აზიის სამგზის ჩემპიონი იაპონია, რეგიონის თასის წლევანდელ გათამაშებაში, დღეს, იორდანიასთან პაექრობით ჩაერთვება. სწორედ აზიის თასი იქნება პირველი რეალური გამოცდა გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელისთვის, ალბერტო ძაკერონისათვის, რომელმაც “ამომავალი მზის” ქვეყნის უპირველესი გუნდი გასული წლის აგვისტოში ჩაიბარა. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სახელმოხვეჭილი სპეციალისტი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში იტალიის სერია A-ს კლუბებს, მათ შორის, “ინტერს”, “მილანსა” და “იუვენტუსს” წვრთნიდა, იმედოვნებს, რომ იაპონიას აზიის თასს მეოთხედ მოაგებინებს.
57 წლის სპეციალისტმა, თავის ახალ გუნდთან ერთად პირველ წარმატებას უკვე მიაღწია. იაპონიამ ამხანაგურ შეხვედრაში თითქმის უძლიერესი შემადგენლობით მობურთალი არგენტინის ნაკრები 1:0 დაამარცხა, ხოლო სამხრეთ კორეას უგოლო ფრედ ეთამაშა. ამრიგად, ძაკერონიმ ახალი გუნდის შესაძლებლობები უკვე გაიგო და მომავალ ტურნირს იმედიანად ხვდება. FIFA-ს ოფიციალური საიტი იტალიელს ახალ სამუშაოზე, აზიის თასის ფავორიტებზე და იაპონიასთან ერთად დაგეგმილ მიზნებზე ესაუბრა.
- თქვენ ორ ათეულ წელიწადზე მეტი სხვადასხვა კლუბებში გაატარეთ. რატომ დათანხმდით იაპონიის ნაკრების გაწვრთნას?
- უკანასკნელი წლების განმავლობაში, იაპონიური ფეხბურთი იმდენად გაიზარდა, რომ არა მარტო აზიაში, არამედ მსოფლიოშიც მოიხვეჭა ფლაგმანის სახელი. სწორედ იაპონიის საფეხბურთო წარმატებებმა გადამაწყვეტინა ის, რომ ამ სამუშაოს დავთანხმებოდი.
- როგორ შეაფასებთ იაპონიის გამოსვლას 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე სამხრეთ აფრიკაში, სადაც მათ ისტორიულ წარმატებას მიაღწიეს და პირველად უცხო მიწაზე, მეორე რაუნდში ითამაშეს?
- მთელი კამპანიის განმავლობაში, იაპონიამ ყველას დაანახა, რომ მისი სიძლიერე გუნდური თამაშია. გუნდი შედუღაბებულია და ფეხბურთელებს უსიტყვოდ ესმით ერთმანეთის. მათ აჩვენეს, რომ როგორც გუნდი, ძალიან ძლიერები არიან.
- როგორ ფიქრობთ, სამხრეთ აფრიკაში მიღწეული წარმატება, განაპირობებს თუ არა თქვენს მიმართ ერთგვარ ზეწოლას? ხელმძღვანელობა და გულშემატკივარი უფრო მეტს მოგთხოვთ?
- ზეწოლა კი არა, ეს ჩემთვის დამატებითი მოტივიცია უფროა.
- ჰიდეტოში ნაკატა და შუნსუკე ნაკამურა, ათიოდე წლის წინ, სერია A-ში გამოდიოდნენ. სწორედ მათ მოახდინეს თქვენზე პირველი შთაბეჭდილება?
- დიახ, მათმა შემხედვარემ ვირწმუნე, რომ იაპონიაში ძალიან კარგი ფეხბურთელები არიან. ის პროგრესიც ნათლად დავინახე, რასაც იაპონელებმა გასულ მსოფლიოს ჩემპიონატზე მიაღწიეს. ეს გუნდი ერთი მთლიანი ორგანიზმია.
- რა მიზნებს უსახავთ იაპონიის ნაკრებს როგორც მოკლევადიან, ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში?
- ვეცდებით, რომ ყველა იმ ტურნირში, რომელშიც ვმონაწილეობთ, დადებით შედეგს მივაღწიოთ, საბოლოო მიზანი კი, რაღა თქმა უნდა ბრაზილიის მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრაა.
- როგორ ფიქრობთ, რისი შანსი ექნება იაპონიის ნაკრებს მომავალ მსოფლიოს ჩემპიონატზე? ალბათ, 2014 წელს მოუთმენლად ელით და იაპონიის ისტორიაში შესვლა გსურთ...
- ამ გუნდის პოტენციალი იმდენად დიდია, რომ ბრაზილიაში მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა უპრობლემოდ შეუძლია. ახალგაზრდა იაპონელი ფეხბურთელები იმდენად განვითარდნენ, რომ დარწმუნებული ვარ, ბრაზილიაში მაყურებელს კარგ შოუს შევთავაზებთ.
- თქვენ იტალიაში ერთ-ერთ გამოცდილ ტაქტიკოსად ითვლებით, რას სთავაზობთ იაპონიას?
- თუ მოვახერხე ჩემი გამოცდილების ამ გუნდისთვის გადაცემა და იაპონია საუკეთესო გახდება, ბედნიერი ვიქნები.
- აპირებთ იაპონიის ნაკრებში თქვენი საფიქრმო ტაქტიკის 3-4-3-ის გამოყენებას? იაპონიას არასოდეს უჭირდა ნიჭიერი ნახევარმცველები და თქვენი ამოცანა სათანადო ფორვადების მოძიება იქნება...
- სიმართლე უნდა ითქვას, იაპონელი ფეხბურთელები სწრაფი ტემპით ვითარდებიან. მაგრამ იმისათვის, რომ 3-4-3 სქემა გამოიყენო, ისეთი მოთამაშეები უნდა გყავდეს, რომლებიც საჭირო სამუშაოს შესრულებას შეძლებენ. ამ სისტემას მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოვიყენებთ, როდესაც სათანადო შემსრულებლები გვეყოლება. ეს მხოლოდ ერთ-ერთი ვარიანტია, მაგრამ სხვა კოზირებიც საკმარისად გვაქვს.
- აზიის თასი თქვენი პირველი რეალური გამოცდაა. რა იმედებს ამყარებთ მასზე?
- გვსურს ყველას ვაჩვენოთ, რომ კარგად ორგანიზებული გუნდი ვართ და არაფრის გვეშინია. იაპონია აზიის უძლიერესი გუნდია და ამიტომ, გვსურს ეს ყველას დავუმტკიცოთ და გამარჯვებულები გავხდეთ.
- იაპონიის გარდა, ვინ მიგაჩნიათ ფავორიტებად?
- ვფიქრობ, გამარჯვების შანსი ავსტრალიას და ახლო აღმოსავლეთის ნაკრებებს ექნებათ.
მოამზადა ზურა ქსოვრელმა









