ფეხბურთი

11:00 | 3.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ეშმაკი ფერგის” ბოლო ტრიუმფი

2012/13 წლების სეზონი ინგლისურ პრემიერლიგაში ბევრი რამით გამოდგა დასამახსოვრებელი. “მანჩესტერ იუნაიტედმა” დიდებული სეზონი ჩაატარა და შარშან დაკარგული ჩემპიონობა დაიბრუნა. “ეშმაკუნები” მე-13 ტურში ქპრ-სთან გამარჯვების შემდეგ დადგნენ პირველ საფეხურზე და სეზონის ბოლომდე ახლოს არავინ მიუშვიათ. საბოლოოდ მათ 11 ქულით გაუსწრეს მეორეზე გასულ თანაქალაქელ “სიტის”. ყველაზე მეტი – 86 გოლი გაიტანეს და საიუბილეოდ, მეოცედ იზეიმეს პირველობა. მათი ფანტასტიკური შემტევი, ჰოლანდიელი რობინ ვან პერსი კი 26 გოლით ელიტის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. თუმცა ეს სეზონი მათთვის სევდანარევიც გამოდგა – ლეგენდარული მენეჯერი ალექს ფერგიუსონი ფეხბურთიდან წავიდა და ამით მთელი ეპოქა დამთავრდა. ალბათ, გასული სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავიც ეს არის. 26-წლიანი მოღვაწეობის შემდეგ სერ ალექსმა კლუბის სპორტული დირექტორის პოსტზე გადაინაცვლა და მთავარი მწვრთნელის ადგილი ასევე შოტლანდიელ დევიდ მოიესს გადააბარა, რომელმაც წლეულს “ევერტონი” მე-6 ადგილზე გაიყვანა.

“სიტის,” ალბათ, წლის იმედგაცრუებას თუ დავარქმევთ. “ქალაქელებმა” პირველობაც დაკარგეს, ევროთასებიდანაც ნაადრევად გავარდნენ და ბოლოს, ასოციაციის თასის ფინალში მაჩანჩალა “უიგანთან” შერცხვნენ. რობერტო მანჩინის გათავისუფლებაც ლოგიკური იყო. კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, “სიტი” ახალი მწვრთნელის დანიშვნას ოფიციალურად უახლოესი 2 კვირის განმავლობაში გამოაცხადებს. მოგეხსენებათ, ზაფხულიდან გუნდს მანუელ პელეგრინი ჩაიბარებს. კლუბის მმართველი ჰალდუნ ალ მუბარაქი ამბობს: “მომავალი სეზონი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, პირველობა უნდა დავიბრუნოთ, ამიტომ აქტიურ სატრანსფერო კამპანიას ჩავატარებთ. მწვრთნელს კი ყოველმხრივ დავეხმარებით”. Daily Star-ის ცნობით, “სიტი” ახალი ფეხბურთელების შესაძენად 100 მილიონ გირვანქა სტერლინგს დახარჯავს.

ლონდონის “ჩელსის” მეტად არაერთგვაროვანი წელიწადი გამოუვიდა. ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორ რობერტო დი მატეოს დათხოვნის შემდეგ, დამრიგებლად რაფაელ ბენიტესი მიიწვიეს, რომელსაც გულშემატკივრები თავიდანვე ამრეზით შეხვდნენ. ეს პროტესტი თვეების განმავლობაში გაგრძელდა, საქმე იქამდეც მივიდა, რომ ქომაგები გუნდის საშინაო მატჩების ბოიკოტირებას აპირებდნენ. მაგრამ ბოლოსკენ რაფამ “კუდი მოიქნია”, პრემიერლიგაში მე-3 ადგილზე გაიყვანა გუნდი და ევროპის ლიგაც მოაგებინა. ახლა ბენიტესი “ნაპოლიში” წავიდა, “ჩელსიში”კი ყოფილი დამრიგებელი ჟოზე მოურინო დაბრუნდა, რომელიც ტრანსფერებისთვის ასევე 100 მილიონი გირვანქის დახარჯვას აპირებს.

