თუ პრეზიდენტს ფული არ ჰქონდა, რატომ ყიდულობდა კლუბს? ის თითქმის ყოველდღე გვეუბნებოდა, ახლა არ მაქვს, მოიცადეთო. იტყუებოდა და იტყუება ახლაც.
- მან განაცხადა, რომ თქვენ ძალიან დიდი ხელფასი გაქვთ და კონტრაქტის გადახედვაა საჭირო.
- მართლა? ამას ზაფხულში ვერ მეტყოდა? შეეძლო, გავეშვი და ამ სიტყვების თქმა აღარ დასჭირდებოდა.
- რა თანხა მიიღეთ "პოლონიასგან"?
- არასოდეს არ ამიღია შესაბამისი თანხა. ანუ, იმდენი, რაც კონტრაქტითაა გათვალისწინებული. პრეზიდენტს 10 დღის წინ ველაპარაკე და ვთხოვე, რომ საქმე არ გაჭიანურებულიყო. მინდოდა, ცივილური ფორმებით მოგვეგვარებინა. ასე რომ, მე, ჩემი მენეჯერი და ადვოკატიც მივიჩნევთ, რომ მოთმენა საკმარისია. საქმე პოლონეთის ფეხბურთის ფედერაციაშია მიტანილი და მერე, ალბათ, ფიფაში გაიგზავნება.
- ახლა არდადეგები იწყება და როდის დაბრუნდებით?
- 8 იანვარს. ვნახოთ, რას იტყვის ჩემი მენეჯერი, მაგრამ არ შემიძლია გუნდში ვარჯიში მაშინ, როცა კლუბთან დავა მაქვს.
- დვალიშვილის შეძენა "ლეგიას" სურსო, ბევრჯერ დაიწერა...
- არ ვიცი, პირადად ჩემთვის არავის მოუმართავს. ჯერ ვერ გეტყვით, პოლონეთში ვითამაშებ თუ საზღვარგარეთ.
ილია ნანობაშვილი









