წინასაშობაოდ სასიამოვნო სიურპრიზი მოუწყო საკუთარ თავს ნიუ იორკის ერთ-ერთი ბოროს, სტეიტენ აილენდის მცხოვრებმა ედუარდ ფოტიმ - ჩამოვიდა ბრუკლინში, კლინტონ სტრიტზე მდებარე „კლინტონ ნეუ-ში“ New York Lottery-ის ათი ბილეთი იყიდა, ერთ-ერთში რიცხვები - 18, 20, 34, 37, 42, 56 მონიშნა და...
14-მილიონიანი (და ცოტა მეტი) ჯეკ-პოტი მოიგო!
უბრალო სოციალურმა მოსამსახურემ ლატარეის ორგანიზატორებისაგან უკვე მიიღო ცხრა მილიონ დოლარზე მეტი და კიდევ ხუთ მილიონს მოგვიანებით მოგაწვდითო, დაჰპირდნენ ედუარდ-ბედნიერს.
„განცდა მეტისმეტად სასიამოვნო კი არის, მაგრამ ჩემი შანსი დაახლოებით იმას ჰგავდა, მეხმა ზედიზედ ათჯერ რომ დაგარტყას. სხვა მხრივ, ბევრი არაფერი შეცვლილა - გავიგე, რომ ჯეკ-პოტი მოვხსენი და სამუშაოს დავუბრუნდი“ - ასე აკადემიურად გამოეხმაურა აწ უკვე მილიონერი ფოტი თავზე დამტყდარ ბედნიერებას - „მე მოვიგე, იმ ხალხმა ხომ არა, ვისაც ჩემი სამუშაოდან გამომდინარე, დახმარება სჭირდება. ამიტომ ძველებური გულმოდგინებით გავაგრძელებ შრომას“.
რაც შეეხება მომავალს, „მეხდაცემული“ ჯერსი-შორში დასვენებას და მინიმალური თანხის დახარჯვას აპირებს - თუმცა, ახალმოგებულზე შვებულების აღებაც არ ჩათვალა საჭიროდ და როგორც ჩანს, მოგვიანებითღა გაიკრავს ჯიბეზე ხელს.
ამასობაში 4 ათასი დოლარით, 30 დღიანი შინაპატიმრობითა და საზოგადოებისთვის სასარგებლო 250-საათიანი სამსახურით „დააჯილდოვეს“ წარსულში ცნობილი ბეისბოლისტი ბარი ბონდსი. ეს პატივცემული ჯეელობაში რეკორდს რეკორდზე კი ამყარებდა (კარიერაში 762 ჰოუმრანი დღემდე სარეკორდოა, ისევე, როგორც 2001 წელს, ერთი სეზონის განმავლობაში განხორციელებული 73 ჰოუმრანი), მაგრამ ამაში ოსტატობის გარდა, სტეროიდებიც დაუხმარებია. შესაბამისად, ფედერალური პროკურორის თანაშემწე მისთვის 15-თვიან პატიმრობას ითხოვდა , მაგრამ ფედერალურმავე მოსამართლემ არნახული გულმოწყალება გამოიჩინა და ცნობილ სპორტსმენს მხოლოდ ზემოხსენებული ჩამონათვალი აკმარა.
„თითქმის სასაცილო განაჩენია“ - განაცხადა პრესკონფერენციაზე პროკურორის თანაშემწემ და ადვილი გასაგებია რატომაც: ბარი ბონდსს, რომელმაც კარიერის განმავლობაში 188 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, 4 ათასი დოლარი ჯარიმა რომ არ დააქცევს, პირველკლასელისთვისაც იოლი გამოსათვლელია. გარდა ამისა, 30-დღიანი შინაპატიმრობა ბევერლი-ჰილში, საკუთარ სახლში, სადაც, სხვას ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ექვსი „სპალნა“, რვა სააბაზანო, სპორტული დარბაზი და აუზია, ნამდვილად ვერ ჩააგდებს ექსვარსკვლავს დეპრესიაში.
როგორც აღმოჩნდა, „ჰოუმრანისტის“ ცოდვა-მადლი მის პირად მწვრთნელზე, გრეგ ანდერსონზე ჰკიდია - ამ მადლიანს შეგირდის საწინააღმდეგოდ გამოსვლა უუარია, ციხეში თავად წასულა და ბონდსი გადაურჩენია. მოსამართლესაც რა უნდა ექნა - სამხილის ვერდამტკიცების გამო გულმოწყალედ განსაჯა.
