ჭადრაკი

1:14 | 7.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

ძაგნიძის პირველი გამარჯვება

საქართველოს საჭადრაკო ნაკრების ლიდერმა ნანა ძაგნიძემ (2545) ჟენევაში მიმდინარე 2013-14 წლების საჭადრაკო გრან-პრის გათამაშების სერიის საწყის ტურნირზე პირველი გამარჯვება იზეიმა.

ძაგნიძემ თეთრი ფიგურებით მონღოლ ტუვშინტუგს ბატჩიმეგს (2298) სძლია და 2.0 ქულით მე-6 ადგილზე გადაინაცვლა. ასეთივე მონაგარი აქვს ბელა ხოტენაშვილსაც (2505), რომელიც ლიდერებში იყო, მე-4 ტურში კი შავებით რუს ტატიანა კოსინცევასთან (2517) დამარცხდა და მე-5 პოზიციაზე გადაინაცვლა.

4 ტურის თავზე ჟენევის გრან-პრის ერთპიროვნული ლიდერი ჰყავს. უკრაინელმა კატერინა ლაჰნომ შავი ფიგურებით რუს ალექსანდრე კოსტენიუკს (2491) აჯობა და თავი 3.0 ქულას მოუყარა.

7 მაისს ტურნირზე დასვენების დღეა, 8-ში კი მე-5 ტურის პარტიები ჩატარდება. ხოტენაშვილი თეთრებით ხსენებულ კოსტენიუკს ეთამაშება, ძაგნიძე შავი ფიგურებით ლიტველ ვიკტორია ჩმილიტეს (2522) დაუპირისპირდება, ხოლო ლიდერო ლაჰნო ძალებს უკრაინელ ანა უშენინასთან (2491) მოსინჯავს.     

მოჭადრაკეები ჟენევაში ერთმანეთს 11 ტურად შეეჯიბრებიან, დასვენებისთვის კი კიდევ ერთი დღეა გამოყოფილი: 12 მაისი.

შეგახსენებთ, რომ თითოეულმა მოჭადრაკემ ოთხ-ოთხ ტურნირში უნდა მიიღოს მონაწილეობა. საერთო ჩათვლაში კი, მათ მიერ ნაჩვენები სამი საუკეთესო შედეგი შევა.

როგორც უკვე ვიუწყებოდით, ფიდეს გადაწყვეტილებით, ქალთა შორის 2013-14 წლის გრან პრის გათამაშების ერთ-ერთ, კონკრეტულად კი V ეტაპს თბილისიც უმასპინძლებს, მომავალი ტურნისი 2014 წელს, 18 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით ჩატარდება.

გრან პრი სულ ექვსი ეტაპისგან შედგება. თითოეული ეტაპისთვის 60 000 ევროა გამოყოფილი, რომელიც შემდეგი თანმიმდევრობით განაწილდება: I ადგილი – 10 000 ევრო (+160 ქულა), II – 8 250 (+130), III – 6 750 (+120), IV – 5 750 (+90), V – 5 000 (+80), VI – 4 500 (+70), VII – 4 250 (+60), VIII – 4 000 (+50), IX – 3 250 (+40), X – 3 000 (+30), XI – 2 750 (+20), XII – 2 500 (+10).

გრან პრის გამარჯვებული, 2015 წელს, პლანეტის საუკეთესო მოჭადრაკის ტიტულისთვის ბრძოლაში მოქმედ ჩემპიონს შეხვდება. ამჟამად აღნიშნულ ტიტულს ანა უშენინა (უკრაინა) ფლობს, რომელმაც ჩემპიონობა შარშან, ნოკაუტსისტემით მოიგო. წლეულს უშენინა წოდების შესანარჩუნებლად, 2011-12 წლების გრან პრის გამარჯვებულს, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონ ჰოუ იფანს (ჩინეთი) შეხვდება.

0.093671