არ დამავიწყდება, ერთ დროს ძლიერ "ბორჯომს" საშინაო მატჩი ჰქონდა, თამაშის სანახავად ჩავედი და ადგილობრივ ახალგაზრდებს (არცთუ ცოტას) არგენტინის დროშები ჰქონდათ ლოყაზე – დარიო სებალესა და განსაკუთრებით, გონსალო დე პორასის საპატივსაცემოდ. საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში ბევრი ეროვნების ლეგიონერს უთამაშია და რა თქმა უნდა, ყველას სხვადასხვა კვალი დაუტოვებია.
მაგალითად, სად ბრაზილიელი ანდერსონ აკინო და სად ვინმე ბარი სალამი ნიგერიიდან. ზოგი იტყვის, საქართველოს ჩემპიონატში ლეგიონერი რომ ჩამოვა, იმის საქმე წასულიაო, თუმცა გამონაკლისებიც არიან და ყველაზე ნათელი მაგალითი გაბონელი მეკარე დიდიე ოვონოა, რომელსაც თბილისის "დინამოში" ჩამოსვლამდე არავინ იცნობდა, მაგრამ აქედან საფრანგეთის ლიგა 1-ს მიაშურა.
ასე რომ, მთლად უვარგის უცხოელებთან არ ჰქონიათ საქმე ქართულ კლუბებს და ალბათ, საინტერესოა, მათგან საუკეთესოები "მოვიკითხოთ" – სად არიან, საქართველოდან წასვლის შემდეგ როგორ გააგრძელეს კარიერა...
ჟილვან ვიეირა (ბრაზილია) – ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ "ზესტაფონში" (2006-2008) და მთლიანად საქართველოს ჩემპიონატში. აკინოსავით გუნდის გამოკვეთილი ლიდერი არ გახლდათ, თუმცა ტექნიკური მარცხენა ნახევარმცველი არცერთი მეტოქე გუნდისთვის არ იყო საჩუქარი.
აქედან წასვლის შემდეგ ნახევარი სეზონი გაატარა სამხრეთ კორეის "ჯეჯუ იუნაიტედში", ხოლო ბოლო წელიწადნახევარია, ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის "უესკაში" თამაშობს. 59 მატჩი, 9 გოლი – ასეთია მისი შედეგი ესპანურ კლუბში. ეს ცხრავე გოლი გასულ სეზონში შეაგდო, მიმდინარე სეზონში კი 11 მატჩში ჯერ არ გაუტანია.
ეტიენ ბიტოო (გაბონი) – ძლიერ ლეგიონერად ვერ ჩავთვლით, "ზესტაფონში" იყო და დიდად თავი არ გამოუჩენია. ამჟამად ეს ფორვარდი ომანის "ალ ნასრში" ირიცხება.
ჟორჟ აკირემი (გაბონი) – კიდევ ერთი გაბონელი ფორვარდი, თუმცა ბიტოოზე უკეთესი. აკირემი თბილისის "დინამოში" გახლდათ, შემდეგ ისრაელში გააგრძელა კარიერა – ჯერ "ირონ რამათ ჰაშარონში" იყო, ახლა კი რანგით მეორე ლიგის "სექცია ნეს ციონაშია". "დინამოს" ერთ-ერთი წამყვანი ფორვარდი იყო და გაბონის ნაკრებშიც რეგულარულად თამაშობდა.
ანდერსონ აკინო (ბრაზილია) – რუსთავის "ოლიმპში" იყო 2009-2010 წლების სეზონში და 31 მატჩში 26 გოლი შეაგდო. უკონკურენციოდ გახდა ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი და დიდი წვლილი შეიტანა "ოლიმპის" ჩემპიონობაში, თუმცა ბრაზილიაში დაბრუნდა. შარშან ბრაზილიის სერია B-ს “პარანაში” ნახევარ სეზონში 11 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა, წლეულს კი სერია A-ს "კურიტიბაშია" (20 მატჩი, 5 გოლი). "კურიტიბა" ამჟამად მე-10 ადგილზეა ბრაზილიის სერია A-ში, აკინომ კი ჩემპიონატის ლიდერ "ვასკო და გამასთან" ჰეთ თრიქი შეასრულა.
