საოცარი ქალაქია თბილისი. არ მგონია, დედამიწაზე იყოს კიდევ სხვა ქალაქი, სადაც იარსებებს დიდი მონიტორებით გადაძეძგილი კოხტა ლუდხანები, (რომელთა კლიენტურას ძირითადად ფეხბურთის მოყვარულები შეადგენენ), რომლებიც 12 საათზე, დღის მნიშვნელოვანი თამაშების დაწყებამდე იკეტებიან. თბილისში ასეა, თბილისში ეს შეძლეს! გასაგებია, რომ „ელ კლასიკოს“ გამართვის დროს ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია აწესებს და ღამის პირველ საათზე დაწყებული მატჩის ცქერა ყოვლად მოუხერხებელია, მაგრამ როდესაც ლუდხანას ხსნი და პრეტენზია გაქვს, რომ გულშემატკივრები მოიზიდო, რა დიდი გათვლა სჭირდება იმას, რომ თუ „ელ კლასიკოს“ სანახავდ მოსულ ხალხს უკან ისტუმრებ, ეს ადამიანები მეორედ აღარასოდეს გესტუმრებიან!
მოკლედ, გასულ კვირას ფეხბურთის გულშემატკივრები ძალიან გაგვაბრაზეს თბილისური ბარების მფლობელებმა. ის რამდენიმე ადგილი, სადაც „ელ კლასიკოს“ აჩვენებდნენ, “ბარსელონასა“ და “რეალის“ მრავალრიცხოვან ქომაგებს წინასწარ დაეჯავშნათ. იმ ადამიანებს კი, რომლებსაც უბრალოდ ფეხბურთის ცქერა გვსურდა და არა ლეო მესისა და კრიშტიანუს გარღვევებზე ყიჟინა, ფეხბურთის მეგობრულ გარემოში ცქერის ყოველგვარი შანსი მოგვისპეს და სულ ბუზღუნ-ბუზღუნით დავიშალეთ.
დაკეტილი ბარიდან შინ კუდამოძუებული რომ ბრუნდები და სახლში საკაბელო ტელევიზია არ გაქვს, რა უნდა ქნა? მიხვდით ალბათ... იხსენებ მეგობარს, რომელსაც საკაბელო ტელევიზიაც აქვს და შუაღამეს დაწყებული ფეხბურთის ცქერის დროს ახლადჩაძინებული ცოლი არ წამოუფრინდება: “რა დროს ფეხბურთია, დაიძინე, ხვალ ადრე ხარ ასადგომიო!“. მეც ვიფიქრე, ვიფიქრე და ერთი ჩემი ძველი მეგობრის ვარიანტამდე მივედი. უცოლშვილო კაცია, კაკო ყაჩაღივით, სადაც უღამდება, იქ უთენდება და ვიფიქრე – თუ სახლში იქნება, უელკლასიკოოდ, აბა, რა დააძინებ- მეთქი. გამიმართლა, სახლში იყო. ფხიზელიცა და ფეხბურთის სანახავად შემართულიც. იმას უფრო გაუხარდა ფეხბურთის მასთან ცქერის სურვილი რომ გამოვთქვი. სად მარტო, საბანში ფეხებშეკეცილი რომ უყურებ თამაშს და სად მეგობართან ერთად რომ ხალისობ...
მოკლედ ჩავუჯექით. ცოტაოდენი თხილი და ლუდიც მოვიმარაგეთ და თამაშის დაწყებას დაახლოებით 20 წუთი აკლდა, როდესაც გასული საუკუნის 90-იანი წლების კოშმარებმა თავი შეგვახსენა. სინათლე ჩაქრა! გავიხედეთ ფანჯრიდან, ყველგან ჩამქრალია. რას ვიზამთ? ველოდებით დენის მოსვლას, თან ნერვები გვეშლება. “რაღა ახლა კაცო, რაღა ახლაო“ – ვწუწუნებთ და რაკი სახლში სანთელი ვერ ვიპოვეთ, ტელეფონების ეკრანებითა და სანთებელებით ვანათებთ ჩაბნელებულ ოთხს. დადგა პირველი სათი, ორის ნახევარი, ორი... და ის-ის იყო გულდამძიმებული სახლში უნდა გამოვბრუნებულიყავი, დენიც მოვიდა. ჩავრთეთ ტელევიზორი გახარებულებმა. მეორე ტაიმი წამების დაწყებული იყო და პირველი, რაც ეკრანზე დავინახეთ, ეს ჟოზე მოურინიოს იმედიანი თვალები იყო. დავასკვენით რომ “რეალი“ არ აგებდა. შემდეგ ანგარიშიც გავიგეთ და მთელი 15 წუთი ჩემი მეგობარი, რომელიც თქვენი მონა- მორჩილის მსგავსად, არც “რეალის“ გულშემატკივარია და არც “ბარსელონასი“, მიმტკიცებდა, რომ მადრიდელები ამ თამაშს აუცილებლად მოიგებდნენ, რადგან მოურინიოს კატალონიელებთან “სანტიაგო ბერნებეუზე“ ამჯერადაც რომ წაეგო, უეჭველად თავი ექნებოდა მოსაკლავი. დიდ სჯა-ბაასში ვიყავით, როდესაც ჩავიმ “ბარსა“ წინ გაიყვანა. შემდეგ კი ფაბრეგასმა საერთოდ დაასამარა უჟმური პორტუგალიელის იმედები. “ამისთვის გავტეხეთ ეს ღამე?“ – მითხრა თამაშის ბოლოს მასპინძელმა. კაცმა რომ თქვას რას ვერჩოდით, მშვენიერი, სანახაობრივი თამაში იყო თავისი ლამაზი გარღვევებითა და ეფექტური რამე-რუმეებით, მაგრამ გამოგიტყდებით და სადღაც გულის-გულში მეც დავეთანხმე ჩემს მეგობარს. განა იმიტომ, რომ “ბარსას“ გამარჯვება მეწყინა. კატალონიელებმა მშვენიერი სტილით, სწორედაც რომ დაჯაბნეს და ისე დაამარცხეს ჟოზეს ბიჭები. მაგრამ როგორც ჩანს, თითქოს მოგვწყინდასავით “ბარსელონას“ “რეალთან“ მუდმივი გამარჯვებები და საკუთარ თავსაც კი ვერ ვუტყდებოდით, ისე ვგულშემატკივრობდით “ბარსელონასაგან“ სულგამწარებულ ჟოზეს. არ ვიცი, საიდან აქვს ამ კაცს ამდენი გამძლეობა და ენერგია. ალბათ იმიტომაც არის მოურინიო განსაკუთრებული, რომ ამდენი კაეშანის გადატანა შეუძლია. მაგრამ, სანამ “ბარსელონას“ „ელ კლასიკოში“ ვერ მოუგებს (ესპანეთის თასზე გამარჯვება არ ითვლება), მანამდე არამი იყოს ღამის სამ საათზე მისი გუნდის გულის-გულში გულშემატკივრობა!
პ.ს. გუშინ საღამოს ისე, უბრალოდ შევიხედე იმ ლუდის ბარში, სადაც „ელ კლასიკოს“ ცქერის მსურველებს გასულ შაბათს უარი გვითხრეს და მაგიდასთან მჯდომი ერთი კლიენტიც კი ვერ დავინახე. აი ასეთი შურისძიება ვიცით ქართველმა გულშემატკივრებმა!
ლევან სეფისკვერაძე









