“ნაპოლი” გასულ სეზონში კარგად გამოვიდა და ევროპის ლიგაზე ასპარეზობის უფლება დაიმსახურა. სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში ვალტერ მაცარის გუნდი კიდევ უფრო სოლიდურად გამოიყურება და ჩემპიონთა ლიგის საგზურს უმიზნებს. სამხრეთიტალიელთა ბოლოდროინდელი წარმატებების ერთ-ერთი სულისჩამდგმელი სანპაოლოელთა არგენტინელი ესეკიელ ლავესი გახლავთ, რომლის მიერ საკლუბო ვებ-გვერდისთვის მიცემულ მინი-ინტერვიუს თქვენც გაგაცნობთ.
- როგორ ფიქრობთ, რომელ პოზიციაზე დამკვიდრდება “ნაპოლი” მომავალი წლის მაისში?
- ძალიან დიდი სურვილი მაქვს, ჩვენი გუნდი სეზონის დასრულების შემდეგ სატურნირო ცხრილში იმავე მესამე პოზიციაზე ვიხილო, რომელზეც სადღეისოდ ვართ. ეს ხომ ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოგვიტანს. ისე კი არ მიყვარს, როცა შორეულ მიზნებზე ვსაუბრობ. ვალტერ მაცარი ბიჭებს კონკრეტულ ამოცანას არ გვისახავს, ცხრილში ყურებას არ გვთხოვს და მხოლოდ მომდევნო შეხვედრისთვის ცდილობს მოგვამზადოს სათანადოდ. მთავარი მწვრთნელის ამგვარი მიდგომა სავსებით მაკმაყოფილებს.
- ამჟამინდელი “ნაპოლის” გამორჩეულ თვისებებად რას მიიჩნევთ?
- ამბობენ, ადრე ნეაპოლელი მოთამაშეები დისციპლინაში მოი-კოჭლებდნენო, დღეს კი ფეხბურთელები განუხრელად ვასრულებთ დამრიგებლის ყველა მითითებას და ვარჯიშზე ბევრს ვშრომობთ. ამიტომაცაა გულშემატკივარს ლამაზი თამაშით რომ ვახარებთ.
- სერია A-სგან განსხვავებით, “ნაპოლი” წარუმატებლად გამოდის ევროასპარეზზე. ევროპის ლიგაზე 4 მატჩი ჩაატარეთ და ჯერჯერობით მოგება არ გიზეიმიათ...
- ყოველმხრივ შევეცდებით, რომ გასვლაზე “უტრეხტი” დავამარცხოთ, შინ “სტიაუასაც” ვძლიოთ და ტურნირის ფლეი-ოფში გავაღწიოთ. ვთვლი, რომ “ლივერპულთან” არ გაგვიმართლა. “სან პაოლოზე” უპირატესობას ვფლობდით, მაგრამ ინგლისელთა კარი ვერ ავიღეთ, “ენფილდზე” კი პრაქტიკულად მთელი მატჩის განმავლობაში წინ ვიყავით და მხოლოდ ასპარეზობის მიწურულს გავუშვით გოლები.
- ლავესი-ჰამშიკი-კავანი - სერია A-ს საუკეთესო შემტევი ტრიოა?
- მოდით შეფასება გულშემატკივრებმა და სპეციალისტებმა გააკეთონ და არა ჩვენ, მოთამაშეებმა. მე, მარეკი და ედინსონი კი შემდგომშიც არაფერს დავიშურებთ “ნაპოლის” უფრო მაღალ პოზიციაზე ასაყვანად.
გოჩა კაჭარავა









