ფეხბურთის შედარებით ახალგაზრდა გულშემატკივრები ურუგვაელ ვარსკვლავს ენცო ფრანჩესკოლის ძირითადად იმით იცნობენ, რომ მას ზინედინ ზინედანი თავის საყვარელ მოთამაშედ ასახელებს. ფრანჩესკოლიმ საუკეთესო წლები ბუენოს აირესის “რივერ პლეიტში” გაატარა, რომლის რიგებში გამოსვლისას ენცო სამჯერ დაასახელეს სამხრეთ ამერიკის წლის საუკეთესო ფეხბურთელად, ურუგვაის ეროვნულ გუნდთან ერთად კი, ფრანჩესკოლიმ სამჯერ მოახერხა “კოპა ამერიკას” მოგება.
“ენცო ფრანჩესკოლი - სწორედ ის იყო ჩემი საყვარელი ფეხბურთელი “ოლიმპიკში”. რა უჩვეულო ტრიუკებს მიმართავდა ურუგვაელი მოედანზე! ტრიბუნიდან მის მოქმედებებს სპეციალურად ვადევნებდი თვალს. მაშინ რომ შევხვედროდით ერთმანეთს, მის წინაშე მუხლებზე დავდგებოდი. მაგრამ შეხვედრა მოგვიანებით შედგა, საკონტინენტთაშორისო თასის გათამაშებაზე. ის “რივერ პლეიტის" ღირსებას იცავდა, ხოლო მე “იუვენტუსის" მაისური მეცვა. მატჩის შემდეგ, ფრანჩესკოლიმ თავისი მაისური მაჩუქა, ხოლო მე რამდენიმე სიტყვა ვუთხარი. მოგვიანებით ენცომ გაიგო, რომ ვაჟიშვილს მისი სახელი დავარქვი. ამას იგი ძალიან აუღელვებია”, - ეს სიტყვები თვით ზინედინ ზიდანს ეკუთვნის, რომელმაც ლეგენდარული ურუგვაელი ფეხბურთელი საკუთარი ვერსიით შედგენილ სიმბოლურ ნაკრებშიც შეიყვანა. ზიდანისეულ ყველა დროის საუკეთესო გუნდში ისეთი ცნობილი ოსტატები მოხვდნენ, როგორებიც ფაბიენ ბარტეზი, ბიქსენტ ლიზარაზუ, კარლოს მოზერი, ლორან ბლანი, ლილიან ტურამი, კლოდ მაკელელე, კრის უოდლი, თავად ზინედინ ზიდანი, დიეგო მარადონა და რონალდო არიან. რაც შეეხება ენცო ფრანჩესკოლის, მას ზიზუმ ნახევარდაცვის ხაზზე კლოდ მაკელელესთან და კრის უოდლთან ერთად მიუჩინა ადგილი. ფრანჩესკოლით ზიდანის გატაცება გადაჭარბებული ემოცია სულაც არაა, რადგან ურუგვაელ ვარსკვლავს გასული საუკუნის 80-90-იან წლებში მართლაც აღფრთოვანებაში მოჰყავდა საფეხბურთო სამყარო.
მიუხედავად იმისა, რომ ენცო ფრანჩესკოლი ურუგვაიში დაიბადა, მას არგენტინელები თავიანთ ფეხბურთელად მიიჩნევენ, ხოლო “რივერ პლეიტის" ფანები ისევე აღმერთებენ, როგორც სხვა ოსტატებს. არადა, ბუენოს-აირესი სწორედ ის ქალაქია, სადაც ურუგვაელი ფეხბურთელები არ უყვართ. ენცო ყოველთვის გამონაკლისი იყო. ის ყველაზე პოპულარული არგენტინული კლუბის ინჩადის ნამდვილ კერპად იქცა. “რივერ პლეიტში" ფრანჩესკოლიმ თავისი საფეხბურთო კარიერის საუკეთესო წლები გაატარა. ის “მონუმენტალზე" 1984-1986 წლებსა და 1995 წლიდან აქტიური სპორტული კარიერის დასრულებამდე თამაშობდა. 25 წლის ასაკში იგი საფრანგეთში გადავიდა, საიდანაც იტალიაში აღმოჩნდა. ამის შემდეგ კი, კვლავ “რივერ პლეიტში" დაბრუნდა.
1994 წელს “რივერ პლეიტში" კრიზისი დაიწყო, რადგან მისი რიგები არაერთმა წამყვანმა მოთამაშემ დატოვა. თავისი უკანასკნელი მატჩი ჩაატარა თეთრ-წითელი მაისურით რამონ დიასმა, რომელმაც შემდეგ იაპონიაში გააგრძელა გამოსვლა. წავიდნენ გამბოა, გოიკოეჩეა, ვილიარეალი, “პეპე" ალბორნოსი, კორტი, ბერტი. მათ შემცვლელად შემადგენლობაში ახალგაზრდა თაობა მივიდა. ამჟამინდელი გადასახედიდან თამამად შეგვიძლია იმისი თქმა, რომ ასეთი შევსება ნებისმიერი კლუბისთვის წარმატების საწინდარი გახდებოდა, მაგრამ იმხანად, “რივერ პლეიტის" ქომაგებში სასიამოვნო ემოცია ნამდვილად არ გამოუწვევია გუნდში არიელ ორტეგას, ერნან კრესპოს, მარსელო გალიარდოს და მათიას ალმეიდას გამოჩენას. ინჩადის ერთადერთ იმედად არგენტინაში ენცო ფრანჩესკოლის დაბრუნება იქცა, რომელმაც ევროპაში საკუთარი შესაძლებლობა რატომღაც სრულად ვერ გამოავლინა. თუმცა არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ “ბებერ კონტინენტზე" ასპარეზობა სხვა არაერთი სამხრეთამერიკელი დიდოსტატისთვისაც წარუმატებელი ყოფილა.
