ჭადრაკი

15:22 | 10.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ეს თუ ჭადრაკის მომავალია და...

 

გამალებული საარჩევნო დოღია ტრომსოში და, ყველა კანდიდატი თავისებურად ცდილობს ამომრჩევლისთვის თავის მოწონებას. გუშინ გარი კასპაროვის დღე იყო, უფრო სწორად, ბატონმა გარიმ თავის მომხრეებს ერთ-ერთი სასტუმროს თეატრალურ სცენაზე უხმო და ერთგვარი გასართობი ფართი მოაწყო. კასაპაროვმა თავის საარჩევნო კამპანიას ასეთი დევიზი წარუმძღვარა: „ კასპაროვი - ჭადრაკის მომავალი“. ცხადია, აქ მარტო კასპაროვი არ იგულისხმება და მისი გუნდის წევრებიც მოიაზრებიან. ისიც ცნობილია, რომ  ოგო ძირითად აქცენტს აფრიკისა და აზიის ქვეყნების ხმების მოპოვებაზე აკეთებს. სტარტეგია გასაგებია:  ჯერ ერთი, რომ ეს ორი კონტინენტი ქვეყნების სიმრავლით გამოირჩევა და მეორეც: დიდი უმრავლესობა ღარიბ-ღატაკია და მათი გულის მოგება არცთუ რთულია, ცხადია, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი რესურსები გაქვს, არ დაზოგავ ფულს და ცოტა მარიფათსაც გამოიჩენ. თქმა არ უნდა, იგივეს ცდილობს კონკურენტიც, მაგრამ კასპაროვისგან განსხვავებით, კირსან ილუმჟინოვს აფრიკელების თუ აზიელების მიმხრობის დიდი გამოცდილება აქვს. ჩემი აზრით, რთული ბრძოლა კი შედგება, მაგრამ ვგონებ, გამოცდილებამ უნდა იმარჯვოს. ამაში გუშინდელმა საღამომაც დამარწმუნა.

დიდი მონდომების მიუხედავად, ისეთი უბადრუკი და დაბალგემოვნებიანი საღამო იყო, რომ ეს თუ ჭადრაკის მომავალია და ამ ხალხით და ასეთი მიდგომით უნდა კასპაროვს მსოფლიოში ჭადრაკის არნახულ დონეზე აყვანა, ჯობს, რომ აქედანვე შეეშვას წვალებას და სხვას დაანებოს ამ ციცაბო და რთულ გზაზე სიარული... ილუმჟინოვის აპოლოგეტი არ ვარ, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს დელეგაცია მას უჭერს მხარს, მაგრამ ორგანიზებაში და საქმის ცოდნაში უზარმაზარ განსხვავებას ვხედავ...  არაა ეს კაცი(კასპაროვი) მშვიდი და კაბინეტური, ფუნქციონერის სტილის მოღვაწე და თუ თვითონ და ბარე ორ სხვასაც ჯერ ვერ გაუგია, დიდი დრო არც დაჭირდება ამის დანახვას.

საღამო ერთსაათიანი დაგვიანებით დაიწო და ვიდრე მასპინძლები რამე გონივრულს მოიფიქრებდნენ, ჩვენი გართობა აფრიკულ-ევროპული, გაუგებარი მიმდინარეობის  ერთფეროვანი რიტმებით დააპირეს. საერთოდ, დიდი მოთმინებით არ გამოვირჩევი, მაგრამ ეტყობა მთლად ცუდად არ მქონია საქმე, რახან ამ აბდაუბდას გავუძელი.

