საკანში ოთხნი არიან. აქედან სამი არალეგალი. არაბი ჰუსეინი კარაბინერებმა მაშინ დაიჭირეს, როდესაც კონტეინერით ხილის წვენის ნაცვლად იარაღი გაჰქონდა. უკრაინელ მატვეის გენუაში ბანკის გაძარცვა უცდია და მაშინ აიყვანეს, როდესაც ბანკიდან ფულით გატენილი ჩანთით გამორბოდა. ქართველ გიოს კი მაღაზიის გატეხვა და 30 ბოთლი ვისკის მოპარვა ედება ბრალად. მეოთხე აშკარად იტალიელია, მაგრამ რაც საკანში შეიყვანეს, ხმას არავის სცემს და გიოს მრავალი მცდელობის მიუხედავად, ყველაფერზე თავის უარყოფის ნიშნად გადაქნევით პასუხობს.
დილაა. გიო ყველაზე ადრე დგება. მიუხედავად იმისა, რომ მოსაწევი ოთახი ცალკეა გამოყოფილი, საერთო ოთახში უკიდებს სიგარეტს და მატვეის გაღვიძებას ცდილობს, რომელიც ყველაზე კარგად აყენებს ჩაის. არაბს ჯერ ისევ სძინავს. გრძელი წვერი ხვრინვის დროს ისე აუდ-ჩამოუდის, კაცი იფიქრებს, მინდორზე ქარმა წამოუბერაო. თვალები უტყვ იტალიელსაც დაუჭყეტავს და მოწყენილი ასცქერის საკნის ჭერს, სადაც ბუზები უცნაური ტრაექტორიით დაცოცავენ. ”ჩაის არ დალევ? სახელი მაინც გვითხარი შენი. არ შეიძლება ასე ცალკე ყოფნა” – დამტვრეული იტალიურით ეუბნება გიო მოგრძოთმიან იტალიელს და თან ახლადგაღვიძებულ მატვეის ანიშნებს, ჩაი დააყენეო. ”სტეფანო მქვია. მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს?” – ჩაილაპარაკა იტალიელმა ჩახლეჩილი ხმით. ”მერე რისი გეშინია კაცო. გვითხარი ჩვენც ორი სიტყვა” – საუბარში იჭრება უკრაინელიც. ”მე არაფრის მეშინია. უბრალოდ ხასიათზე არ ვარ. ჩემს ადგილზე თქვენც ასე იქნებოდით”. ”მაინც რაზე ზიხარ?” “ფეხბურთი გიყვართ?”. ”ისე რა... მე მგონი ჰუსეინს უყვარს ყველაზე ძალიან. ფეხბურთი რა შუაშია?” – ჩაეძია გიო. ”მე თამაშების ჩაწყობაში მდებენ ბრალს. ფეხბურთელი ვარ. თქვენი წყენინება არ მინდოდა, მაგრამ ვერასოდეს წარმოვიდგენდი ციხეში თუ აღმოვჩნდებოდი და ამის გამო ძალიან ვარ დათრგუნული” ”ვაა. ცნობილი ფეხბურთელი ხარ? ჩემ ძმაკაცებს უყვართ ძალიან ფეხბურთი. ტელევიზორში იყო ხოლმე შენი თამაშები?” ”იქნებოდა ალბათ. შენ კალაძის თანამემამულე ხარ, ჰო?” ”საიდან მიხვდი”? ”რამდენჯერმე საქართველო ახსენე და ვიცი კალაძე რომ ქართველია”... ”ეგეც ხომ არ დაიჭირეს?”. “არა, კალაძე არაფერ შუაშია. სხვები დაიჭირეს. შეიძლება მეც დავლიო ჩაი?”. ”აბა რა. აქ ჩვენ ყველანი ერთად ვართ. სხვადასხვა ქვეყნიდან კი ვართ, მაგრამ, აქ ეროვნებას მნიშვნელობა არ აქვს” – გაიცინა მატვეიმ და ქაფქაფა ჩაით სავსე ფინჯანი გადააწოდა ფეხბურთელს.