1995 წელს, ფრანჩესკოლიმ ფენომენალური სეზონი ჩაატარა და “რივერ პლეიტს" არგენტინის ჩემპიონატში გაამარჯვებინა, ხოლო ურუგვაის ნაკრებს - ამერიკის თასის გათამაშებაში. ამიტომ, გასაკვირი აღარ უნდა ყოფილიყო ის, რომ იგი სამხრეთ ამერიკის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. ნომერ პირველ მოთამაშედ ენცო 1984 წელსაც დაასახელეს, როდესაც არც კლუბთან და არც ნაკრებთან ერთად არაფერი მოუგია. თუმცა, ისევ გასული საუკუნის 90-იანი წლების მეორე ნახევარს დავუბრუნდეთ. იმჟამინდელი “რივერ პლეიტისათვის" ენცო ფრანჩესკოლი გუნდის დისპეტჩერად და გოლეადორად იქცა. ამავე დროს, “რივერის" გულშემატკივრებს ის მარადონას ოპონენტადაც მოევლინა, რომელიც “ბოკა ხუნიორსისა" და არგენტინის ნაკრების სიმბოლოდ ითვლება.
1982 წელს ურუგვაელებმა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ვერ ითამაშეს. მხოლოდ ოთხი წლის შემდეგ, მექსიკაში იხილა საფეხბურთო სამყარომ ურუგვაის ეროვნული გუნდი მუნდიალზე. მაშინ ძალიან დიდ იმედს ამყარებდნენ ენცო ფრანჩესკოლიზე, მაგრამ იგი იმ ტურნირის ერთ-ერთ დიდ იმედგაცრუებად იქცა. მაქსიმუმი, რასაც “სელესტამ" ფრანჩესკოლისთან ერთად მიაღწია, მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალში გასვლა გახლდათ. მაშინ ურუგვაელებმა არგენტინელებთან დათმეს შეხვედრა (0:1). იმ დღეს, ენცოს გუნდს გამარჯვება ნამდვილად არ შეეძლო, რადგან ურუგვაელებზე არგენტინელები ერთი თავით მაღლა იდგნენ.
ფრანჩესკოლი და კომპანია მუნდიალს მერვედფინალიდან გამოეთიშა 1990 წელსაც, ხოლო მას შემდეგ, მსოფლიოს თასის 2002 წლის გათამაშებამდე, ურუგვაელები საკვალიფიკაციო ეტაპის დაძლევასაც ვეღარ ახერხებდნენ.
მიუხედავად მსოფლიოს ყველაზე მასშტაბურ ფორუმზე განცდილი წარუმატებლობებისა, ენცო ფრანჩესკოლი ურუგვაის ნაკრებთან ერთად გამარჯვებებს მაინც ზეიმობდა. პლანეტის პირველმა ჩემპიონებმა 1983 და 1985 წლებში ამერიკის თასის გათამაშებაში მოიგეს. ნაკრების წინაშე დიდი დამსახურებისათვის, ფრანჩესკოლის “ელ პრინსიპეს" (უმთავრესი) უწოდებდნენ.
1986 წელს “რივერ პლეიტმა" არგენტინის ჩემპიონატში იმარჯვა, ხოლო შემდეგ პირველად დაეუფლა ლიბერტადორესის თასს. წლების განმავლობაში, კლუბის მიერ მიღწეულ წარმატებებში უდიდესი წვლილი შეიტანა ენცო ფრანჩესკოლიმ. ამიტომ იგი “რივერის" ფანებისათვის დღემდე უსაყვარლეს ფეხბურთელად რჩება. ეს თვალნათლივ ენცოს ფეხბურთიდან გაცილების საზეიმო ცერემონიალის დროს გამოჩნდა. 65 ათასი მაყურებელი შეიკრიბა “მონუმენტალის” სტადიონზე, როდესაც ენცო და “რივერ პლეიტი” მონტევიდეოს “პენიაროლს” დაუპირისპირდნენ. “რივერმა” 4:0 მოიგო, 2 გოლი კი ფრანჩესკოლის ანგარიშზე იყო. ასპარეზობის ბოლო წუთებზე მინდორზე ენცოს ორივე ვაჟი, 12 წლის ბრუნო და 10 წლის მარკო გავიდა, ამასთან, ბრუნომ გოლიც კი გაიტანა. მთელი მატჩის განმავლობაში მაყურებელი აპლოდისმენტებს არ იშურებდა ფრანჩესკოლის მისამართით, ტრიბუნებზე კი 2 უზარმაზარი პლაკატი გამოფინეს წარწერით – “ენცო, ჩვენი ღმერთი ხარ” და “გმადლობთ, ენცო”.
ენცო ფრანჩესკოლი ერთადერთი ურუგვაელი ფეხბურთელია, რომელიც სამხრეთ ამერიკის მეოცე საუკუნის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს. გუშინ ლეგენდარული ურუგვაელი ფორვარდის დაბადებიდან 50 წელი შესრულდა...
გოჩა კაჭარავა