 როგორც იქნა, საღამოს წამყვანმა იკადრა და სცენაზე გამობრძანდა. მისი ენაწყლინობა, მაინც მგონია, რომ  წყლის ნაყვა იყო, რადგანაც ეჭვი მაქვს,  თავადაც არ ჯეროდა  ხვალინდელი გამარჯვების (შეგახსენებთ, ხვალ, 11 აგვისტოს აირჩევენ ფიდეს პრეზიდენტს). პუბლიკის გამხნევების მცდელობის შემდეგ სცენაზე იხმო ინგლისელი დიდოსტატი ნაიჯელ შორტი  და ასევე ცნობილი გერმანელი  დიდოსტატი  ელიზაბეთ პეჰტცი. ამათ  დუეტში შეასრულეს პოპულარული ინგლისურენოვანი სიმღერა - "ჩან'ტ ჰელპ ფალლინგ ინ ლოვე". ქალბატონი პეჰტცი რიგიანი მომღერალი აღმოჩნდა, თუმცა, ცხადია, მოჭადრაკეთა მარაქისთვის; შორტი გიტარით უკეთებდა აკომპანიმენტს, მაგრამ  მისი ოსტატობა კიდევ  უფრო სამოყვარულო დონის იყო. რა თქმა უნდა, აქ პრეტენზია არავის უნდა ჰქონოდა და, ამას, პირველ რიგში, შორტიც აღნიშნავდა, რომელსაც რამდენჯერმე აკორდთა თანმიმდევრობაც  შეეშალა.

მუსიკალური ნომრები შემდეგშიც იყო და , სამწუხაროდ, სულ უფრო ცუდი და უარესი. აქაც გასაკვირი არაფერია - ძირითადად, სხვადასხვა ქვეყნის მოჭადრაკეები ადიოდნენ სცენაზე. თავისი ვოკალური შესაძლებლობები  წარმოაჩინა ცნობილმა სინგაპურელმა საჭადრაკო  ფუნქციონერმა იგნასიო ლეონგმაც. მან დუეტში იმღერა თავისივე ქვეყნის ნაკრების წევრ ქალბატონთან ერთად. აქედანაც ვერაფერი სიამოვნება მივიღე, თუმცა, საერთო ჯამში  საღამო მხიარული გამოვიდა. ყველაზე დიდი ნაწილი ამ შოუსი წაიღო ვინმე ინდოელმა ჯადოქარმა, რომელმაც ჯერ სცენაზე „გააჩინა“ გარი კასპაროვი და შემდეგ საკმაოდ გაცვეთილი და გადაღეჭილი ილუზიონისტური ნომრები წარმოადგინა...

ორგანიზატორებმა მცირე ლატარიაც მოაწყვეს:  შესვლის დროს ყველა სტუმარს ნომრიანი ბილეთი ერგო. ამ ბილეთის დახმარებით, თუ გაგიმართლებდა, პლანშეტის მფლობელი გახდებოდი. ბედნიერება თხუტმეტიოდე სტუმარს ერგო; თქვენი მონა-მორჩილი და ჩემი რუსი კოლეგა და ქართველთა სიძე( ლელა  ჯავახიშვილის მეუღლე) ევგენი სუროვი ხელმოცარული დავრჩით. ეს ჩემი ბოლო იმედგაცრუება იყო და სასწრაფოდ  გუდანაბადი ავიკარი; სუროვმა კი, მე ბოლომდე დაველოდებიო და დავემშვიდობეთ ერთმანეთს. თუ რას გამოვრჩი და წავაგე თუ არა რამე ადრინდელი წასვლით, ევგენის რეპორტაჟიდან შევიტყობ, რომელსაც   თავისსავე ძალიან პოპულარულ რუსულ ენოვან  საჭადრაკო საიტზე დადებს. იგივეს გაკეთება თქვენც შეგიძლიათ, ოღონდ, მომიტევეთ, რომ ინტერნეტ მისამართს ვერ გიკარნახებთ - ვშიშობ, რეკლამაში ჩამეთვალოს; თუმცა ვინც ჭადრაკს თვალს ადევნებს, მას ჩვენი მეგობრის საიტი კარგად მოეხსენაბა და იოლადაც მოიძიებს სასურველ მასალას.

მე კი უკეთესი მომალის იმედით დაგემშვიდობებით.

ზვიად შათირიშვილი

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.162299