დონეცკის “შახტიორმა”, რომელიც განხორციელებული ტრანსფერებით პოსტსაბჭოურ სივრცეში ერთ-ერთი ლიდერია, ახალი სეზონის წინ, მორიგი ხმაურიანი შენაძენი გააკეთა. უკრაინულმა კლუბმა, ლონდონის “არსენალიდან” ხორვატული პასპორტის მქონე ბრაზილიელი ედუარდო 6 მილიონ გირვანქად შეიძინა. დონეცკში გადასვლამდე, 27 წლის ფორვარდმა ინგლისში 3 სეზონი (2007-2010) გაატარა და 68 შეხვედრაში 24 გოლი გაიტანა. თუმცა, მას უფრო მეტის გაკეთებაში ხელი 2008 წლის 23 თებერვალს “ბირმინგემთან” მიღებულმა ტრავმა შეუშალა, როდესაც მეტოქის ფეხბურთელმა მარტინ ტეილორმა ფეხი მოტეხა. ედუარდოს გამოსაჯანმრთელებლად ერთი წელიწადი დასჭირდა და გასაკვირი არაა, რომ გასულ სეზონში, მან მეტოქის კარი მხოლოდ 5-ჯერ აიღო. სეზონის წინ, “არსენალმა” ფორვარდის გაყიდვა გადაწყვიტა და ბრაზილიელ-ხორვატი “შახტარმა” შეიძინა, რომელიც სხვათა შორის, ჯგუფში “არსენალთან” ერთად მოხვდა. გთავაზობთ ინტერვიუს, ხორვატიის ეროვნულ ნაკრებში 29 მატჩის ჩამტარებელ და 18 გოლის გამტან ედუარდოსთან, რომელიც მან უკრაინულ გამოცემა “სეგოდნიას” მისცა.
- ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში, თქვენი ყოფილი კლუბის, “არსენალის” მიერ პორტუგალიის “ბრაგას” 6:0 დამარცხება როგორ აღიქვით - გაგიკვირდათ?
- ეს რა სურპრიზია? “არსენალი” დიადი კლუბია, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ტურნირებზე საუცხოო შედეგებს აჩვენებს. მითუმეტეს, საკუთარ სახლში.
- “შახტიორის” შანსები “არსენალის” წინააღმდეგ, როგორია?
- საუცხოო, განსაკუთრებით საკუთარ მოედანზე. ჩვენ ტექნიკური გუნდი გვყავს. ჩვენ შეგვიძლია “არსენალი” გავაოცოთ. გახსოვთ ალბათ, გასულ სეზონში “ოლიმპიაკოსმა” “მეთოფეებს” 1:0 მოუგო. რა თქმა უნდა, “ემირეიტესზე” უფრო გაგვიჭირდება.
- “არსენალს” საკუთარ მოედანზე ასეთ სახიფათოს რა ხდის – აკუსტიკა, თუ მოედნის საფარია განსაკუთრებული?
- საერთო ჯამში, ატმოსფერო. მთელი მატჩის განმავლობაში, სტადიონის ტრიბუნები არ ჩუმდება, ზუსტად ისევე, როგორც ჩვენს მიერ “პარტიზანთან” ჩატარებული მატჩის დროს იყო.
- ყველაზე ძნელად, ლონდონში რას შეეგუეთ? ავტომანქანის მარჯვენა საჭეს?
- ლონდონშიც მქონდა იმის უფლება, რომ მემოძრავა ავტომანქანით, რომელსაც საჭე მარცხნივ აქვს, ისევე, როგორც სხვა უცხოელ ფეხბურთელებს. ყველაზე რთული, ამინდთან შეგუება იყო – ეს გამუდმებული წვიმები...
- “არსენალში” თქვენი საუკეთესო მეგობარი ვინ იყო?
- ყველასთან ნორმალური ურთიერთობა მქონდა. თუმცა, ყველაზე მეტ დროს დენისლსონთან ვატარებდი. ისიც ხომ ბრაზილიელია.
- ჩემპიონთა ლიგაში ჩასატარებელი მატჩების შემდეგ, მაისურებს “არსენალის” რომელ ფეხბურთელებს გაუცვლით?
- ლონდონში მსურს მაისური სესკ ფაბრეგასს გაუცვალო, ხოლო დონეცკში –დენილსონს.
- “ემირეითსზე” დაბრუნებულს, როგორი შეგრძნება გექნებათ?
- რა თქმა უნდა, ემოციები დამეუფლება. თუმცა, პროფესიონალი ვარ და ჩემი ამჟამინდელი გუნდის მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებ. გარდა ამისა, ამ მატჩამდე სხვა თამაშებიც იქნება და პირველყოვლისა, მათზე ვფიქრობ.
- ლუჩესკუსა და ვენგერის შედარება შეგიძლიათ?
- ისინ ერთმანეთს გვანან. ორივე ლეგენდები არიან. ორივე მათგანს საუცხოო შედეგები აქვს. ორივე დიდი გუნდების მწვრთნელები არიან. განსხვავება ისაა, რომ ვენგერი “არსენალში” 15 წელიწადია მუშაობს, ხოლო ლუჩესკუ “შახტარში” -7. ორივეს სურს, რომ მათმა გუნდებმა ლამაზი ფეხბურთი ითამაშონ.
- “არსენალში” იმდენი ბრაზილიელი არაა, რამდენიც “შახტარში”...
- თუმცა, იქ ტალანტები მთელი მსოფლიოდანაა შეკრებილი.
- თქვენს ამჟამინდელ მომზადების დონეს, რამდენი პროცენტით აფასებთ?
- ასი პროცენტით მზად ვარ.
- ცოტა ხნის წინ, ლუჩესკუმ თქვა, რომ ასი პროცენტით მზად არ ხართ...
- უბრალოდ, მას ჩემი გამოცდა უნდა. ყველაფერი, რაც მსურს – ეს, თამაშია.
- კარიერაში გატანილი გოლებიდან, ყველაზე ლამაზად რომელს თვლის?
- ლამაზები, თუ მნიშვნელოვანი? თუ მნიშვნელოვანებზეა საუბარი, ერთ-ერთი მათგანი ზაგრებში, ინგლისის ნაკრების კარში გატანილი ბურთია, როდესაც 2:0 მოვიგეთ. იგივე, ისრაელის ნაკრებთან შესრულებული ჰეთ-თრიკი. ყველაზე ლამაზად კი, “არსენალის” შემადგენლობაში “ბარნლის” კარში გატანილ გოლს მივიჩნევ. მაშინ, ბურთი მიწაზე დაუშვებლად მარცხენა ფეხის გარე ტერფით დავარტყი და შორეულ “ცხრიანში” შევარდა.
მოამზადა ლაშა თაბაგარმა







