ინტერვიუები

9:47 | 3.11.2010 | ნანახია [] - ჯერ

ედოარდო რეია: “თუ კლუბის პრეზიდენტს არ ვეთანხმებოდი, ჩემოდანს ვალაგებდი”

გასულ სეზონში, როდესაც რომის “ლაციო” კატასტროფულად ასპარეზობდა და სატურნირო ცხრილის ქვედა ნაწილს ვერ სცილდებოდა, მდგომარეობის გამოსასწორებლად, კლუბის ხელმძღვანელობამ სპლიტის “ჰაიდუკიდან” ედოარდო რეია მოიწვია. იტალიელმა სპეციალისტმა, გუნდის თამაშის გამოსწორება შეძლო და საბოლოოდ, “ლაციო” იტალიის ჩემპიონატში მე-12 ადგილზე გავიდა. რეია მიღწეულზე არ შეჩერებულა და ბევრისთვის მოულოდნელად, მიმდინარე სეზონში, რომაელები სერია A-ს გათამაშებას ლიდერობენ. თუ როგორ შეძლო 65 წლის მწვრთნელმა გუნდში ვითარების შეცვლა, ამის თაობაზე calcionews-ზე გამოქვეყნებული მისი ინტერვიუდან შეიტყობთ.
- განვლილი წლების განმავლობაში, ფეხბურთი მართლა ძალიან შეიცვალა?
- განსაკუთრებით მოედნის მიღმა, რაც მასმედიის ბრალია. ტელევიზიებს ვადანაშაულებ, რომ ისინი ძალიან სწრაფად ქმნიან და განადიდებენ გმირებს. თუმცა, მოედანზეც საკმაო ცვლილებებია. ჩემი პირველი მწვრთნელი მეუბნებოდა: ხედავ, იმ ბიჭს, 10-ნომრიანი მაისურით? ის ერთი წამითაც არ მიატოვო! და მორჩა. ახლა ყველაფერი გაცილებით რთულადაა და თითოეული წვრილმანი უნდა გაითვალისწინო.
- ფეხბურთელებიც სხვანაირები გახდნენ?
- მოთამაშეები თავიანთი დროის ანარეკლები არიან. თუ მათ ყველას წინაშე შენიშვნას მისცემ, უხეშ პასუხს ვერ გაექცევი. როდესაც პირისპირ ესაუბრები, ისინი უმანკო კრავებს ემსგავსებიან. მოკლედ, ეს თანამედროვე ახალგაზრდობის ლოგიკაა – მათ სურთ, თავი უსაფრთხოდ იგრძნონ ჩვენს დაუცველ საზოგადოებაში. ჩემ დროს, როცა მწვრთნელი საუბრობდა, ბუზებსაც კი ფრთების რხევის ეშინოდათ.
- მაშინ მოთამაშეები უფრო დამოკიდებულნი იყვნენ. სხვათა შორის, რას ფიქრობთ ახალ კოლექტიურ შეთანხმებაზე?
- ამის თაობაზე განვრცობა განსაკუთრებით არ მსურს. მხოლოდ ერთს ვიტყვი – ფეხბურთელი რომ ვიყო, არასოდეს დავთანხმდებოდი იმ გუნდში დარჩენას, სადაც მოედანზე გასვლა არ მიწერია. ნებისმიერ სხვა კლუბში წავიდოდი, რათა მეთამაშა. როდესაც გროსოზე ვფიქრობ, რომელმაც “მილანში” გადასვლაზე უარი თქვა და ახლა “იუვენტუსში” სათადარიგოთა სკამს “ხეხავს”, ვბრაზდები. მსოფლიო შეიცვალა და საზოგადოება თავს უფლებას ვერ მისცემს სულელური კაპრიზები მოითმინოს.
- თქვენი გზავნილი ახალგაზრდა ფეხბურთელებს...
