ფეხბურთი

21:23 | 26.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

ძალიან მწარე, მაგრამ კარგი გაკვეთილი

მას შემდეგ, რაც თასის გათამაშების მერვედფინალში „ჩიხურას“ მეტოქედ პირველი ლიგის წარმომადგენელი ერგო, საჩხერელი გულშემატკივრები იმედოვნებდნენ, რომ მათ გუნდს არ გაუჭირდებოდა მომდევნო ეტაპზე გასვლა და „შუქურასთან“ ორმატჩიანი დაპირისპირების ბედი პირველსავე თამაშში, ივანწმინდაში გადაწყდებოდა. ეს დღეც დადგა, “ჩიხურამ“ ზღვისპირელები ისტუმრა და ქომაგთა იმედებიც გაამართლა, მაგრამ, ალბათ, ზემოიმერული კლუბის  ყველაზე ოპტიმისტი ფანებიც კი ვერ წარმოიდგენდნენ იმას, რაც მოხდა.
როგორც იცით,  ,,შუქურა“ 22 თებერვალს დაბრუნდა თურქული შეკრებიდან. იმავე დღეს, გუნდის თავკაც ასლან ბალაძეს ,,ჩიხურასთან“ დამდეგ სათასო შეხვედრებზე რომ დავეკითხეთ, ეს გვიპასუხა: ,,9 მოთამაშე გვაკლია, ზოგი სიცხიანია, ზოგი ტრავმიანი. შესაძლო საკადრო პრობლემების მიუხედავად, უბრძოლველად არაფერს დავთმობთ, ჩვენ დასაკარგი არაფერი გვაქვს“. 4 დღე არასაკმარისი აღმოჩნდა ბიჭების გამოსაჯანმრთელებლად, ,,შუქურა“ დიდი დანაკლისით ჩავიდა საჩხერეში. სტუმრებს განაცხადში სულ 15 ფეხბურთელი ჰყავდათ. მათგან, გუნდის კაპიტანი გიორგი ჩელებაძე ტრავმირებული გავიდა სათამაშოდ. ჰოდა, ვერ შედგა დაპირებული ბრძოლა - ახალგაზრდა ქობულეთელები სასტიკად შერცხვნენ გამოცდილ მეტოქესთან.  
თანაბარი ბურთაობა ხუთიოდე წუთს გაგრძელდა, რის შემდეგაც, მასპინძლები სრულ უპირატესობას დაეუფლნენ და ის მატჩის ბოლო წუთამდე აღარ გაუშვიათ ხელიდან. პირველი სახიფათო დარტყმა  ზღვისპირელთა  კარისკენ, დავით კირკიტაძემ განახორციელა - მარჯვნიდან, დაახლოებით 15 მეტრიდან, ახლო დაბალ კუთხეში ზუსტად დაურტყა თეიმურაზ კაკალაძეს, მეკარემ იმარჯვა და ბურთი კუთხურზე მოიგერია. მაგრამ ეს იყო და ეს: ამის შემდეგ, ,,შუქურას“ კიპერს, ისევე, როგორც მის პარტნიორებს, თავი აღარ გამოუჩენიათ.
სტუმართა  დაცვამ აშკარად ვერ აუღო ალღო საჩხერელთა სწრაფ, გააზრებულ შეტევებს. მასპინძელთა ყოველი იერიში გოლის მომასწავლებელად გამოიყურებოდა. ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ, ,,შუქურას“ რბევა მე-12 წუთიდან დაიწყო. დავით კირკიტაძემ მარჯვნიდან შეუტია და უფრო წინ მყოფ ნიკო კვასხვაძეს ზუსტად გაუჭრა, ამან უმალ, სტუმართა კარის გასწვრივ დაარტყა, მეკარის ბაქნის წინ მცველებზე სწრაფად ბურთთან ბესიკ დეკანოიძე გაჩნდა და ერთი შეხებით გადაგზავნა ბადეში. მე-2 გოლს ,,შუქურას“ კარში შეიძლება კურიოზულიც ვუწოდოთ: კირკიტაძის პასის შემდეგ, დეკანოიძემ საჯარიმოს შიგნიდან კარის მიმართულებით დაარტყა, ბურთი ქობულეთელთა მცველ ავთანდილ ბრაჭულის ფეხიდან აიჭრა და მაღალი ტრაექტორიით ჩაეშვა ბადეში - მეკარე ამ დროს ოდნავ წინ იყო გამოსული.
ასე იყო თუ ისე, ,,ჩიხურას“ გამოკვეთილმა ფორვარდმა ,,დუბლი“ შეასრულა და ბევრი აღარც ,,ჰეთ თრიკს“ გვალოდინა. კირკიტაძის გადაცემის შემდეგ, დეკანოიძემ საჯარიმოს წინა ხაზთან ზუსტად გადაუგდო თავზე ბურთი კაკალაძეს.
მერე, ნიკო კვასხვაძის ჯერი დადგა, რომელმაც ორწუთიან ინტერვალში 2 ეფექტური გოლი მიითვალა. ქობულეთელებმა პირველ ტაიმში ერთადერთი სახიფათო შეტევა განახორციელეს. ირაკლი ხუჭუას პასის შემდეგ, პაატა ბალაძე შეეცადა გიორგი სომხიშვილის კარის დალაშქვრას, მაგრამ მისი დარტყმული ხარიხამ აისხლიტა.
საჩხერელებმა არც მეორე ტაიმში დათმეს ინიაციატივა და მეტოქეს კიდევ 3-ჯერ  დააწყებინეს ცენტრიდან: დავით ოდიკაძის გრძელ გადაცემას დეკანოიძის პოკერი მოჰყვა, ეს უკანასკნელი, კაკალაძესთან პირისპირ გავიდა და - 6:0. სულ 1 წუთში, ,,შუქურას“ კიპერმა წინდაუხედავად დატოვა კარი, რაც დროულად შენიშნა კირკიტაძემ და 20 მეტრიდან ცარიელი კარის ცხრიანში ჩასვა ბურთი. ბოლო გოლი შეცვლაზე გამოსულმა ირაკლი ზაბახიძემ მიითვალა საჯარიმოს გარედან დარტყმულით.
71-ე წუთზე,  მატჩის არბიტრმა, ქობულეთელ გიორგი ჩხიკვიშვილს ედიკ საჯაიას ფიზიკური შეურაცხყოფისათვის დაატოვებინა მოედანი.
საპასუხო თამაში 2 მარტს, ქობულეთურ „ჩელე არენაზე“ შედგება.
ასლან ბალაძე : ,,ვიცოდი, რომ გაგვიჭირდებოდა, ოღონდ, ასეთი ანგარიშით თუ წავაგებდით,  ვერ ვიფიქრებდი. თავის მართლებას აზრი არ აქვს - მეტოქემ პირწმინდათ გვაჯობა. ეს ჩვენთვის ძალიან მწარე, მაგრამ კარგი გაკვეთილი იქნება. ზოგიერთ ფეხბურთელს პასუხს მოვთხოვთ და სერიოზულადაც დავსჯით.“
სოსო ფრუიძე:  ,,პირველი ლიგის, თანაც ახალგაზრდულ გუნდს ვხვდებოდით. ეპიზოდებში მეტოქე კარგ შთაბეჭდილებას ტოვებდა. დღეს ჩვენმა ბიჭებმა სრული მობილიზებით, ლაღად ითამაშეს და ამისთვის მათი მადლობელი ვარ. ყველა მატჩში შესაძლებლობების მაქსიმუმს თუ გამოვავლენთ, დასახულ მიზნებს აუცილებლად მივაღწევთ.“

