ინტერვიუები

13:17 | 26.09.2012 | ნანახია [] - ჯერ

ედოარდო რეია: “კლოზე საუკეთესო ფეხბურთელია, რომელიც ოდესმე გამიწვრთნია”

ედოარდო რეია 2005-09 წლებში “ნაპოლის” მთავარი მწვრთნელი იყო, 2010-2012-ში კი “ლაციოს” დამრიგებლობდა. დღეს სერია A-ს მეხუთე ტურში სწორედ ეს 2 გუნდი ხვდება ერთმანეთს და ჟურნალისტები წინასამატჩოდ სწორედ რეიას გაესაუბრნენ.

- “ნაპოლისა” და “ლაციოს” ამჟამინდელ შემადგენლობებს თვალს თუ გადავავლებთ, ნეაპოლისა და რომის დღევანდელ გუნდებს საფუძველი თქვენი მთავარმწვრთნელობისას ჩაეყარა...
- გეთანხმებით, სამხრეთელთა და დედაქალაქელთა კლუბები ცოტათი თუ განსხვავდებიან იმ პერიოდისგან, როდესაც მათ სათავეში მე გახლდით. “ლაციოს” შემთხვევაში ეს გასაგებია, აი, ვალტერ მაცარის გუნდი რომ ავიღოთ, 8-9 ფეხბურთელი ჩემ დამრიგებლობის დროსაც თამაშობდა. ნეაპოლში ახალი გუნდის შექმნას კარგი ფუნდამენტი ჩავუყარე, თუმცა, მაცარის მიერ ჩატარებულ მაღალკვალიფიციურ სამუშაოსაც უნდა გავუსვათ ხაზი.
- თანამედროვე “ლაციოს” რაც შეეხება, ის თქვენი ჩამოყალიბებული გუნდია...
- დიახ, მაისამდე რომაელთა მთავარი მწვრთნელი გახლდით, ჩემ შემდეგ მისულმა პეტკოვიჩმა კი მხოლოდ რამდენიმე დეტალი შეცვალა. მან ერნანესის სათამაშო პოზიციის კორექტირება მოახდინა და ლედესმა უკან დახია.
- გამოდის, “ნაპოლი” და “ლაციო” თქვენი “შვილები” არიან. ოთხშაბათს ისინი ერთმანეთს შეხვდებიან. რომელს უგულშემატკივრებთ?
- ურთულესი კითხვა დამისვით. ორივეს გულით ვქომაგობ და არჩევანის გაკეთება ამჯერად მიჭირს. მხოლოდ ერთი რამ შემიძლია გითხრათ – ლამაზი თამაში იქნება. ოდნავი უპირატესობა “ნაპოლის” აქვს – ნეაპოლელები ხომ შინ, “სან პაოლოზე” თამაშობენ.
- სერია A-ს ბოლო ტურს თუ არ გავითვალისწინებთ, “ნაპოლიმ” და “ლაციომ” ბრწყინვალე სტარტი აიღეს. ამ გუნდების ამგვარმა გამოსვლამ ხომ არ გაგაკვირვათ?
- არავითარ შემთხვევაში. მშვენივრად ვიცი ამ გუნდების შესაძლებლობები და ორივენი ლიდერთა შორის რომ არიან, კანონზომიერად მეჩვენება.
- ნეაპოლელებს ესეკიელ ლავესი აღარ ჰყავთ. პსჟ-ში გადასული არგენტინელი ფორვარდი გამორჩეულად გიყვარდათ...
- ძალიან გული დამწყდა, როდესაც ლავესიმ ამგვარი გადაწყვეტილება მიიღო. იგი შვილივით მიყვარს და ვამაყობ, ლავესის ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში წვლილი მეც რომ მიმიძღვის. იგი უნიკალური მოთამაშეა.
- დღევანდელ “ლაციოში” ლავესის მნიშვნელობის ფეხბურთელი რომელია?
- მე ასეთად მიროსლავ კლოზეს მივიჩნევ. თუმცა, სიტუაცია მაინც განსხვავებულია. ლავესის ტალანტი ნეაპოლში გასახსნელი იყო, კლოზე კი რომში უკვე ჩამოყალიბებული და სახელიანი მოთამაშე ჩავიდა. მირო საუკეთესო ფეხბურთელია, რომელიც ოდესმე გამიწვრთნია. კლოზე ნამდვილი გუნდური მოთამაშეა.
- ჰამშიკი და ერნანესი. ამ 2 ფეხბურთელისგან ბევრი სიხარულიც განგიცდიათ და სანერვიულოც არ დაგკლებიათ. რას გვეტყვით მათზე?
- ორივე ბრწყინვალე ფეხბურთელია. ჰამშიკი და ერნანესი სტილით განსხვავებული მოთამაშეები არიან, თუმცა, გუნდურ ასპარეზობაზე ერთნაირად მნიშვნელოვანი ზეგავლენის მოხდენა შეუძლიათ. როდესაც ჰამშიკი ნეაპოლში ჩამოვიდა, სრულიად ახალგაზრდა იყო, ერნანესი კი რომში სახელიანი და მეტ-ნაკლებად ჩამოყალიბებული ფეხბურთელი ჩავიდა. მათი საერთო თვისება წინსვლისკენ სწრაფვაა.
- ლოტიტო და დე ლაურენტისი როგორი ხელმძღვანელები არიან? რომელ მათგანთან უფრო გიძნელდებოდათ მუშაობა?
- ორივესთან საერთო ენა მალე გამოვნახე. ლოტიტოცა და დე ლაურენტისიც ძალიან კარგი პრეზიდენტები არიან, რასაც მათი გუნდების გამოსვლაც ადასტურებს. როდესაც ისინი თავიანთი კლუბების მმართველობაში მივიდნენ, გუნდები რთულ მდგომარეობაში იყვნენ, დღეს კი “ნაპოლიცა” და “ლაციოც” მწვერვალების დაპყრობას ცდილობენ. ლოტიტოსა და დე ლაურენტისს რთული ხასიათი აქვთ, მაგრამ უზომოდ უყვართ თავიანთი კლუბები.
- მიმდინარე სეზონში რას უნდა ველოდოთ “ნაპოლისა” და “ლაციოსგან”?
- მათ ბოლო ტურში წაიფორხილეს, თუმცა, თამაშის მიხედვით ურიგოდ არ გამოიყურებოდნენ. ჩემი აზრით, ორივე სკუდეტოს მოსაპოვებლად იბრძოლებს. მართალია, “იუვენტუსი” “ნაპოლისა” და “ლაციოზე” უფრო ძლიერია, თუმცა, თუკი ტურინელებმა ძირითადი აქცენტი ჩემპიონთა ლიგაზე გააკეთეს, ნეაპოლელებსა და რომაელებს ამ მომენტის სათავისოდ გამოყენება შეეძლებათ.
- სხვა კლუბებზე რას იტყვით?
- მილანური კლუბები ჩამოყალიბების პროცესში არიან, აი, “ფიორენტინა” კი მაღალი მიზნისთვის საბრძოლველად მზადაა. გუნდს ძლიერი შემადგენლობა ჰყავს, სათავეში კი ვინჩენცო მონტელა ჰყავთ. მას დიდ პატივს ვცემ.

გოჩა კაჭარავა
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.099151