ფეხბურთი

17:33 | 26.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

ედუარდო იტურალდე გონსალესი: “მატჩის დროს ჩავი კომენტატორივით იქცევა”

 ფეხბურთის მოყვარულებს ზედიზედ 2 “ელ კლასიკოს” ხილვის საშუალება აქვთ. ამ შეხვედრების მსვლელობაზე დიდი ზეგავლენის მოხდენა არბიტრებსაც შეუძლიათ, ამიტომ მომავალ პაექრობებზე დანიშნულ მსაჯებზე, უნდიანო მალენკოსა და პერეს ლასაზე ბევრია დამოკიდებული. დღეს “სამეფო თასზე” ჩასატარებელი “ბარსელონას” და “რეალის” განმეორებითი შეხვედრის წინ (პირველი ასპარეზობა მადრიდში 1:1 დასრულდა) “მარკამ” ინტერვიუ ჩამოართვა ახლო წარსულში ცნობილ მსაჯს ედუარდო იტურალდე გონსალესს. ეს უკანასკნელი 17 წლის განმავლობაში სჯიდა უმაღლეს დონეზე, 2012 წლის 23 მარტს კი საარბიტრო კარიერის შეწყვეტის თაობაზე გააკეთა განცხადება, მიზეზად კი ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ კომიტეტთან უთანხმოება დაასახელა. 

- რამდენადაა რთული “ბარსელონასა” და “რეალის” მატჩების განსჯა?

- არბიტრისთვის “ელ კლასიკო” ყველაზე იოლი განსასჯელია.

- ამას სერიოზულად ამბობთ?

- მერწმუნეთ ასეა. არბიტრისთვის ყველაზე ძნელი იმ შეხვედრებში მუშაობაა, რომლებშიც ქვედა დივიზიონში დაქვეითების პრეტენდენტი გუნდები მონაწილეობენ. “ელ კლასიკოს” რაც შეეხება, ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას ბარსელონელი ან მადრიდელი მწვრთნელები და მოთამაშეები კი არ ახდენენ, არამედ პრესის წარმომადგენლები და გულშემატკივრები.

- თქვენ 3 “ელ კლასიკოს” მთავარი არბიტრი იყავით. რა გრძნობა გეუფლებოდათ, როცა ამ შეხვედრებში მსაჯად დანიშვნის ამბავს შეიტყობდით?

- მხოლოდ და მხოლოდ აღმაფრენის შეგრძნება.

- პირველი “ელ კლასიკოს” წინ ნერვიულობდით?

- იმ მატჩისწინა ფოტოებს ვინახავ. სურათზე გვარდიოლასა და სანჩისთან ერთად ვარ აღბეჭდილი. მატჩის მერვე წუთზე რობერტო კარლოსი გავაძევე. ბრაზილიელი მეტად უხეშად ჩაუხტა ფეხებში ლუიშ ფიგუს და “რეალი” რიცხობრივ უმცირესობაში დატოვა. ის პაექრობა კატალონელებმა 3:0 მოიგეს.

- თქვენ მიერ განსჯილი სამივე “ელ კლასიკო” “ბარსელონამ” მოიგო...

- დიახ და ამ შეხვედრების საერთო ანგარიში 11:0-ია “ბარსას” სასარგებლოდ. სტატისტიკა სტატისტიკაა და მას ვერსად გავექცევით, მაგრამ “რეალის” წაგებები ჩემი ბრალი ნაღდად არაა.

- შეგიძლიათ ჩვენ მკითხველს გაუმხილოთ, ერთ-ერთი “ელ კლასიკოს” შემდეგ იკერ კასილასმა რა გითხრათ?

