საქართველოს ძიუდოს ფედერაციამ შიდა სარეიტინგო ტურნირის ჩატარებიდან ორიოდ დღეში განახლებული რეიტინგ-სია გამოაქვეყნა. მასში ამ ტურნირისა და 2011 წლის დეკემბერში გათვალისწინებული შედეგებია შეტანილი და სარეიტინგო ქულების დაჯამებით ის ძიუდოისტები გამოავლინეს, რომლებზეც ახალი სახელფასო სისტემა გადანაწილდება. შეგახსენებთ, ეროვნული რეიტინგის შემოღება ფედერაციის ხელმძღვანელებმა შარშანდელი სეზონის მიწურულს გადაწყვიტეს. პროექტის უმთავრესი მიზანი შიდა კონკურენციის ამაღლებაა. ამასთან, ცვლილებები სახელფასო ფონდის გადანაწილებასაც შეეხო. თუკი აქამდე სპორტსმენებს საქართველოს ჩემპიონატის შედეგებით ერთწილიანი ვადით ენიშნებოდათ ხელფასი, ამიერიდან, უმთავრეს შიდა შეჯიბრებას 3 სარეიტინგო პირველობაც ემატება. შესაბამისად, სახელფასო ფონდში ცვლილებებს წელიწადში ოთხჯერ შეიტანენ ხოლმე და თითოეული წონითი კატეგორიის სამ-სამ უკეთესრეიტინგიან ძიუდოისტს გასამრჯელო სამთვიანი ვადით დაენიშნება.
რაც შეეხება ქულათა დარიცხვის კონკრეტიკას, თუ რიგით ტურნირებზე ჩემპიონ-პრიზიორები 300, 200 და 100 ქულას გამოიმუშავებენ, საქართველოს ჩემპიონატზე სამეულში შესვლა 500, 300 და 200 ქულად ფასობს.
ამ პროექტს თან ერთი რისკიც ახლავს – დიდი შანსია, ნაკრების ლიდერებად მიჩნეულმა ძიუდოისტებმა შიდა კონკურენციაში ჩართვა არ ისურვონ. ეროვნულ სარეიტინგო ტურნირებზე მოპოვებული ქულების დაჯამებით, საუკეთესო სამეულში მოხვედრილ ძიუდოისტებს ხელფასი ენიშნებათ 500, 300 და 150 ლარის ოდენობით. იმ სპორტსმენებისთვის, რომლებსაც სხვა შემოსავალი არსაიდან აქვთ, ეს გასამრჯელო უდიდესი რამაა. ამიტომ, ნაკრების ლიდერები, რომლებიც ხელფასს საერთაშორისო ტატამებზე ნაჩვენები შედეგებით იღებენ, შემოსავლის ლამის ერთადერთი წყაროსთვის მებრძოლ ძიუდოისტებთან დაპირისპირებას სავარაუდოდ თავს აარიდებენ.
პირველი სარეიტინგო ტურნირი ნაკრების წევრებმა ოლიმპიური თამაშებისთვის მოსამზადებელი შეკრების გამო გამოტოვეს. მათ უმრავლესობას არც საქართველოს ჩემპიონატზე უჭიდავია და ამიტომაცაა, რომ შიდა რეიტინგ-სია ჯერაც ცნობილი გვარ-სახელების გარეშეა დარჩენილი.
ბოლოს კი განახლებულ რეიტინგზეც ვთქვათ. 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლიდერობა საქართველოს ჩემპიონმა პაატა მერებაშვილმა შეინარჩუნა, მიუხედავად იმისა, რომ 5 თვის წინ მოპოვებული 500 ქულისთვის სარეიტინგო ტურნირზე არაფერი მიუმატებია. ამჯერად მერებაშვილმა ერთი წონით მაღლა სცადა ბედი, მაგრამ მისი არყოფნით კონკურენტებმა ვერ ისარგებლეს.
საქართველოს მოქმედი ჩემპიონები ლევან წიკლაური (81 კგ), ლაშა გურული (90 კგ), ირაკლი ქობლიანიძე (100 კგ) და ადამ ოქრუაშვილი (+100 კგ) ამჯერად ტატამზე საერთოდ არ გასულან, მაგრამ რეიტინგში კვლავ პირველ ადგილზე დგანან და 500-ლარიან ხელფასს კიდევ სამი თვის განმავლობაში მიიღებენ. ანალოგიური გასამრჯელო სანდრო იაკობაშვილმაც (66 კგ) შეინარჩუნა, რომელმაც საქართველოს პირველობაზე გამომუშავებულ 500 ქულას ახლა 80 წაამატა. უფრო მეტის დასაგროვებლადაც იბრძოლებდა, მეოთხედფინალის შემდეგ ტურნირზე გამოსვლა საკუთარი ნებით რომ არ შეეწყვიტა.
შიდა რეიტინგის აბსოლუტური ლიდერი კი, 73 კილოგრამში მოჭიდავე ამბაკო ავალიანია. იგი საქართველოს ჩემპიონატზეც კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა და სარეიტინგო ტურნირზეც. შედეგად, 800 ქულა აკრიფა და აგვისტოს ბოლოს ჩასატარებელ მორიგ სარეიტინგო შეჯიბრებას ტრიბუნიდანაც რომ მიადევნოს თვალი, წლის ბოლომდე 500-ლარიანი ხელფასი მაინც განაღდებული აქვს.
ეროვნული რეიტინგი
60 კგ
1 პაატა მერებაშვილი (შიდა ქართლი) 500
2 გიორგი ბროლაშვილი (თბილისი) 360
3 გიორგი მესაბლიშვილი (კახეთი) 320
66 კგ
1 სანდრო იაკობაშვილი (ქვემო ქართლი) 580
2 მინდია ლილუაშვილი (იმერეთი) 340
3 თორნიკე თათარაშვილი (მცხეთა მთიანეთი) 300
73 კგ
1 ამბაკო ავალიანი (ქვემო ქართლი) 800
2 ზურაბ ნოზაძე (თბილისი) 500
3 არსენა მაჭარაშვილი (იმერეთი) 220
81 კგ
1 ლევან წიკლაური (კახეთი) 500
2 გიორგი ბაინდურაშვილი (მცხეთა მთიანეთი) 300
3 ლაშა ზურაბიანი (მცხეთა მთიანეთი) 300
90 კგ
1 ლაშა გურული (იმერეთი) 500
2 გიორგი ნოზაძე (თბილისი) 300
3 ზვიად გოგოჭური (აჭარა) 300
100 კგ
1 ირაკლი ქობლიანიძე (თბილისი) 500
2 ბექა ბერძენიშვილი (თბილისი) 400
3 მიხეილ ნარიმანიძე (კახეთი) 380
+100 კგ
1 ადამ ოქრუაშვილი (მცხეთა მთიანეთი) 500
2 ლევან მატიაშვილი (თბილისი) 500
3 სლავა რეზესიძე (ქვემო ქართლი) 400
ოთარ მაღლაკელიძე







