ინტერვიუები

15:47 | 28.01.2011 | ნანახია [] - ჯერ

ემანუელ ადებაიორი: “რეალი” შანსია, რომელზეც ვოცნებობდი

მადრიდის “რეალი” კვალიფიციურ ფორვარდს ეძებდა, ემანუელ ადებაიორი კი -  მისთვის შესაფერის სამუშაო ადგილს. ესპანური გრანდისა და ფეხბურთელის ინტერესები დაემთხვა, 26 წლის ტოგოელი შემტევი, “სამეფო კლუბში” საკუთარი ამბიციის დამტკიცებას სეზონის ბოლომდე შეეცდება. ადებაიორით დაინტერესებულნი იყვნენ “ჩელსი”, “მონაკო”, “სანდერლენდი” და “ლივერპული”, თუმცა არცერთს არ ჰქონდა სურვილი, რომ აფრიკელისთვის გადაეხადა ის ხელფასი, რომლის ოდენობაც “მანჩესტერ სიტიში” ყოველკვირეულად 100 ათას  გირვანქას აჭარბებდა. საბოლოოდ, “რეალმა” შეძლო საერთო ენის გამონახვა, ჟოზე მოურინიოს ხომ ძალიან სჭირდებოდა თავდამსხმელი. გონსალო იგუაინის ტრავმამ პორტუგალიელ სპეციალისტს სერიოზული თავსატეხი გაუჩინა, რომელიც, მართალია, მისთვის ნაკლებად ჩვეული თავშეკავებულობით საუბრობდა გუნდის მეორე შემტევზე, კარიმ ბენზემაზე, თუმცა რამდენჯერმე მაინც ვერ დაფარა უკმაყოფილება. სხვათა შორის, ამის შემდეგ, ფრანგი  ფეხბურთელი ცოტა გამოფხიზლდა და ალბათ, კონკურენტის გამოჩენამაც დამატებითი ეფექტი უნდა მოახდინოს მასზე. ასე რომ, “რეალმა” ადებაიორს ნდობა გამოუცხადა და თუკი ტოგოელი უახლოეს თვეებში ამ ნდობის გამართლებას შეძლებს, მადრიდელები ზაფხულში “სიტისგან” მის ტრანსფერს 15 მილიონ ევროდ გამოისყიდიან.
“სამეფო კლუბის” ახალწვეული, მადრიდში 27 იანვარს ჩავიდა და “სანტიაგო ბერნაბეუზე” წარდგენის შემდეგ, ჟურნალისტებთან სასაუბროდაც მოიცალა.
- ემანუელ, გეტყობათ, რომ “მანჩესტერ სიტიდან” წამოსვლით კმაყოფილი ხართ...
- რობერტო მანჩინი არ მენდობოდა, მან აქცენტი სხვა ფორვარდებზე გააკეთა. მე კი მუდმივი სათამაშო პრაქტიკა მჭირდება, ამიტომ, ბედნიერი ვარ იმით, რომ მადრიდიდან მივიღე წინადადება.
- როგორ ფიქრობთ, ესპანეთში ადაპტაციისთვის ბევრი დრო დაგჭირდებათ?
- აქ თავს უკვე ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში. “რეალში” მოხვედრა ის შანსია, რომელზეც ყოველთვის ვოცნობებდი.
- მაგრამ, ყველა ვერ ახერხებს “რეალში” საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენას, ასეთ კლუბში თამაში ხომ უდიდესი პასუხისმგებლობაა...
- დიდ კლუბებში მითამაშია და ისიც ვიცი, რომ მადრიდელი ქომაგები განსაკუთრებულნი არიან, ძალიან მომთხოვნები – მხოლოდ გამარჯვება არ აკმაყოფილებთ, ლამაზი თამაშის ხილვაც სურთ. ვეცდები, მათი გულები დავიპყრო.
- ძირითად შემადგენლობაში ადგილის მოსაპოვებლად, კარიმ ბენზემასთვის მოგიწევთ კონკურენციის გაწევა, რას ფიქრობთ მასზე?
- აქ იმისთვის არ მოვსულვარ, რომ ბენზემას ვებრძოლო. მას ძალიან კარგად ვიცნობ, ჩვენ ვმეგობრობთ.
- უფრო სწორად, მასთან წყვილში შეიძლება ითამაშოთ, თქვენთვის ეს პრობლემა არაა?
- იქ ვითამაშებ, სადაც დამაყენებენ. ბენზემასთან ერთად თამაში პრობლემა ნამდვილად არაა. მადრიდში ცოდნის გასაღრმავებლად ჩამოვედი, ფეხბურთელმა განვითარება არასდროს უნდა შეწყვიტოს. უნდა გავიტანო გოლები, შევქმნა საგოლე მომენტები. ამით იმ ხალხს გადავუხდი მადლობას, რომლებმაც ჩემი ირწმუნეს და აქ მომიწვიეს. ფეხბურთში არამარტო გოლების გატანაა მთავარი, გუნდს შედეგის მიღწევაში უნდა დაეხმარო. სწორედ ამას ვეცდები ახალ კლუბში.
- “რეალში” ბევრი ვარსკვლავია თავმოყრილი, მათთან საერთო ენის გამონახვა არ გაგიჭირდებათ?
- “მონაკოში” ფერნანდო მორიენტესთან მომიწია თამაში და ჩვენ ძალიან კარგად ვუგებდით ერთმანეთს. მჯერა, აქაც არ შემექმნება შეთამაშების პრობლემა. “რეალში” ნიჭიერი ხალხია შეკრებილი და ყველას მიზანია წარმატების მიღწევა.
- რამდენიმე წლის წინ, მსგავს სიტუაციაში იყავით “არსენალშიც”, თუ ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა?
- ლონდონში ძალიან ახალგაზრდა ჩავედი, დიდი კონკურენცია დამხვდა, მაგრამ არ დავმფრთხალვარ და გუნდისთვის სასარგებლო მოთამაშე გავხდი, არაერთი გოლი გავიტანე. ვიმედოვნებ, ეს გამოცდილება “რეალში” დამეხმარება.
- როგორ ფიქრობთ, “რეალი” შეძლებს “ბარსელონასთან” ჩამორჩენის აღმოფხვრას?
- რა თქმა უნდა, სხვაგვარად რომ ვფიქრობდე, მადრიდის “რეალის” წინადადებას არ დავთანხმდებოდი. მინდა, რომ ეს სეზონი გუნდთან ერთად ტიტულებით დავასრულო.
 

 

მოამზადა გიორგი თევდორაძემ




 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.178496