- რომლებიც პირველ გუნდში ჩატარებული ორი მატჩის მერე, თავს ვარსკვლავებად თვლიან?! და არ ესმით, რომ მოლოდინი, შრომა და მუდმივი შეჯიბრი საკუთარ თავთან, სწორედ ესაა, რაც გაკაჟებს და ზრდაში ხელს გიწყობს. მე ავუხსენი კლუბის პრეზიდენტ კლაუდიო ლოტიტოს, რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვთა და მოზარდთა სექტორი –კავანდა, კოზაკი, პერპეტუინი, ჩეკარელი. ახალი სახელები აუცილებლად გამოჩნდება თუ ვიმუშავებთ. ასევე, ინვესტიციები უნდა განვახორციელოთ, რადგან ვინც ახალგაზრდებში ფულს დებს და ამ სფეროში ცნობილ სპეციალისტებს იწვევს, ყოველთვის მოგებულია. მე ტყუილუბრალოდ არ მომითხოვია, რომ გუნდში 20 გამოცდილ ფეხბურთელთან ერთად, 3-4 პერსპექტიული ახალგაზრდა მყოლოდა. შედეგად, გასული სეზონის ქაოსთან შედარებით, რაღაცის გაკეთება მოვახერხეთ.  
- თანამედროვე ფეხბურთში, მთავარ მწვრთნელს რამდენად დიდი როლი ეკისრება?
- 20-25 პროცენტი, მეტი არა.
- ხოლო თქვენ “ლაციოში”?
- “ლაციოს” გარშემო ხალხი გავაერთიანე, რადგან მანამდე არეულობა სუფევდა. მე არ მჭირდებოდა ფსიქოლოგი, რომელიც ლოტიტომ მიიწვია, რადგან ამ სამუშაოს გაკეთება თავად შემიძლია. რომში ჩამოსვლის მერე, ორი დღე დამჭირდა, რომ თითოეულ ფეხბურთელს დავლაპარაკებოდი. ნებისმიერ შემთხვევაში, მოედანზე მოთამაშეები გამოდიან, ხოლო ჩემმა ბიჭებმა, ფეხბურთის თამაში იციან. სერია А-ში ადგილის შენარჩუნება და ამჟამინდელი ლიდერობა, მთლიანად მათი დამსახურებაა.   
- თქვენ დავიდე ბალარდინის ნაცვლად მოხვედით, მაგრამ გუნდის თაობაზე საუბარი, დელიო როსისთან ამჯობინეთ...
- დიახ, ასე იყო. მიზეზი უბრალოა – დელიოს უფრო დიდი ხანია ვიცნობ. მან ყველაფერი გულახდილად მომიყვა და მის მიერ ვითარების შეფასება, ჩემი სამუშაოსთვის ძალიან სასარგებლო აღმოჩნდა.
- “კეთილი სერჟანტი” – თქვენს პიროვნებას ყველაზე უფრო მიესადაგება?
- სერჟანტი მიესადაგება, თუ ჩავთვლით, რომ ვმეთაურობ და გადაწყვეტილებებს ვიღებ. სიკეთე კი, სისუსტეს არ ნიშნავს – ფეხბურთელებს ყოველთვის ვუხსნი, თუ რატომ ვერ მოხვდნენ ძირითადში, რადგან დიალოგი მომწონს. სხვათა შორის, იგივე დელიო, შეგირდებს არცთუ ხშირად ესაუბრებოდა.
- უპირატესობას დაცვით ფეხბურთს ანიჭებთ?
- ყოველთვის ვბრაზდები, როდესაც მსგავს რამეს მიმაწერენ. ერნანესთან, მაურისთან, სარატესთან და ფლოკარისთან ერთად, მოედანზე დაცვით ფეხბურთს უპირატესობას როგორ მივანიჭებ? მე შემტევი ფეხბურთის სკოლიდან მოვდივარ, ჯოვანი გალეონეს სკოლიდან. ერერამ და მის შემდეგ საკიმ, ჩვენ უბურთოდ მოძრაობის მნიშვნელობა გვასწავლეს. ერთხელ, კარლო მაცონემ კოვერჩანოში დამტოვა და მითხრა: “გირჩევ, ზოგჯერ დაცვაზე იფიქრო”. ვიჩენცაში გუნდი გავარდნას გადავარჩინე, მოვიპოვე რა, 17 საშინაო გამარჯვება – თითოეულ ჯერზე, ჩემი გუნდი გააფთრებით უტევდა.
- მოდით, საუბრის მიმართულება შევცვალოთ. მართალია, რომ დიდ რეჟისორ პიერ-პაოლო პაზოლინისთან მეგობრობდით?