უმრავლესობის აზრით, აკინოსნაირად საქართველოს ჩემპიონატში არავის უთამაშია.
ალექს ფრაგა (ბრაზილია) – აკინოს მსგავსად, ფრაგაც ბრაზილიაში მცხოვრები ქართველი მენეჯერის, გოჩა ალადაშვილის "პროექტი" გახლდათ. მანაც ერთი სეზონი (2009-2010) გაატარა "ოლიმპში", შემდეგ აკინოს გზას გაუყვა და ბრაზილიის “პარანაში" დაბრუნდა, გასულ ზაფხულს კი "ნაუტიკოს" მიაშურა და ახლაც იქაა. "ნაუტიკო" სერია B-შია, მაგრამ მომდევნო სეზონში სერია A-ში თამაში პირველობის დასრულებამდე სამი ტურით ადრე გაინაღდა. შეხსენებისთვის, ფრაგა ცენტრალური მცველია.
პოლ კესანი (გაბონი) – ეს საყრდენი ნახევარმცველი "ზესტაფონიდან" სკანდალურად წავიდა: გუნდში მცემესო და ფეროელ ფეხბურთელებს რასიზმში ადანაშაულებდა. კლუბიდან გაუჩინარდა და ვერსად თამაშობდა, რადგან "ზესტაფონთან" კონტრაქტი აკავშირებდა. ბოლოს გაწყდა ხელშეკრულება და 2009 წელს კესანი ისრაელის "ჰაპოელ კირიათ შმონაში" ჩაირიცხა. გასული სეზონი საფრანგეთის ლიგა 2-ის "ისტრში" გაატარა, ხოლო ამ ზაფხულს ისრაელში დაბრუნდა და უმაღლესი ლიგის "ჰაპოელ რამათ განში" რეგულარულად თამაშობს.
კესანი გაბონის ნაკრების კაპიტანი გახლდათ.
ერიკ რომეო ჩასემი (კამერუნი) – ჯერ ბოლნისის "სიონში", მერე კი ცოტა ხნით "ზესტაფონში" იყო. ეს სწრაფი ფორვარდი "სიონში" საკმაოდ შედეგიანი გახლდათ. ახლა კი აკირემისთან ერთად, ისრაელის "სექცია ნეს ციონაშია".
დონალდ ჯუსი (კამერუნი) – თბილისის "დინამოში" მთლად რიგითი ფეხბურთელი არ გახლდათ. ამ ზაფხულს გადავიდა პოლონეთის მეორე ლიგის "პოგონში" და გოლები გააქვს.
მილოშ კრშკო (სლოვაკეთი) – CV შთამბეჭდავი არ ჰქონდა, თუმცა თამაშის ხარისხზე იგივეს ვერ ვიტყვით. კრშკო შეუცვლელი ფიგურა იყო "დინამოში", სამი წელი (2006-2009) გაატარა გუნდში და შარშანწინ წავიდა. ამჟამად ძალიან სუსტ გუნდშია – სლოვაკეთის მესამე ლიგის ლიდერ რუჟინას "ბანიკში". კრშკო 32 წლისაა.
ნედ ზელიჩი (ავსტრალია) – ყველაზე ტიტულოვანი ლეგიონერი, ვისაც კი ოდესმე საქართველოს ჩემპიონატში უთამაშია. ავსტრალიელმა ცენტრალურმა მცველმა დორტმუნდის "ბორუსიაში" ჩემპიონთა ლიგა მოიგო (1997 წელს), "დინამოში" კი 2006-2008 წლებში ითამაშა. ზელიჩი ფეხბურთელის კარიერას შეეშვა. უკვე 40 წლისაა.
