“ბარსელონას” ფრანგ მცველ ერიკ აბიდალს, წლეულს, მარტის დასაწყისში ღვიძლის სიმსივნე აღმოუჩინეს. ჩვიდმეტ მარტს, ფეხბურთელს ოპერაცია გაუკეთეს და მაისის დასაწყისში მოედანს დაუბრუნდა. ეს ორთვიანი პაუზა (კიდევ კარგი, მეტი არა...) რომ არა, აბიდალისთვის მიმდინარე სეზონი საუკეთესო იქნებოდა “ბარსელონაში” – მარტამდე მართლაც ძალიან კარგად თამაშობდა.
ვეება ფრანგი ესპანურ AS-თან საუბარში არ მალავს, რომ ოპერაციის შემდეგ მინდორზე გასვლისა ეშინოდა, თუმცა ეს გრძნობა ახლა უკვე დაძლეულია:
- არ გეშინოდათ, რომ ფეხბურთში ვეღარ დაბრუნდებოდით?
- ამაზე მიფიქრია. როდესაც ექიმებმა დიაგნოზი მითხრეს, მაშინვე გავიფიქრე, რომ ცუდად იყო საქმე. ექიმებს ვკითხე, შევძლებდი თუ არა თამაშს. მიპასუხეს, ამ სეზონში ძნელიაო... საბოლოოდ, ყველაფერი კარგად აეწყო.
- სიცოცხლეს ახლა უფრო მეტად აფასებთ?
- ცხოვრებას სხვა თვალით შევხედე და რაც მქონდა, ყველა მანქანა გავყიდე. ფეხბურთელის პროფესია მაღალ დონეზე ცხოვრების საშუალებას იძლევა, მაგალითად, სწრაფი ავტომობილების ყიდვა თავისუფლად შეგიძლია. მაგრამ როდესაც რაღაც ხდება, ხვდები, რომ ფუფუნება არაფერს ნიშნავს. გავყიდე მანქანები და ეს ფული კარგ საქმეში ჩავდე – სხვადასხვა ასოციაციას, ორგანიზაციებსა და საავადმყოფოებს გადავეცი.
- ყველაზე ემოციური მომენტი როდის გქონდათ?
- ბევრი იყო, მაგრამ რამაც ყველაზე დიდი შთაბეჭდილება დამიტოვა – ოპერაციის შემდეგ ვარჯიშს შევუდექი და ვნახე კლუბში მოსული ყველა წერილი, რაც გამომიგზავნეს. ვეცადე, ყველასთვის მეპასუხა.
- და ყოველივე ამის შემდეგ, როგორ ფიქრობთ, “რეალ”-“ბარსელონას” დუელი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის?
- რა თქმა უნდა, უფრო მნიშვნელოვანი ამბებიც ხდება. ნებისმიერი საფეხბურთო ჯახი სისულელეა, როცა მსოფლიოში ბავშვებს შიათ, ომია და ხალხი იღუპება... მაგრამ ეს სხვადასხვა რამეებია. ცხოვრებაში ყველაფერი ხდება და მათ შორის, სამწუხაროდ, ბევრი ცუდიც.
- 28 მაისს, ლონდონში ჩემპიონთა ლიგის ფინალი გაიმართება. “მანჩესტერის” წინააღმდეგ ორი წლის წინაც ითამაშეთ ფინალში. როგორ ფიქრობთ, ლონდონშიც ითამაშებთ?
- არ ვფიქრობ ამაზე. მცირე დრო დარჩა და არ ვიცი, ვითამაშებ თუ არა. მთავარია, “ბარსამ” მოიგოს. მე ყოველთვის ასეთი მენტალიტეტი მქონდა და ვერც შევიცვლი.
- რამდენად დიდი შანსია იმისა, რომ 28 მაისს სრულყოფილ ფორმაში შეხვდეთ?
- ძველებურ დონეზე დაბრუნება ჯერ გაძნელდება. ეს გარკვეულ დროში, დიდი მუშაობის შედეგად მოდის.
- “ბარსა” “მანჩესტერზე” ძლიერია?
- არ ვიცი. ფინალის შემდეგ გიპასუხებთ.
ილია ნანობაშვილი