„ჩიხურა“(საჩხერე) – „შუქურა“(ქობულეთი) -8:0(5:0)
საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების 1/8 ფინალი.პირველი მატჩი
საჩხერე. ივანწმინდის სტადიონი. 26 თებერვალი. 14 საათი. 400 მაყურებელი

,,ჩიხურა“: სომხიშვილი (კ), ოდიკაძე, ლ. ჭელიძე, საჯაია, კაშია, დიღმელაშვილი, ლომაშვილი (ზაბახიძე, 46), კირკიტაძე, ბოლქვაძე, ნ. კვასხვაძე( გ.ჩხეტიანი, 46), დეკანოიძე (ჩიკვაიძე, 68)
,,შუქურა“: თ. კაკალაძე, ლ. მახარაძე, ბრაჭული, ფუტკარაძე, ა. გოგიტიძე (ნ. გოგიტიძე, 37), ტაკიძე, ჩხიკვიშვილი, პ. ბალაძე, ხუჭუა, ჩელებაძე (კ,დევაძე, 46), ზ. ტუღუში.
გოლი: 1:0, 2:0, 3:0 დეკანოიძე (12, 18, 29), 4:0, 5:0 კვასხვაძე (38, 40), 6:0 დეკანოიძე (61), 7:0 კირკიტაძე (62), 8:0 ზაბახიძე (76)
გაფრთხილება: საჯაია (71)
გაძევება: ჩხიკვიშვილი (71)
მსაჯები: ბაკურ ნინუა, ზაალ ბერულავა, სერგო სპიცინი, გიორგი ყრუაშვილი


იუზა კაციტაძე საჩხერედან

ავტორის ფოტოები

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.073526