შოთა ჩოჩიშვილის სახელობის აკადემიაში დასრულდა ძიუდოისტთა პირველი ეროვნული სარეიტინგო ტურნირი. ლიდერების არყოფნაში შიდა კონკურენციაში შედარებით გამოუცდელი სპორტსმენები ჩაერთნენ და ვინაიდან ნაკრების პირველ-მეორე ნომრებად მიჩნეულთა უმრავლესობას არც დეკემბერში ჩატარებულ საქართველოს ჩემპიონატზე მოუპოვებია სარეიტინგო ქულები, შიდა რეიტინგსია ჯერაც ცნობილი გვარ-სახელების გარეშეა დარჩენილი.
ვეჭვობთ, ეს ტენდენცია სამომავლოდაც გაგრძელდება. შიდა კონკურენციის ასამაღლებლად შემოღებულმა პროექტმა შესაძლოა საპირისპირო შედეგი მოიტანოს. მოგეხსენებათ, ეროვნულ სარეიტინგო ტურნირებზე მოპოვებული ქულების დაჯამებით, საუკეთესო სამეულში მოხვედრილ ძიუდოისტებს ხელფასები ენიშნებათ 500, 300 და 150 ლარის ოდენობით. იმ სპორტსმენებისთვის, რომლებსაც სხვა შემოსავალი არსაიდან აქვთ, ეს გასამრჯელო უდიდესი რამაა. ამიტომ, ნაკრების ლიდერები, რომლებიც ხელფასებს საერთაშორისო ტატამებზე ნაჩვენები შედეგებით იღებენ, შემოსავლის ლამის ერთადერთი წყაროსთვის მებრძოლ ძიუდოისტებთან დაპირისპირებას სავარაუდოდ თავს აარიდებენ.
დღეს მედლები დარჩენილ ოთხ წონით კატეგორიაში გათამაშდა. 81 კილოგრამში, წინასაოლიმპიადო შეკრებაზე მყოფი ავთანდილ ჭრიკიშვილისა და ლევან წიკლაურის გარდა ტურნირი გიორგი ბაინდურაშვილმა და ბექა ღვინიაშვილმაც გამოტოვეს. ოქროს მედალი და 300 სარეიტინგო ქულა ლაშა ზურაბიანმა გამოიმუშავა, რომელმაც საჩემპიონო გზაზე ლევან დავითაშვილი, ალეკო ქურასბედიანი, ვალერი გუგავა, პაატა ღვინიაშვილი და ვახტანგ სარაჯიშვილი ჩამოიცილა.
90 კილოგრამში შეჯიბრება ლოგიკურად დასრულდა – კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ზვიად გოგოჭური ავიდა. ფინალში მან ფრიდონ ზურაბიანს აჯობა. იქამდე კი კახა გაზაშვილის, ავთო ბოგვერაძისა და იოსებ გუზიტაშვილის დამარცხება მოასწრო.
ყველაზე მეტი ანგარიშგასაწევი ძიუდოისტი 100 კილოგრამ წონით კატეგორიას დააკლდა. ლევან ჟორჟოლიანის, ირაკლი ცირეკიძეს, დავით ლორიაშვილის, სოსო მსხალაძისა და ირაკლი ქობლიანიძის არყოფნაში ყველას მიხეილ ნარიმანიძემ აჯობა. მან ორ უმთავრეს კონკურენტს: საქართველოს მოქმედ ბრინჯაოს პრიზიორებ, ონისე ბუღაძესა და ბექა ბერძენიშვილს ნახევარფონალსა და ფინალში მოუგო.
მძიმე წონაც ლოგიკური ფინალით დაგვირგვინდა - ლევან მატიაშვილმა სლავა რეზესიძე დაამარცხა და რეიტინგში მეორე პოზიციაზე ასვლა გაინაღდა. შეგახსენებთ, შარშან დეკემბერში ჩატარებულ საქართველოს ჩემპიონატზე მატიაშვილმა და რეზესიძემ მესამე ადგილები დაიკავეს. ამჯერად კი ბრინჯაოს პრიზიორები უშანგი კოკაური და ვახტანგ ზოიძე გახდნენ.
მომდევნო სარეიტინგო ტურნირი აგვისტოს მიწურულს გაიმართება.
ძიუდო
ეროვნული სარეიტინგო ტურნირი
თბილისი
24 მაისი
81 კგ
1 ლაშა ზურაბიანი (მცხეთა მთიანეთი)
2 ვახტანგ სარაჯიშვილი (კახეთი)
3 ვალერი გუგავა (თბილისი)
3 ზაზა დავაძე (ქვემო ქართლი)
90 კგ
1 ზვიად გოგოჭური (აჭარა)
2 ფრიდონ ზურაბიანი (მცხეთა მთიანეთი)
3 დავით კარბელაშვილი (შიდა ქართლი)
3 რეზო წულუკიძე (აჭარა)
100 კგ
1 მიხეილ ნარიმანიძე (კახეთი)
2 ბექა ბერძენიშვილი (თბილისი)
3 ვალერი ჟორჟოლიანი (რაჭა-ლეჩხუმი)
3 ონისე ბუღაძე (თბილისი)
+100 კგ
1 ლევან მატიაშვილი (თბილისი)
2 სლავა რეზესიძე (ქვემო ქართლი)
3 უშანგი კოკაური (შიდა ქართლი)
3 ვახტანგ ზოიძე (აჭარა)
ოთარ მაღლაკელიძე