- იკერი ჩემი ამხანაგია, მაგრამ ერთხელ ნამატჩევს მითხრა – იტუ, შე ოხერო, პატივს გცემ, მაგრამ “რეალის” მატჩების მსაჯობას თავი დაანებე. ახლა კი ერთ სტატისტიკურ მონაცემსაც გაგიმხელთ, რომელიც კასტილიელ ფანებს ჩემ წინააღმდეგ კიდევ უფრო განაწყობს – მადრიდის “რეალს” ყველაზე მეტი საშინაო მატჩები ჩემი და ბაბუაჩემის არბიტრობის დროს აქვს განცდილი. ბაბუაც საფეხბურთო არბიტრი გახლდათ, ისევე, როგორც მამაც. აი, მამა კი “რეალის” თავგადაკლული ქომაგი იყო. ოჯახის წევრებიდან მხოლოდ ის გულშემატკივრობდა “ბლანკოსს”. ამის გამო მას ხუმრობით “თეთრ ყვავს” ვეძახდით. ისე კი, ტყუილად ჰგონიათ, რომ მე “ბარსელონას” მომხრე ვარ – ჩემი გული ბილბაოს “ატლეტიკს” ეკუთვნის.

- “ელ კლასიკოს” წინ რომელიმე კლუბის წარმომადგენელი გირეკავდათ?

- არა, რას ამბობთ! ამგვარი რამ რომ მომხდარიყო, მსაჯობას იმწამსვე თავს დავანებებდი.

- თქვენთვის ყველაზე რთული რომელი “ელ კლასიკო” გამოდგა?

- ჯერ იმას მოგახსენებთ, რომ სამივე მატჩმა სიამოვნება მომანიჭა. ერთში კი მუშაობა მართლაც გამიჭირდა. იმ შეხვედრაში დიდი ვნებათაღელვა იყო ორივე გუნდის მოთამაშეთაგან, პაექრობა კი “ბარსამ” 5:0 მოიგო.

- იკერ კასილასი ვახსენეთ. “ელ კლასიკოს” მსვლელობისას თუ არიან ფეხბურთელები, რომლებიც უჩუმრად ეგუებოდნენ ნებისმიერ თქვენ გადაწყვეტილებას?

- იცით ასეთი მოთამაშეები რომელ კატეგორიას განეკუთვნებიან? საფეხბურთო გენიოსებს. სამწუხაროდ, მინდორზე დიეგო არმანდო მარადონასთან ერთად არ მიმუშავია, კრიშტიანუ რონალდუ, ლეო მესი, რომარიო, რონალდინიო, რონალდო, ზინედინ ზიდანი, ანდრეს ინიესტა კი მთლიანად თამაშში იყვნენ ჩაბმულნი და მსაჯთან სასაუბროთ არ ეცალათ.

- ჩავი არ გიხსენებიათ...

- ჩავი კიდევ ერთი საფეხბურთო გენიოსია, მაგრამ მატჩის დროს ის რადიოკომენტატორივით იქცევა. მასთანაც კარგი ურთიერთობა მაქვს, თუმცა, წმინდა საფეხბურთო-სამსაჯო თემაზე უთანხმოება მოგვსვლია.

- მომავალ “ელ კლასიკოებში” რა რჩევას მისცემდით უნდიანო მალენკოსა და პერეს ლასას?

- ნერვები მოთოკონ და მატჩებიდან სიამოვნება მიიღონ. “ბარსელონასა” და “რეალში” ხომ საუკეთესო ფეხბურთელებია თავმოყრილი.

- ბლატერსა და პლატინის საფეხბურთო მატჩების მსვლელობისას მსაჯობის დახვეწის სხვადასხვა მიდგომა აქვთ. თქვენ რომელს ემხრობით?

- ფიფა თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაზეა ორიენტირებული, უეფა 5 არბიტრის მომსახურების წინადადებით გამოდის. ვფიქრობ, პლატინის იდეა უფრო მისაღებია.  

- სამსაჯო კარიერაში რა დაგაკლდათ?

- გული მწყდება არგენტინულ “ელ კლასიკოში” რომ არ მომიწია მსაჯობა. “ბოკა ხუნიორსისა” და “რივერ პლეიტის” შეხვედრება სულ სხვა საფეხბურთო განზომილებაა. მათი მატჩის განსჯა გაცილებით უფრო მიზიდავს, ვიდრე მსოფლიოს ჩემპიონატის პაექრობების მომსახურება.

 

გოჩა კაჭარავა

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.094532