გულშემატკივრის სვეტი

20:01 | 6.02.2012 | ნანახია [] - ჯერ

ეგვიპტური კოშმარი

”აი, ამიტომ არ მიყვარს ფეხბურთი. მთლინად გიჟები და არანორმალურები არიან ფეხბურთელებიცა და გულშემატკივრებიც”, – ეს სიტყვები ერთ-ერთი ნაცნობისაგან მას შემდეგ მოვისმინე, რაც ეგვიპტეში, ქალაქ პორტ საიდის სტადიონზე მომხდარი ტრაგედიის შესახებ გახდა ცნობილი. სიტყვა ”ტრაგედია” მთლად ბოლომდე ნამდვილად ვერ ასახავს იმ საშინელებას, რაც ამ არცთუ დიდ ქალაქში დატრიალდა და ფეხბურთის მოძულე იმ ჩემს ნაცნობს სწორედ ამიტომაც ვერაფერი ვუთხარი. ანდა რა უნდა მეთქვა, როდესაც მსოფლიოში დღემდე არსებობენ ადამიანები, რომლებიც ფეხბურთს, ამ გენიალურ გამოგონებას ყოველ ნაბიჯზე ფეხქვეშ თელავენ და არა მხოლოდ სახელს უტეხენ, არამედ ეჭვქვეშ აყენებენ იმ ერთი შეხედვით თვალნათელ ფაქტს, რომ ფეხბურთი მშვიდობისა და კაცთმოყვარეობის მსახურია და არა ზიზღისა და სისხლისღვრის პირველწყარო.
ეგვიპტეში მომხდარი კაცთაკვლის მიზეზები ჯერ მთლად ბოლომდე დაუდგენელია, და ჩვენ მხოლოდ ის ვიცით, რომ პორტ საიდში ადგილობრივი საფეხბურთი კლუბი, “ალ-მასრი” დედაქალაქის, ქაიროს გუნდ ”ალ აჰლის” ხვდებოდა. მატჩის დაწყებისთანავე სტუმარი გულშემატკივრები მასპინძელი ქომაგებისადმი განსაკუთრებულ აგრესიას ამჟღავნებდნენ. მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე კი, როდესაც მასპინძლების გუნდი ქაიროელებს ამარცხებდა, დედაქალაქელმა ფსევდოგულშემატკივრებმა აქაოდა, დამარცხება როგორ გაგვიბედესო, სტადიონზე არსებული დამცავი რკინის ცხაურები გაარღვიეს და ”ალ მასრის” გულშემატკივრებს ისეთი სისასტიკით ეკვეთნენ, ყველაზე ტვინდაბინდული ადამიანის გონებაც კი რომ ვერ მოიფიქრებს. რკინის ხელკეტებით, ქვებით, (და თქვენ წარმოიდგინეთ, ხელყუმბარებითაც კი) შეიარაღებულმა ბრბომ უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. შეტაკების პირველ ეტაპზე პორტსაიდელები ასე თუ ისე უწევდნენ წინააღმდეგობას მომხვდურებს და როგორც ევროპულ პრესაში წერენ, გარდაცვლილთა შორის ოთხი ქაიროელი სწორედ ამ მომენტში იმსხვერპლეს. თუმცა, შემდეგ რიცხოვნობით ბევრად ჭარბმა ”სტუმრებმა” მასპინძლებს ნამდვილი ”განკითხვის დღე” მოუწყვეს. დღემდე ითვლიან, ზუსტად რამდენი ადამიანია დაშავებული და დაღუპული. ბრიტანული ”ბი-ბი-სი”, ადგილობრივი პოლიციის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ამ დროისათვის 74 ადამიანია დაღუპული და ათასამდეა (!) დაჭრილი. თუმცა, თვითონ ბრიტანელები ამბობენ, რომ ეს მონაცემები შესაძლოა სულაც არ იყოს ზუსტი და მსხვერპლი ოფიციალურ ციფრებს მნიშვნელოვნად აღემატებოდეს.
სულ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ხომ წარმოგიდგენიათ, რა მასშტაბის საშინელებაზეა საუბარი, როდესაც 1000-ზე მეტი ადამიანი დაზარალდა და ეს ყველაფერი მოხდა არა მტრად გადაკიდებულ ქვეყნებს შორის, არამედ ერთი ქვეყნის ეროვნულ პირველობაში. საიდან უნდა ჰქონდეთ ადამიანებს ერთმანეთის ასეთი ზიზღი და ღვარძლი? 21-ე საუკუნეში, როდესაც ჩვენი პლანეტა ასე ”დაპატარავდა”, რატომ უნდა ხოცავდნენ თანამემამულეები ერთმანეთს სტადიონზე მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ მოწინააღმდეგე გუნდი არ ეპიტნავებათ?! არსებობს კი ადამიანი, რომელსაც ამ კითხვებზე შეუძლია პასუხის გაცემა?!..
გასული საუკუნის 60-იან წლებში, როდესაც მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პლეი ოფის მატჩის დროს, გვატემალელმა და ჰონდურასელმა ქომაგებმა ერთმანეთი დახოცეს, ამ შემთხვევას ”საფეხბურთო ომის” კვალიფიკაცია მიეცა და აშშ-ის ჩარევის შემდეგ, ჰონდურასისა და გვატემალის არმიების დაშორიშორება რის ვაი-ვაგლახით მოხერხდა (სხვათა შორის, მაშინ ჰონდურასის ავიაციამ გვატემალის მნიშვნელოვანი ნავთობის ჭაბურღილები და პორტებიც კი დაბომბა). იმ პერიოდის მსოფლიო პრესა წერდა, რომ ეს უნდა ყოფილიყო უკანასკნელი ომი, რომელიც ფეხბურთის გამო დაიწყო და ამის შემდეგ, მსგავსი შემთხვევები მკაცრად უნდა გაკონტროლებულიყო გაეროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. ამის შემდეგ, სტადიონზე ჩხუბის შემთხვევები, რასაკვირველია, ყოველთვის და ყველგან ხდებოდა. ზოგიერთი მატჩის დროს, რამდენიმე ქომაგიც დაღუპულა, რაც, რასაკვირველია, მუდამ დიდ ტრაგედიად განიხილებოდა. მაგრამ ეგვიპტეში მომხდარის მსგავსი საშინელება, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჰონდურას-გვატემალის საფეხბურთო იმის შემდეგ აღარ მომხდარა.
დღეს რიგითი ეგვიპტელები მომხდარში განსაკუთრებით ქვეყნის პოლიციას ადანაშაულებენ. პოლიციამ, როგორც ჩანს, დროულად ვერ მიიღო სათანადო ზომები და ასეთი მასშტაბის კატასტროფა დაუშვა. ადვილი შესაძლებელია, რომ ეგვიპტელი სამართალდამცველების ერთი ნაწილი კიდეც გადააყენონ თანამდებობიდან, მაგრამ არაფერი ეშველება უკვე დაღუპულ ადამიანებსა და ფეხბურთის დაცემულ ავტორიტეტს მთელ მსოფლიოში. მოძალადეებმა ხომ სხვა ყველაფერთან ერთად, ფეხბურთიც შეურაცხყვეს. ფეხბურთი, რომელსაც ერთი მხრივ კორუფცია და ყველაფრის მკადრებელი მაქინატორები უთხრიან ძირს, მეორე მხრივ კი, ათასი ჯურის კაციჭამია მოძალადეები, რომელთათვისაც ადამიანის სიცოცხლე საერთოდ არაფერს ნიშნავს.
 

 

ლევან სეფისკვერაძე
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.171682