არგენტინის ნაკრებისა და “ნაპოლის” ფორვარდი ესეკიელ ლავესი მალე კოპა ამერიკის გათამაშებაში ჩაებმება, რომელსაც მისი სამშობლო უმასპინძლებს. ბიკამპეონთაგან არგენტინელი ქომაგები მხოლოდ პირველობას ითხოვენ და სანუკვარი მიზნის მისაღწევად ნეაპოლში მობურთალი თავდამსხმელისაც ეიმედებათ. ლავესიმ კი ინტერვიუ მისცა La Nacion-ს და გულშემატკივარს საკუთარი ცხოვრების არასაფეხბურთო ამბები გააცნო.
- გულშემატკივრებმა თქვენი საფეხბურთო გზა კარგად იციან. იქნებ მათ ესეკიელ ლავესის ცხოვრების ადრეულ, ბავშვობის წლებზე მოუთხროთ მოკლედ...
- 2 წლისა ვიყავი, როცა მამა და დედა ერთმანეთს დაშორდნენ და მას შემდეგ, დედა ასრულებდა ორივე მშობლის მოვალეობას. იგი რესტორანში მიმტანად მუშაობდა, შინ გვიან ბრუნდებოდა. მე და ჩემი 2 ძმა სულ ერთად ვიყავით და ფეხბურთის თამაშიც მათთან ერთად დავიწყე. რაც თავი მახსოვს, ბურთს დავსდევ და ვერც კი ვიხსენებ, როდის ჩავატარე პირველი საფეხბურთო მატჩი.
- დედა თქვენს სრულფასოვან მოვლას ახერხებდა? არაფერი გაკლდათ?
- ცხადია, მარტოს უჭირდა 3 შვილის აღზრდა-შენახვა. ამასთან, კვების რაციონი ყოველთვის კალორიული გვქონდა, თუმცა, არცთუ მრავალფეროვანი. დედა ყველაფერს აკეთებდა, შვილებს არაფერი რომ არ დაგვკლებოდა და მას უდიდეს პატივს ვცემ.
- სკოლაში როგორი მოსწავლე იყავით?
- მხოლოდ 3 კლასი დავასრულე, შემდეგ კი მთლიანად საფეხბურთო სამყაროში გადავეშვი.
- პირველი ხელფასის ოდენობა თუ გახსოვთ?
- როგორ არა. 17 წლის გახლდით, როცა “ესტუდიანტესმა” ამიყვანა და თვეში 100-პესოიანი ჯამაგირი დამინიშნა. “დიდი ფული” კი პირველად “ჯენოაში” გადასვლის შემდეგ გამიჩნდა. ტრანსფერის პროცენტი ავიღე და თავიდან არც კი მჯეროდა, ამხელა თანხა ჩემი რომ იყო.
- თუ გახსოვთ, პირველი რა შეიძინეთ ევროპაში გადაბარგების შემდეგ?
- დედას მოვთხოვე, სამსახურისთვის თავი დაენებებინა და სახლი შევუძინე. შემდეგ მანქანა და ის სახლი ვიყიდე, რომელშიც ჩემი ვაჟი იზრდება.
- ამჟამად რომელი მარკის ავტომობილი გყავთ?
- “მერსედეს ბენცი” და წითელი “ფერარი”.
- რატომ გაქვთ ამდენი სვირინგი?
- პირველი 12 წლისამ გავიკეთე. მაშინ ვერ ვაცნობიერებდი, რა მიზნით ვიკეთებდი სვირინგს. სხეულზე ინდიელი ამოვასვირინგებინე და დღემდე ვერ აგიხსნით, რატომ.
- ნარკოტიკი თუ გაგისინჯავთ?
- მადლობა ღმერთს, არასდროს. მაგრამ წამალზე დამოკიდებულ ადამიანს არასდროს შევხედავ ამრეზით.
- დიეგო მარადონა როგორი მწვრთნელია?
- მასთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა. მარადონა საფეხბურთო კარიერის და ცხოვრების რთულ პერიოდში დამეხმარა.
- თქვენი უახლოესი მისწრაფება რაა?
- კოპა ამერიკის მოგება. ჩემპიონთა ლიგაზე “ნაპოლისთან” ერთად კარგად გამოსვლა მინდა, შემდეგ კი რომელიმე ტოპ-კლუბში გადავიდოდი.
გოჩა კაჭარავა









