სტატიები

12:15 | 8.02.2012 | ნანახია [] - ჯერ

ელიტა სპარტანულ მარწუხებში

საკმაოდ დიდი ხნის წინ, ვალენსიაში მელოტი და სათვალეებიანი კაცი ცხოვრობდა. ჟღერადი სახელი ერქვა - ლუის კაზანოვა და გვარად კი გინერი გახლდათ. ახლა უცნობია, რა მისწრაფებები ჰქონდა პატივცემულს, ეწეოდა თუ არა სიგარას, ვისკენ იხრებოდა მისი პოლიტიკური სიმპათიები. თუმცა, ეს არ არის მთავარი. მთავარი სულ სხვაა: ამ კაცმა 19 წელიწადი მართა ესპანური ფეხბურთის გრანდი „ვალენსია“ და იმდენიც დაიმსახურა, საყოველთაოდ ცნობილ „მესტალიას“, მისი გარდაცვალების შემდეგ, ლუის კაზანოვა გინერის სახელი უწოდეს.
ისტორიული, თავდაპირველი სახელწოდება „მესტალიას“ მოგვიანებით კი დაუბრუნდა, მაგრამ კლუბის ისტორიაში ყველაზე დაფასებული მმართველის ხსოვნასა და სახელს ამით არაფერი დაკლებია - სხვას თავი დავანებოთ, სწორედ გინერის მმართველობის წლებში მოიგო „ვალენსიამ“ პირველი დიდი ჯილდო - გაიმარჯვა ეროვნულ ჩემპიონატში.
და კიდევ: მისი მმართველობის პერიოდშივე ჩაეყარა საფუძველი ესპანეთში და მსოფლიოში სახელგანთქმულ საფეხბურთო სკოლას, რომელსაც ერთი ხარისხის ნიშანი - „ვალენსია“ ამშვენებს და რომელიც არაფრით ჩამორჩება ნებისმიერ სხვა საფეხბურთო აკადემიას, იქნება ეს „ბარსელონასი“, „რეალის“ თუ სხვა განთქმული ევროპული კლუბისა...
სკოლის მშენებლობა ერთ-ერთი პირველი საქმე იყო, რაც ლუის კაზანოვა გინერმა ჩაიფიქრა, მაგრამ მანამდე უფრო აუცილებელი, ომით დანგრეული „მესტალიას“ აღორძინება მოახერხა. იდგა 1940 წელი და ბუნებრივია, სამოქალაქო ომის გამო, „მესტალიას“ ტრიბუნებმაც იზარალა. ახლა ბევრს ლაპარაკობენ ახალ საკლუბო სტადიონზე, რომელიც რომ არა ფინანსური კრიზისი, 2009 წელს უნდა დასრულებულიყო, გაცილებით დიდი, კეთილმოწყობილი (75000 ადგილითა და სამსართულიანი მიწისქვეშა ინფრასტრუქტურით) და რესპექტაბელური უნდა ყოფილიყო, მაგრამ... „ეგ არაფერი... - ამბობენ გინერის მემკვიდრეები, - ფინანსური კრიზისი არა მარტო ჩვენ, მთელ ევროპას ხრავს და ასეც რომ არ იყოს, ახალი სტადიონი სულაც არ არის „ვალენსიას“ მომავალი, „ვალენსიას“ მომავალი ბავშვებია, ჩვენი საფეხბურთო სკოლა...“
ამ სკოლაში მოხვედრა მხოლოდ რჩეულთა ხვედრია. არ არსებობს სხვა საზომი, გარდა ნიჭისა და შრომის უნარისა - რამდენიც გინდა ფული ჰქონდეთ ბავშვის მშობლებს, რაოდენ გავლენიანი და დაფასებული ადამიანის შვილი უნდა იყოს ის... უმთავრესი კრიტერიუმი არც ერთია, არც - მეორე. „ვალენსიას“ სკოლაში მხოლოდ დიდი ნიჭისა და შრომის ფასად ხვდებიან.