ასეა, „ჩაშვების ინსტიტუტს“ ამერიკაშიც ათვალწუნებით უცქერენ და რაც შეეხება აქაურ და ფართოდ გავრცელებულ მოწოდებას - „see something say something“ მოსახლეობა პოლიციასთან თანამშრომლობაზე მეტად, ვინმეს მიერ ტრანსპორტში დარჩენილი ან დაკარგული ნივთის დასაბრუნებლად თუ ახორციელებს.
ამასობაში, კალათბურთის თამაში დაამთავრა კიდევ ერთმა, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით დიდმა კაცმა - ანტონიო მაკდაიესმა. მისი განცხადება თითქმის მაშინვე გავრცელდა, როცა ამაზე უკვე განაცხადა პეჟა სტოიაკოვიჩმა. მაკდაიესი, 1995 წლის დრაფტიდან მოყოლებული, ენბიეის ერთ-ერთ გამორჩეულ მოთამაშედ კი ითვლება, მაგრამ კარიერა ისე დაამთავრა, ტიტული ვერ მოიგო.
ყველაზე ახლოს საჩემპიონო ბეჭედთან 2005 წლის სეზონში იყო - მის „დეტროიტს“ ხომ მხოლოდ მცირე დრო აშორებდა „სან ანტონიო სპერზის“ მეშვიდე მატჩში დამარცხებისაგან.
არ მოხდა ასე - შეხვედრა დანკანმა და კამპანიამ მოიგო და აგერ, კიდევ ექვსსეზონიანი უშედეგო წვალების შემდეგ მაკდაიესი „დიდ ავიაციას“ ეთხოვება.
„წასვლაზე ადრეც დავფიქრებულვარ. უბრალოდ, იმედს არ ვკარგავდი, რომ როდესმე ენბიეის ფინალსაც მოვიგებდი, მაგრამ ოცნება ვერ ავისრულე“, - ასე ნაღველნარევი ფრაზით გამოემშვიდობა ანტონიო საკალათბურთო მედიას და ამით ერთი სერიოზული ეპოქაც დაამთავრა.
დაბოლოს, კონტრასტზეც: სანამ საქართველოში საგაზეთო პრესას „იმასუშვრებიან“, ამერიკელი ჟურნალისტი იქეთ გახდა მოძალადე. ფილადელფიურმა „დეილი ნიუსმა“ ცნობილი და მრავალი ჟურნალისტური პრიზის მფლობელი მესვეტე, ბილ კონლინი გაათავისუფლა.
კოლუმნისტის უმუშევრად დარჩენის მიზეზი, კონკურენტი გამოცემის მიერ გამოქვეყნებული სტატია სახელად „ბილ კონლინი ბავშვებზე ძალადობაში ამხილეს“ გახდა. კაცს, რომელიც წერდა კალათბურთზე, ამერიკულ ფეხბურთზე, ბოქსზე, ბეისბოლზე, ტენისსა და ოლიმპიურ თამაშებზე და რომელიც წლეულს ბეისბოლის დიდების დარბაზშიც კი შეიყვანეს, 40 წლის წინათ 7-დან 12 წლის ასაკამდე სამ ბავშვზე უძალადია და მათგან ერთ-ერთმა, ნიუ ჯერსის ქალაქ ატლანტიკ-სითიში მცხოვრებმა, ცნობილი მესვეტის ნათესავმა (კელი ბლენჩეტმა) საიდუმლოს ფარდა ახადა:
„ამის შესახებ ბევრმა იცოდა, მაგრამ მათ აქამდე არაფერი თქვეს. მას შემდეგ, რაც ბავშვებზე ძალადობა გახშირდა, გადავწყვიტეთ, ჩვენი წარსულის ეს მძიმე ფაქტი სააშკარაოზე გამოგვეტანა.“
რა და როგორ იქნება, მომავალი გვიჩვენებს, მაგრამ ერთი რამ ამთავითვე ნათელია - 1965 წელს დაწყებული ჟურნალისტური კარიერა მორჩა - ფლორიდულ კონდონიუმში განმარტოებული ბილ კონლინი სირცხვილს ვეღარასოდეს ჩამოირეცხავს.
კონსტანტინე გოგიშვილი, ნიუ იორკიდან