- ჩვენ ერთმანეთს გრადოში, გორიციას პროვინციაში ვხვდებოდით. ამბობდნენ, რომ იქაური ქვიშა ფეხბურთელების ფეხებისთვის სასარგებლოა. იქ ჩამოდიოდნენ ჯიჯი რივა და ანჯელო სორმანი. ერთმანეთში ფეხბურთის თამაშის დროს, პაზოლინის მეურვეუბა მიწევდა და მინდა ვაღიარო, რომ პიერ-პაოლო არცთუ ცუდი მოთამაშე იყო. თამაშის მერე, ჩვეულებისამებრ, ყველა ერთად რესტორანში სავახშმოდ მივდიოდით.  
- ორმოც წელიწადზე მეტია ხართ დაქორწინებული – ლივიაზე. ის ხელოვნებითაა გატაცებული?
- ის მხატვარია. როდესაც პალერმოში ვიყავით, ფერმწერმა რენატო გუტუზომ, მას საკუთარი ნამუშევრების ჩვენება სთხოვა, რომელთა ნახვის შემდეგ, 5 თუ 6 ტილოს შეძენა სურდა. თუმცა, მეუღლემ უარი უთხრა: “მე მხოლოდ ჩემთვის ვხატავ”.
- რომში გამოფენა ხშირად ტარდება...
- მინდა, რომ მარადიულ ქალაქში ხეტიალის შესაძლებლობა მქონდეს. ვეწვიო თეატრებს – ძალიან მომწონს სახალხო წარმოდგენები თავისი გულწრფელობით. თუმცა, ახლა როდესაც ფოტოაპარატებიანი მობილური ტელეფონები გამოიგონეს, რომში საკუთარ თავს ამის უფლებას ვერ მივცემ, ისევე, როგორც ნეაპოლში ვერ ვახერხებდი - მუდმივად მაჩერებენ და სამახსოვრო ფოტოს გადაღებას მთხოვენ.   
- ბევრი გატაცება გაქვთ – გოლფი, საიალქნო სპორტი, ჩოგბურთი, თხილამურები, ველოსიპედი. თოთოეული სახეობა პირადია. ეს, რას ნიშნავს? განმარტოების მოთხოვნა გაქვთ?
- შესაძლოა. ყველაზე მეტად, ველოსპორტი მიყვარს, რადგან ეს მუდმივი გამოცდაა, საკუთარ თავთან მუდმივი ბრძოლა. “ლაციო” კი, ჩემი ძონკოლანია (“ჯირო დე იტალიას” ცნობილი მთა), სიმაღლე რომელიც უნდა დავიპყრო, რაც არ უნდა დამიჯდეს.
- დიახ, “ლაციო”, რომელსაც ბევრი წლების განმავლობაში, თვალს გვერდიდან ადვენებდით...
- მე “უდინეზეს” გულშემატკივარი ვარ. მახსოვს, მამას როგორ დავყავდი სტადიონზე, რათა არნე სალმოსონის თამაში მენახა. მაშინ, “ლაციოს” თაობაზე პირველად შევიტყვე. შესაძლოა, ეს ბედისწერა იყო. ჯერ კიდევ კოზენცაში, “ლაციოს” აღზრდილსა და მის თავდადებულ გულშემატკივარს, ობერდან ბიაჯონის ვავარჯიშებდი. კოვერჩანოში სწავლისას, პაპადოპულო და ოდი გავიცანი. 1973 წლის მაესტრელის ფორმაციის “ლაციო”, ჩვენთვის, საფეხბურთო საზოგადოებისთვის, საოცრება იყო. როდესაც “ნაპოლის” ვწვრთნიდი და “ლაციოს” ვხვდებოდით, საკუთარ თავს ვეუბნებოდი: “რა საინტერესო გუნდია!”. ყოველთვის რაღაც სიმპათიით ვიყავი განწყობილი ცის ლურჯი ფერებისამდი. ამას, ყოველგვარი პირმოთნეობის გარეშე ვამბობ.    
- თუმცა, ჯერჯერობით, “რომა” არცერთხელ დაგიმარცხებიათ...
