ზუგდიდის “ბაიას” მთავარმა მწვრთნელმა ელგუჯა ქომეთიანმა “მსოფლიო სპორტთან” საუბარში აღნიშნა, რომ ჯერჯერობით, კლუბში ფინანსური მდგომარეობის გამოსწორების არავითარი პერსპექტივა არ ჩანს.
- “კატასტროფული მდგომარეობაა. არავითარი სასიკეთო პერსპექტივა არ ჩანს. ისეთი კაციც არ გამოჩენილა, რომ რაიმეს შეგვპირდეს. მე-2 წრის დასრულების შემდეგ, არავინ შემხიანებია”.
- ბუნებრივია, ასეთ მდგომარეობაში ფეხბურთელებს კლუბში დარჩენის სურვილი არ ექნებათ...
- 6-7 ფეხბურთელია, რომელთაც რეალური მთხოვნელები ჰყავთ. თუმცა, ჩვენ ვურჩევთ, რომ ცოტა ხანი კიდევ მოიცადონ – იქნებ კლუბში ვითარება გამოსწორდეს. თორემ, გინდა თუ არა დარჩითო, ვერ ვეტყვით, რადგან “ბაიას” ამ ეტაპზე ხელფას-პრემიების გაცემა არ შეუძლია. აქვე გეტყვით, რომ ჯერჯერობით, კლუბიდან გათავისუფლების ფურცელი არცერთ ფეხბურთელს წაუღია.
- ნიკა კვეკვესკირი, რომელიც “კაიზერსლაუტერნში” ისინჯებოდა, საქართველოში დაბრუნდა. ხომ არ აპირებს კიდევ სხვა გუნდში ძალების მოსინჯვას?
- კვეკვესკირი, ისევე როგორც სხვა ფეხბურთელები, “ბაიას” ბაზაზე მიდიან და ტონუსის შესანარჩუნებლად ვარჯიშობენ. დარჩება თუ არა, გადაწყვეტილი არაა. ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, გვეყოლება თუ არა გუნდი.
- მოსკოვის ცსკა-დან დაბრუნებული ნიკა ძალამიძე კვლავ საზღვარგარეთ წასვლას ხომ არ გეგმავს?
- ძალამიძეც სხვების მსგავსად ვარჯიშობს. რაღაც შეთავაზება აქვს საზღვარგარეთიდან და ალბათ, იანვარში წავა. თუ ჩვენთან გამოსწორდა სიტუაცია, მინდა ამ ბიჭებმა სეზონი “ბაიაში” ჩაამთავრონ და მეტი გა-მოცდილება მიიღონ – წასვლას ყოველთვის მოასწრებენ.
- გუნდის ერთ-ერთი გამოცდილი ფეხბურთელი ლევან აკობია რას აპირებს?
- აკობიას დარჩენა და კარიერის “ბაიაში” დასრულება სურდა, მაგრამ ელემენტარული პირობები თუ არ იქნება, წავა. მას სომხეთიდან აქვს წინადადება.
- სეზონის წინ დამატებულმა ფეხბურთელებმა – კახა ჩხეტიანმა, გრიგოლ დოლიძემ, გიორგი მეგრელაძემ, გიორგი ხიდეშელმა, დავით ჭიჭვეიშვილმა, ლადო ახალაიამ, გიორგი ახალაიამ, გიორგი კვესეიშვილმა გუნდი მე-2 წრის დამთავრებამდე დატოვეს. მათი დავალიანების გასტუმრებას თუ აპირებს კლუბი?
- მათ ჩვენთან არ უსაუბრიათ და გუნდიდან ხელფას-პრემიების არქონის გამო წავიდნენ. ამ ფეხბურთელების უმეტესობას კლუბთან კონტრაქტი დე-კემბრის ბოლომდე ჰქონდათ და იურიდიულ დეტალებს კლუბთან, ალბათ, თავადვე გაარკვევენ. ბოლო თამაშზე არ გამოჩენილა კიდევ ერთი ჩამოსული ფეხბურთელი ივანე კანდე¬ლაკი. რა იყო მისი არყოფნის მიზეზი ვერ გეტყვით.
ლაშა თაბაგარი









