ფეხბურთი

19:10 | 18.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ესეც 25-ე

 

დასრულდა საქართველოს  25-ე ჩემპიონატი და თბილისის “დინამომ”, საწყის ტურებსა და წლეულს ზედიზედ განცდილ საშინაო მარცხებს თუ არ ჩავთვლით, დამაჯერებლად დაიკავა პირველი ადგილი. შარშან სხვა იყო: გორის “დილა” დიდ წინააღმდეგობას უწევდა დინამოელებს, ამჯერად კი “დილას” როლი თითქოს ‘ზესტაფონს” უნდა შეესრულებინა, მაგრამ იმერულმა კლუბმა ცუდად ჩაატარა სეზონის პირველი ნახევარი.

და როცა “ზესტაფონში” გია გეგუჩაძე დანიშნეს და შემადგენლობაც თითქმის ძირფესვიანად შეცვალეს, უკვე გვიანი იყო. გვიანი იყო ჩემპიონობისთვის, თორემ მეორე ადგილზე ისედაც გავიდნენ იმერლები.

საჩხერის “ჩიხურა” პირველ წრეში უკეთესი გუნდი იყო, რადგან გიორგი რეხვიაშვილი და დიმიტრი ტატანაშვილი ჰყავდა. შემდეგ კი, საჩხერელებმა მთლიანად თასზე გადაიტანეს აქცენტი, ჩემპიონატში კი ზედიზედ წააგეს მატჩები. წააგეს ბოლოსაც – მთელი წლის განმავლობაში ფინანსურ გასაჭირში მყოფ “გურიასთან”, რომელსაც ზედიზედ 9 მარცხი ჰქონდა განცდილი.

ლანჩხუთელებმა ჩემპიონატი ფრის გარეშე დაასრულეს: 12 მოგება, 20 წაგება. მართლაც იშვიათი სტატისტიკაა.

ბოლო ტურში არანაირი სატურნირო ინტრიგა აღარ ყოფილა. ცნობილი იყო, რომ მარტვილის “მერანსა” და ‘ზუგდიდს” გავარდნისგან აღარაფერი უშველიდათ, ევროპაზე გასული ოთხეულიც კარგა ხნის წინ გაირკვა და ადგილებიც განაწილებული იყო.

იყო უცნაური სახეცვლილებებიც: მაგალითად, ჩემპიონატის საწყისი 9 ტურის შემდეგ, ქუთაისის “ტორპედო” ლიდერობდა, მაგრამ ესპანელი ჟერარდ სარაგოსას გუნდმა ზედიზედ წააგო შეხვედრები და საბოლოოდ ექვსეულს მიღმა დარჩა.

შედეგის მხრივ, არაფერს გავუკვირვებივართ ბოლნისის “სიონის” გარდა. ლადო ბურდულის შეგირდებმა ზედა ექვსეულში ზედიზედ 7 მატჩი მოიგეს, მესამეზე გავიდნენ და ევროტურნირებზე გავიდნენ. მეტწილად 30 წელს გადაცილებულ ფეხბურთელებზე აწყობილი გუნდი, რომელიც მშვენივრად იყენებდა სტანდარტულ მდგომარეობებს.

ჩისკოზე გუშინაც დავწერეთ და ახალი რაღა ვთქათ. 33 წლის ყოფილი ნახევარმცველი საქართველოში ბომბარდირად იქცა – ზედიზედ მეორედ. ჩემპიონატს პეწი შესძინა ოთარ მარცვალაძის დაბრუნებამაც, რომელსაც საწყის ტურებში ვერ აეწყო თამაში, მაგრამ შემდეგ გამოჩნდა, რამხელა ძალაა საქართველოს ჩემპიონატში. აკი, ეროვნულ ნაკრებშიც დააბრუნეს.

კარგი ახალგაზრდებიც გამოჩნდნენ: მაგალითად, მათე ცინცაძე, გიორგი პაპუნაშვილი, გიორგი პაპავა, გიორგი გველესიანი, ზვიად ლობჯანიძე, ელგუჯა ლობჯანიძე, ოთარ კვერნაძე, დავით ხურციძე, გიორგი ქვილითაია, ვახტანგ ჭანტურიშვილი, თორნიკე კაპანაძე და ასე შემდეგ.

უარყოფითი იმდენი იყო, რა დათვლის. ყველაზე მეტად კი გარიგებული მატჩების თემა – ჯერ დასაჯეს გუნდები, შემდეგ ფულადი სასჯელი შეამცირეს, რაც, რბილად რომ ვთქვათ, არასერიოზულია.

ევროტურნირებზე რას ვაპირებთ? იქ არავინ გაგვირიგდება და არც მსაჯები გადმოგვხედავენ მოწყალე თვალით.

 

1-6 ადგილები


1      დინამო                                       32           21           5           6           67:23           68          
2 ზესტაფონი 32 19 5 8 48:23 62
3 სიონი 32 16 7 9 41:33 55
4 ჩიხურა 32 13 7 12 56:50 46
5 მეტალურგი 32 13 6 13 35:39 45
6 გურია 32 12 0 20 31:53 36

 

7-12    ადგილები

 

1      ტორპედო                                    32          14          6           12         43:44           48          
2 ვიტ ჯორჯია 32 13 6 13 41:45 45
3 დილა 32 11 8 13 44:36 41
4 სპარტაკი 32 12 4 16 33:38 40
5 ზუგდიდი 32 10 6 16 26:42 36
6 მერანი 32 6 4 22 21:60 22

 

მეგოლეები:

19 - ჩისკო მუნიოსი (“დინამო”)

15 - დიმიტრი ტატანაშვილი (“ზესტაფონი”)

12 - ვილი ისიანი (“გურია”)

11 - ნიკა საბანაძე (“ზესტაფონი”)

10 - გიორგი გაბედავა (“ჩიხურა”)

8 - გიორგი კორიფაძე (“ვიტ ჯორჯია”), გიორგი მერებაშვილი (“დინამო”), რევაზ გეწაძე (“ზესტაფონი”), დათო კირკიტაძე (“ზუგდიდი”)

7 - ელგუჯა ლობჯანიძე (ვიტ ჯორჯია”), ჯაბა ჯიღაური (“ჩიხურა”)

6 - გიორგი კახელიშვილი (“სიონი”), გიორგი ქვილითაია (“დილა”)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.17295