- მწვრთნელის რანგში არასოდეს. ფეხბურთელობისას... ჰმ... შესაძლოა, არც მაშინ დამიმარცხებია. წარმატებასთან ახლოს ვიყავი, როდესაც “ვიჩენცას” ვავარჯიშებდი, მაგრამ მაშინ, მგონი გოლი პეროტამ გაგვიტანა და წავაგეთ. თუმცა, ერთხელ ყველაფერი ხდება, ასე არ არის?  
- არასოდეს გშურდათ თქვენი მეგობრების, ან შეგირდების, რომელთაც ტოპ-კლუბებში მუშაობის შესაძლებლობა ჰქონდათ?
- რა თქმა უნდა, მსგავსი შემთხევვები იყო. არცთუ მარტივი ხასიათი მაქვს და ზოგჯერ ჩემს გრძნობებთან გამკლავება მიჭირს. თუ კლუბის პრეზიდენტის ქმედებას არ ვეთანხმებოდი, მეორე დღესვე ჩემოდანს ვალაგებდი. თუმცა, სულის სიღრმეში კმაყოფილი ვარ იმით, რასაც წარმოვადგენ.    
- მოთამაშეები, რომლების ხილვაც თქვენს გუნდებში გსურდათ...
- ძნელი სათქმელია. შესაძლოა, ანდრეა პირლო, რომელსაც ჩემს მიერ გაწვრთნილ “ბრეშაში” დებიუტი 17 წლის ასაკში ჰქონდა. ან, კრისტიანო დონი, რომელთან ერთადაც “ატალანტაში” ვმუშაობდი. ის ბუნებით დაჯილდოებულია, თავიც რომ ადგილზე ჰქონდეს... ან ჯანფრანკო ძოლა, რომელიც 37 წლის ასაკში ჩემი “კალიარის” კაპიტანი იყო – ყოველ დღე კარზე მიკაკუნებდა და მეკითხებოდა: მისტერ, არის რამე, რაც გუნდამდე უნდა მივიტანო”. იგი ყველასთვის მისაბაძი მაგალითი იყო.
- ერნანესი თქვენ ამოირჩიეთ?
- ჩვენ სწორედ ასეთი ფეხბურთელი გვჭირდებოდა. შედარებისთვის, ის სნეიდერს ჰგავს. ლოტიტომ და ტარემ საუკეთესო შემსრულებელი მიიღეს მათ შორის, ვინს ბაზარზე იყო. იგი ძალიან მოდუნებული ჩანს და რბენის უცნაური მანერა აქვს, მაგრამ მისი ფინტები კორპუსით, გულგრილს არ დაგტოვებს. არაფერს ვამბობ მოედნის ფანტასტიკურ ხედვასა და თამაშის აღქმაზე.  
- “ლაციომ” რომელ კომპონენტში უნდა მოუმატოს?
- “მეორე სართულზე” თამაშში. ალბათ, პრობლემა ისაა, რომ ბევრი ტანმაღალი ფეხბურთელი არ გვყავს. მიმდინარე სეზონში, სტუმრად ბევრ მატჩს ვიგებთ და ალბათ, იმიტომ, რომ თამაშის საშუალებას გვაძლევენ, მაგრამ ჩემს საიდუმლოებებს ნუ მკითხავთ. ისინი არ არსებობს – გუნდს შეხვედრებისთვის ყოველთვის ერთნაირად ვამზადებ.  
- სურვილს ჩაუთქვამთ?
- დიახ, მაგრამ არ გეტყვით. ოცნებების უნდა გჯეროდეს, თორემ ისინი არასოდეს ახდება.  
- შევეცდებით გამოვიცნოთ. ეს ევროპის ლიგა ხომ არაა?
- დიახ, მაგრამ ეკონომიკურად მომგებიანი არაა. თუმცა, ხსენებული ტურნირი ევროთასების გამოცდილებას მოუტანს იმ ფეხბურთელებს, რომლებსაც ის არ აქვთ.
- იქნებ, თამასა უფრო მაღლა ავწიოთ...
- ეს ჩემთვის უდიდესი მიღწევა იქნებოდა, რადგან ჯერ ჩემპიონთა ლიგაში არასოდეს გამოვსულვარ...

 

მოამზადა ლაშა თაბაგარმა
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.101634