საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების ლიდერი ნანა ძაგნიძე (2555) გიბრალტარში მიმდინარე ტრადიციულა ფესტივალზე წარმატებულად ასპარეზობს. 8 ტურის თავზე ძაგნიძეს 6.0 ქულა გააჩნია და მე-18 ადგილზე იმყოფება, ქალთა შორის კი საერთოდაც პირველი მაჩვენებელი აქვს.
გასულ ტურში ნანა შავი ფიგურებით ყატარის სახელით მოთამაშე ნეზად ჰუსეინ აზიზს (2394) დაუპირისპირდა და გამარჯვება იზეიმა. ცნობისთვის, ძაგნიძე მე-18 კია, თუმცა, მე-6 პოზიციაზე მყოფ ვიეტნამელ ლე ქუანგ ლიემს (2705) მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლებით ჩამორჩება, ამდენად, წინსვლის კარგი შანსი აქვს.
მე-9 ტურში ქართველი მოჭადრაკე თეთრებით ცნობილ ბულგარელ დიდოსტატ კირილ გეორგიევს (2643) ეთამაშება.
წარმატებული დღე ჰქონდა გიბრალტარის ტურნირის მე-2 ქართველს – სალომე მელიას (2403). იგი შავი ფიგურებით გაცილებით მაღალი რეიტინგის (2611) მქონე რუს არტურ იუსუპოვს დაუპირისპირდა და ყაიმს გამორჩა. მელია 5.0 ქულით მე-40 ადგილზეა, მომდევნო პარტიას კი თეთრებით ესტონელ მეელის კანეპთან (2512) გამართავს.
ამ დროისთვის ფესტივალის სათავაში რუსი ნიკიტა ვიტიუგოვი (2694) და ინგლისელი ნაიჯელ შორტი (2690) იმყოფებიან, რომელთა აქტივშიც 7-7 ქულაა. მათ 0.5 ქულით გატა კამსკი (აშშ, 2740), იანგიი იუ (ჩინეთი, 2688) და მაქსიმ ვაშიე-ლაგრავე (საფრანგეთი, 2711) ჩამორჩებიან.
გიბრალტარის ტურნირი ათ ტურად მიმდინარეობს და მისი დასრულების შემდეგ, გამარჯვებულის გამოსავლენად, შესაძლოა, ტაი-ბრეიკიც ჩატარდეს. გამარჯვებული 20 ათასი გირვანქას მიიღებს, ქალთა შორის საუკეთესო კი 12 ათასით დაჯილდოვდება და იმედი ვიქონიოთ, რომ იგი ნანა ძაგნიძე იქნება.