ანდრეი პოროშინი (უკრაინა) – უკრაინელი თავდამსხმელი საკმაოდ შედეგიანი იყო ქუთაისის "ტორპედოში". ეს იმ პერიოდში, როცა "ტორპედო" ზედიზედ სამჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი. ქუთაისიდან წასვლის შემდეგ, პოროშინმა უკრაინისა და რუსეთის რამდენიმე კლუბში ითამაშა, ბოლოს "სალიუტ-ენერგიაში" იყო და კარიერაც შარშან დაასრულა.
კარლოს და როშა (ბრაზილია) – ბრაზილიელი მარჯვენა მცველი კარგად თამაშობდა ივო შუშაკის "დინამოში", თუმცა თბილისიდან წასვლისას უკვე 32 წლის იყო და ბრაზილიის სერია ჩ-ს ერთ-ერთ გუნდში გადავიდა, სადაც დაასრულა კიდეც კარიერა.
ილია სპასოევიჩი (ჩერნოგორია) – 2007-2009 წლებში იყო "დინამოში" და 41 მატჩში 30 გოლი შეაგდო, რაც მშვენიერი შედეგიანობაა. "დინამოდან" წასვლის შემდეგ იყო ჩერნოგორიის "ბორაცში", ლატვიის "მეტალურგსში", ბერნულ "ტრიკალაში" და ინდონეზიის "ბალი დეკატაში". ახლაც ინდონეზიაშია, "მაკასარი" ჰქვია გუნდს და იცით, ვინაა მწვრთნელი? პეტარ სეგრტი...
მარკო მაროვიჩი (სერბეთი) – "დინამოში" გასულ სეზონში, სულ 6 ექვსი თვე ითამაშა და თითქმის არაფერი გაუკეთებია. მარცხენა მცველი ამ ზაფხულს უნგრეთის "პეჩში" ჩაირიცხა, რომელიც უმაღლესში მე-7 ადგილზეა.
ერნესტ აკუასაგა (გაბონი) – ეს მოზვერივით მცველი ერთი წელი "ოლიმპში" იყო, ერთიც – "ზესტაფონში". 2009-2011 წლებში ფრანგულ "ნანტში" გახლდათ, ამჟამად კი უკლუბოდაა. ფრანგულ "ანჟერში" უნდა ჩარიცხულიყო, თუმცა არ ჩანს.
სერგეი ნუდნი (მოლდოვა) – საქართველოს ჩემპიონატის კვალობაზე, ძლიერი ნახევარმცველი გახლდათ და 2004-2006 წლებში ერთ-ერთი საუკეთესოც იყო "ზესტაფონში". ნუდნიმ მოგვიანებით ისიც თქვა, საქართველოს ნაკრების მწვრთნელ ალენ ჟირესს ჩემი ნატურალიზირება და ნაკრებში აყვანა სურდაო. "ზესტაფონიდან" წასვლის შემდეგ, რამდენიმე კლუბი გამოიცვალა (მოლდოვაში, უკრაინაში...), ამჟამად კი ლაშა ჯაკობიას თანაგუნდელია უკრაინული პირველი ლიგის "ზაკარპატიაში" და მუდმივად თამაშობს კიდეც.
ალექსანდრ კრსტესკი (მაკედონია) – ეს ცენტრალური მცველი ერთი წელი თამაშობდა "დინამოში". შარშან წავიდა გუნდიდან და ჯერ ალბანურ "შკუმბინიში" გახლდათ, ახლა კი სამშობლოში, სკოპიეს "მეტალურგშია".
გონსალო დე პორასი (არგენტინა) – სტატია ამ არგენტინელი ფორვარდით დავიწყეთ, რომელიც სულ 6 თვე თამაშობდა "ბორჯომში" – 2006 წლის იანვრიდან ზაფხულამდე. დე პორასს გუნდის წაყვანა, თამაშის ბედის პირადად გადაწყვეტა შეეძლო. დე პორასი ამჟამად 27 წლისაა და "ბორჯომიდან" წასვლის შემდეგ სამშობლოში, "როსარიო სენტრალში" გადავიდა, სადაც თავიდან გოლები გაჰქონდა, მერე კი უკლო. იყო კვიპროსულ "ოლიმპიაკოსში", ეკვადორის "ოლმედოში", მექსიკის "მანფრედინიაში", ხოლო ახლა ჩილეს ჩემპიონატშია – კლუბ "კოკიმბოში".