”ჰო, რა თქვი რა მქვიაო?” – თვალების ფშვნეტით იკითხა ჰუსეინმა, რომელსაც გაღვიძებოდა და თვალებდახუჭული ისმენდა მათ საუბარს. “მაური, სტეფანო მაური”. ”ისა, ”ლაციოს” მაური? თქვენც გიჭერენ უკვე? გამოდის, რო მართლა აწყობდით თამაშებს.”. ”არა, შეცდომაა რაღაც. მე ტოტალიზატორში ფულს მარტო ჩოგბურთზე და კალათბურთზე ვდებდი. ამათ კიდევ თამაშების ჩაწყობაში მონაწილეობა დამაბრალეს...” “აბა რა ვიცი. ყველა ჩაწყობილ თამაშებზე რომ ლაპარაკობს... ისე მე “ლაციოს” არაფერს ვერჩი. ერთხელ ნაღდი 100 ათასი ევრო მოვიგე თქვენ თამაშზე. იმის მერე მიყვარს ეგ გუნდი” – ეს სიყვები თქვა და არაბიც საცვლისამარა შეურთდა ჩაის სმაში გართულ მეგობრებს. ფეხბურთელიც ცოტა დარცხვენით, მაგრამ მაინც მივიდა მაგიდასთან და ჩაის კოვზი ამოურია. ”დიდებულ არს განგება ალაჰისი. რას ვიფიქრებდი, რომ ოდესმე იმ გუნდის კაპიტანთან ერთად ვიჯდებოდი ციხეში, ვინც ასი ათასი ევრო მომაგებინა” – თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა ჰუსეინმა. ”მერე ამხელა ფულს რა უყავი. ასი ათასი რომ მოვიგო, იტალიაში რა მინდა? ჩემს სამშობლოში ვიცხოვრებ ტკბილად. იცით რა ლამაზი ქვეყანა მაქვს?!” – ხმაში გულისტკივილი გამოურია გიომ. ”არამუსლიმები მხოლოდ საკუთარ თავზე რომ ფიქრობთ, იმიტომაც წაიწყმიდებით. მე ის ფული ჩემს თანამებრძოლ ძმებს გავუნაწილე”. ”ჩაისათვის დიდი მადლობა მეგობრებო. მართლაც კარგი ჩაის დაყენება სცოდნია ამ რუსს” – კეთილგანწყობის შეტანა სცადა საუბარში მაურიმ. ”მე რუსი არ ვარ. უკრაინელი ვარ!”. ”მაპატიეთ. ეჰ, არც მე ვარ თამაშების ჩამწყობი და კორუფციონერი, მაგრამ როგორც ხედავთ აქ ვარ”. ”შენს გამო, იტალიაში ალბათ ერთი ამბავია ატეხილი. შენს გამოშვებასაც ფეხბურთის ბევრი მოყვარული მოითხოვს. ჩვენ არ ვახსოვართ არავის” _ თქვა გიომ და მეორე ღერ სიგარეტს მოუკიდა. ”მეც მეგონა, რომ ბევრს ვუყვარდი და ვახსოვდი, მაგრამ ”ლაციოს” ყველაზე თავგადაკლული ტიფოზების გარდა, არც არავის ვახსოვარ და არც არავის დასწყვეტია გული ჩემზე. ფეხბურთი ძალიან უსამართლო ყოფილა. შვილს ფეხბურთზე არ მივიყვან. თუ შეიძლება ერთი ღერი სიგარეტი მეც მომეცით. ახლა მაინც სულ ერთია ყველაფერი” – დაიწუწუნა სტეფანომ. ”აქედან თუ გაგიშვეს, გააგრძელებ ფეხბურთის თამაშს?” – ჰკითხა არაბმა.. ”ფეხბურთი, ფეხბურთი... აღარც კი მახსოვს ფეხბურთს როგორ ვთამაშობდი. ნუთუ ეს ყველაფერი სინამდვილეში ხდება?..” – თავჩაქინდრულმა თქვა მაურიმ და ატირდა. ჰუისეინმა მხარზე ხელი გადახვია და უთხრა: “ამის მიუხედავად, მაინც ვფიქრობ, რომ ალაჰი სამართლიანია!”.
ზაფხულის არცთუ გრილი დილა იყო. ციხე თანდათან იღვიძებდა და ყველა საკნიდან ისმოდა დილით ამდგარი ადამიანებისათვის დამახასაითებელი, ხრინწიანი ხმა. სულ მალე, მორიგეც გამოჩნდებოდა, რომელსაც სასადილო ოთახში უნდა წაეყვანა პატიმრები. ”ლაციოს” კაპიტანი კი იჯდა და ტიროდა.
ლევან სეფისკვერაძე