ფული? გავლენა? მშობელი რა შუაშია, თუკი გაუძელი და ელიტარულ ჯგუფამდე მიაღწიე, თავადვე გახდები ფულიანიც და გავლენიანიც. „ვალენსიას“ ელიტარულ ჯგუფში მოხვედრა კი ძალიან, ძალიან ძნელია - თავდაპირველად მოზარდი 500 ბედნიერს შორის უნდა მოხვდეს, მერე მომქანცველ ვარჯიშებს, ერთფეროვნებას და პანსიონურ რუტინას უნდა გაუძლოს და შემდეგღა გადაიყვანენ იმ 65 ყმაწვილს შორის, რომლებიც წარმოადგენენ კიდეც ვალენსიური კლუბის მომავალს.
ეს ჯგუფი განსაკუთრებულია - ლიდერებისა და ოსტატების სამჭედლო. მათი ასაკი 14-დან 17 წლამდე მერყეობს და მათი მომავალი უკვე გადაწყვეტილია: ფეხბურთის გარდა, „სხვა გზა, სხვა ხსნა“ არა აქვთ...
ყოველ შემთხვევაში, ასე ფიქრობენ „ვალენსიას“ საფეხბურთო აკადემიის მმართველები, რომელთა გარეგნობაცა და ქცევის მანერაც გაფიქრებინებს, რომ სკოლას მართავენ არა წარსულში სახელგანთქმული ფეხბურთელები, არამედ რომელიც გნებავთ რანგის პროფესორები, ეგრეთ წოდებული „ქაღალდის ჭიები“, პრაქტიკისაგან შორს მდგომი თეორეტიკოსები... არადა, სულ პირიქითაა, კლუბის მფლობელები, მმართველი საბჭო, მთელი ესპანეთის მასშტაბით ეძებს არა მხოლოდ ბავშვებს, არამედ იმ სპეციალისტებსაც, რომელთაც ცოდნისა და გახსნილი გონების გარდა, დიდი საფეხბურთო გამოცდილებაც უმაგრებთ ზურგს. ასეთი მიდგომის გამო თუა, რომ „ვალენსიას“ საკლუბო სტრუქტურასა და კერძოდ, საფეხბურთო აკადემიაში სადავეები მაინცდამაინც კლუბის აღზრდილებს როდი უპყრიათ... ამის მშვენიერი მაგალითია კლუბის ერთ-ერთი გავლენიანი ფუნქციონერი, წლების განმავლობაში სპორტული დირექტორი მიგელ ანხელ რუისი - მისი პროფესიული კარიერა მადრიდის „ატლეტიკოში“ გატარებულ 15 წელიწადს ითვლის.
სწორედ მისეულია საფეხბურთო აკადემიის აღსაზრდელების მისამართით წაყენებული უმთავრესი მოთხოვნა: ნიჭი, შრომა, ფეხბურთის სიყვარული დიდებულია, მაგრამ „ვალენსიაში“ არაფერი გესაქმება, თუკი ცუდად სწავლობ და სკოლაში გაუნათლებლად გთვლიან! ამ მიდგომის შესახებ ყველა მშობელმა იცის. სხვა დანარჩენს არა აქვს მნიშვნელობა, რაოდენ ნიჭიერიც უნდა იყოს ბავშვი, თუკი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში არ ან ვერ სწავლობს, იგი კლუბის აკადემიაში ვერ მოხვდება.
„სკოლაში კარგად სწავლა უმოკლესი გზაა პიროვნების ფსიქიკის დალაგებისაკენ. ყველასთვის ცნობილია, რამდენად ძნელია, შეუსაბამო ერთმანეთს ბურთი და წიგნი, მაგრამ ეს წლების განმავლობაში დაგროვებული გამოცდილებიდან გამომდინარე აქსიომაა: ის, ვინც სწავლას და ვარჯიშებს ათავსებს, გაცილებით დისციპლინირებული, მოწესრიგებული და უკეთესი მომავლის მქონეა“, - მიაჩნიათ „ვალენსიაში“.
სხვათა შორის, ამ პრიორიტეტის გამო ძალიან ბევრ ისეთ ბავშვს შელევიან, ვისაც აუცილებლად უნდა ეთამაშა დიდი ფეხბურთი, მაგრამ... „ეს არ არის მთავარი, მთავარი საკლუბო პრინციპებია“, - ამბობს მიგელ ანხელ რუისი.