დე პორასი ნიკო პატარქალიშვილის "პროექტი" იყო "ბორჯომისთვის". შემდეგ პატარქალიშვილმა კიდევ ბევრი არგენტინელი ჩაიყვანა ბორჯომის ხეობაში, თუმცა ისინი ფეხბურთთან ისე იყვნენ, როგორც დიეგო მარადონა და სამეჯლისო ცეკვა.
აი, დე პორასი კი მართლაც "ხუთოსანი" გახლდათ საქართველოს ჩემპიონატში და ვისაც მისი თამაში უნახავს, ამაში ყველა დამეთანხმება. დე პორასთან ერთად, "ბორჯომში" დარიო სებალეც იყო, თუმცა ისინი ერთად წავიდნენ. სებალე აღარ თამაშობს.
დიდიე ოვონო (გაბონი) – ამ მეკარის ხსენება ისედაც ხშირად გვიწევს, რადგან გიორგი მაკარიძე მისი კონკურენტი იყო ფრანგულ "ლე მანში", ახლა კი პირიქითაა: ოვონოზე უფრო ითქმის, მაკარიძის კონკურენტიაო. ოვონო თბილისის "დინამოში" გახლდათ და ეროვნული ჩემპიონატის ისტორიაში საუკეთესო მეკარე-ლეგიონერია.
მოკლედ, "დინამოდან" "ლე მანმა" შეიძინა და ახლაც იქაა.
ხუან დიეგო გონსალესი (პერუ) – 17 წლის თავდამსხმელი 2002 წელს ჩამოვიდა საქართველოში, კერძოდ, თბილისის "ლოკომოტივის" მაშინდელმა პერუელმა თავკაცმა ლუის ცაკარიასმა ჩამოიყვანა. გონსალესს თამაში არ უწევდა, თუმცა მაშინ ბევრმა არ იცოდა, რომ ეს ბიჭი პერუს ახალგზრდა თაობაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო.
თავად განსაჯეთ, გონსალესი რამდენიმე თვე იყო "ლოკომოტივში" და იმხანად პერუს საუკეთესო კლუბ "ალიანსა ლიმაში" გადავიდა, სადაც გოლი გოლზე გაჰქონდა და "მალაგა B"-ში აიყვანეს. "მალაგა B" იმ დროს ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში იყო და გონსალესი იქაც შედეგიანი გახლდათ. მერე იყო ბელგიური "ვარეგემი" და რამდენიმე სხვა კლუბი, ახლა კი პერუს ჩემპიონატშია, კერძოდ, "სპორტინგ კრისტალში".
მოკლედ, ხუან დიეგო გონსალესი საქართველოში ვერ შეამჩნიეს... მასთან ერთად იყო "ლოკომოტივში" კიდევ ერთი პერუელი გალიარდო, რომელსაც სათამაშო პრაქტიკა არ აკლდა, თუმცა ნიჭით ახლოსაც ვერ მოვიდოდა გონსალესთან.
კიდევ ბევრ ლეგიონერს უთამაშია საქართველოს ჩემპიონატში, მაგალითად, 1990-1992 წლებში ლიტველები გაფანტულნი იყვნენ სხვადასხვა ქართულ კლუბში, თუმცა რა თქმა უნდა, მათ კარგა ხნის წინ დაასრულეს კარიერა. ამ ეტაპზე ისინი ჩამოვთვალეთ, რომლებსაც ყველაზე კარგად იცნობდა ქართველი გულშემატკივარი...
ილია ნანობაშვილი









