ძიუდო

19:31 | 11.05.2012 | ნანახია [] - ჯერ

ერთდღიანი ქართული პაუზა იაპონიამდე

დღეს გამთენიას, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ალჟირული შეკრებიდან თბილისში დაბრუნდა, ხვალ დილით კი მორიგ უცხოურ შეკრებაზე – იაპონიაში გაემგზავრება. პიტერ ზაიზენბახერის გუნდი ოლიმპიური თამაშებისთვის მოსამზადებელ ციკლს იმ 10 სპორტსმენით გაივლის, რომლებმაც ოლიმპიური ნორმატივი შეასრულეს. ნაკრების ავსტრიელი თავკაცი საუკეთესო შვიდეულს სავარაუდოდ დასკვნით შეკრებაზე დაასახელებს.
“ჩვენი გუნდი იაპონიაში კვირას ჩავა და ორშაბათიდან ვარჯიშს შეუდგება. 20 მაისს გუნდი სამხრეთ კორეაში გადაინაცვლებს და 6 დღით იქაურ ნაკრებთან ერთად იონგ ინის უნივერსიტეტში მოემზადება. შემდეგ კი ისევ იაპონიაში ჩავა და ტოკაის უნივერსიტეტში 5 ივნისამდე დარჩება. ამ შეკრებების შემდეგ ნაკრები საქართველოში დაბრუნდება და 25 ივნისამდე ორ საერთაშორისო ტურნირზე გაემგზავრება. სავარაუდოდ ბრაზილიასა და არგენტინაში. 25-დან გეგმაში ჩეხეთისა და ესპანეთის თითოკვირიან ტრეინინგ-კემპებში მონაწილეობაა. ივლისის შუა რიცხვებიდან კი გუნდი დასკვნით შეკრებას დუშეთის ოლიმპიურ ბაზაზე გაივლის” – უთხრა “მსოფლიო სპორტს” საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი ალექსიძემ.
შეგახსენებთ, ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო რეიტინგში ლონდონისთვის საკმარისი ქულები ამირან პაპინაშვილმა, ბეთქილ შუკვანმა (ორივე 60 კგ), ლაშა შავდათუაშვილმა (66 კგ), ნუგზარ ტატალაშვილმა (73 კგ), ავთანდილ ჭრიკიშვილმა (81 კგ), ვარლამ ლიპარტელიანმა (90 კგ), ლევან ჟორჟოლიანმა, ირაკლი ცირეკიძემ (ორივე 100 კგ), ადამ ოქრუაშვილმა და ზვიად ხანჯალიაშვილმა (ორივე +100 კგ) დააგროვეს. შავდათუაშვილს, ტატალაშვილს, ჭრიკიშვილსა და ლიპარტელიანს ოლიმპიურ ტატამზე გასვლას ვერავინ შეეცილება. 60, 100 და +100 კილოგრამებში კი ორ-ორი კანდიდატია და ლონდონში ისინი გაემგზავრებიან, რომლებიც ივლისის ბოლოს უკეთეს სპორტულ ფორმაში იქნებიან.

ოთარ მაღლაკელიძე
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.086822