ისე ნურავინ იფიქრებს, თითქოს ცუდი აკადემიური მოსწრების ბავშვებს ეგრევე, მგლის ბილეთით რიცხავენ სკოლიდან... სულაც არა, მას რამდენიმეხნიანი პერიოდი და მინიმუმ, ერთი შანსი ეძლევა. ყველაფერს წინ უძღვის აკადემიის წარმომადგენელთა სერიოზული საუბარი მშობლებთან და თუ ამანაც ვერ გამოიღო შედეგი, ბავშვი სკოლას ტოვებს.
ისინი კი, ვინც „ვალენსიას“ ელიტარულ, სამოცდახუთკაციან ჯგუფს შერჩებიან, მთლიანად კლუბის კმაყოფაზე ცხოვრობენ. ცხოვრება საწვრთნელ ბაზაზე ანაც დაქირავებულ ბინებში (თუკი მოზარდი სხვა ქალაქიდანაა), კვება, ეკიპირება, სამედიცინო მომსახურება - ხარჯებს სულ კლუბი იხდის. ამას დაუმატეთ ჯიბის ფულიც - 200-დან 5000 ევრომდე თვეში და კიდევ ერთი აუცილებელი გასავალი: მშობლების სატრანსპორტო დანახარჯების ანაზღაურება: ეს იმ შემთხვევაში, თუკი მათ საკუთარი შვილის ნახვა ანაც „ვალენსიას“ გასვლით შეხვედრაზე დასწრება მოისურვეს.
გამოდის, რომ თითოეული „ელიტარი“ წელიწადში 12000 ევრო უჯდება კლუბს და თუკი ამას 65-ზე გადავამრავლებთ, მარტო ელიტური ჯგუფის შენახვა საკლუბო ბიუჯეტიდან 780000 ევროს ითხოვს.
ახლა რაც შეეხება პირობებს. ისევე, როგორც „ბარსელონას“ საფეხბურთო აკადემიაში, „ვალენსიას“ სკოლაში პირობები სავსებით ასატანია და არა საარაკო ანაც უმაღლესი დონისა. ვიწრო ოთახები, სადაც სამ-სამი მოზარდი ფეხბურთელი ცხოვრობს. სპარტანულ ყაიდაზე ანუ ყოველგვარი ზედმეტობების გარეშე მოწყობილი გასახდელები, სამედიცინო და მასაჟის კაბინეტები, ორი ხელოვნურსაფარიანი მოედანი, სადაც მხოლოდ მცირე ასაკის, 6-7 წლის ბავშვები ვარჯიშობენ და ხუთი ბუნებრივსაფარიანი მოედანი, რომელთა გაზონსაც იდეალურს მხოლოდ უსაშველოდ ოპტიმისტი კაცი თუ უწოდებს. განსაკუთრებით თვალშისაცემი, მეკარეთა მოედანზე არსებული ტლაპოებია - მოგეხსენებათ, გრუნტი გამუდმებით ირწყვება და რაკი ძელებსშორითა ადგილი გაშრობას ვერ ასწრებს, „ვალენსიას“ მომავალ მეკარეებს ბურთის ჭერასთან ერთად, ტალახის ზელაც უწევთ.
აკადემიის ტერიტორიაზე კიდევ ორი მოედანია - რას-რას და მათ კი ნამდვილად ვერავინ დაიწუნებს, მაგრამ იქ ბურთის გორება ბავშვებს ეკრძალებათ. ეს ორი მოედანი „წმინდა ადგილია“ და მათზე მხოლოდ პირველი კლუბის ფეხბურთელებს ავარჯიშებენ. სხვათა შორის, პირველ კლუბთან, ვარსკვლავებთან სიახლოვეც სპეციალურადაა გათვლილი - მოზარდი ავტორიტეტების ცქერაში უნდა გაიზარდოს. არც ძალიან შორს, არც ძალიან ახლოს. დისტანცია საჭიროა, რადგან მომავალმა ფეხბურთელმა საკუთარი ადგილი უნდა იცოდეს და გარდა ამისა, ხვდებოდეს, რომ „იქამდე“ არც ისე შორია...

 

კონსტანტინე გოგიშვილი
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.097432