არსენ ვენგერის კაფანდარა “არსენალი” კი შესანიშნავ მატჩებს მოსაწყენ წარმოდგენებს უნაცვლებდა, თუმცა ბოლოსკენ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საგზური მაინც მოიპოვა და ქომაგები დაამშვიდა. წინა ზაფხულს ჟირუს, კასორლასა და პოდოლსკის ყიდვამ მათ თამაშს სხვა შინაარსი შესძინა, თუმცა ვან პერსის წასვლით გამოწვეული სიცარიელე “მეთოფეებმა” ბოლოსკენღა შეავსეს. ჰოლანდიელის დაკარგვა ძალიან მტკივნეული გამოდგა მათთვის.

“ტოტენჰემი” ერთი კაცის გუნდად გადაიქცა. გარეთ ბეილმა მართლაც დიდებული სეზონი ჩაატარა და სამართლიანად დადგა ევროპის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავების გვერდით. ზინედინ ზიდანმა თქვა: ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი მომავალ ჩემპიონთა ლიგაში ვერ ითამაშებსო. “ზიზუ” ბეილს და “ტოტენჰემის” ლიგაში ვერმოხვედრას გულისხმობდა. რაღას აღარ უწოდებენ უელსელს, ზღაპრის უფლიწულს, ოქროს დეზს, განუმეორებელს და ა.შ. გუნდის დამრიგებელი ანდრე ვილაშ-ბოაში ამბობს, ბეილი აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთო, თუმცა, დიდი ალბათობით, ის მაინც წავა. ყველაზე აქტიური მყიდველი მადრიდის “რეალია”, რომელიც, ბოლო მონაცემებით, მზადაა 80 მილიონი გირვანქა გადაიხადოს გენიალურ უელსელში.

“ლივერპულს” ალბათ უფრო მაღალი ადგილი ეკუთვნოდა, თუმცა რაც მოხდა, მხოლოდ საკუთარ თავს უნდა დააბრალონ. “წითლებმა” ქულების დაკარგვის “საოცარი ნიჭი” გამოავლინეს და შედეგად ევროპის ლიგის საგზურიც ვერ მოიპოვეს, თუმცა კლუბის ხელმძღვანელები და ქომაგები მაინც იმედით უყურებენ მომავალს. ბოლოსკენ გუნდმა თითქოს აითვისა ბრენდან როჯერსის ფილოსოფია და მათი ვარაუდით, ახალ სეზონში უკვე ჩემიონთა ლიგის ზონაში მოსახვედრად იბრძოლებენ.

სეზონის აღმოჩენა კი “სუონსი” გახლდათ. მიქაელ ლაუდრუპის სიმპათიურ გუნდს ხუმრობით უელსურ “ბარსელონასაც” უწოდებენ. ისინი მეორე წელიწადია, პრემიერლიგაში თამაშობენ და პროგრესი აშკარაა. წლეულს კი, დაარსებიდან 100 წლისთავზე, ქვეყნის ლიგის თასიც მოიპოვეს და ზაფხულში პირველად ჩაებმებიან ევროპის ლიგის გათამაშებაში.

არ შეიძლება არ ვახსენოთ რობერტო მარტინესის კერკეტი “უიგანი”, რომელმაც პრემიერლიგიდან გავარდნის მიუხედავად, მაინც ისტორიული სეზონი ჩაატარა, ფინალში მრისხანე “სიტი” დაამარცხა და მსოფლიოს უძველეს პრიზს, ინგლისის ასოციაციის თასს დაეუფლა, თანაც ამ ასოციაციის 150-ე წლისთავზე.

წლეულს ინგლისში ოთხი შესანიშნავი მოთამაშე წავიდა ფეხბურთიდან. “მანჩესტერის” 38 წლის ნახევარმცველმა პოლ სქოულზმა მეთერთმეტედ მოიგო ტიტული და საყვარელ გუნდს გამარჯვებული დაემშვიდობა. “ლივერპულის” ლეგენდა, 35 წლის ჯეიმი კარაგერი, რომელმაც 17 სეზონის განმავლობაში 500-ზე მეტი შეხვედრა ჩაატარა “წითლების” მაისურით, მთელმა “ენფილდმა” თვალცრემლიანმა გააცილა. “ლივერპულის”, შემდეგ “ნიუკასლის”, “მანჩესტერის”, ბოლოს კი “სტოკის” “ოქროს ბიჭუნა” - 33 წლის მაიკლ ოუენი, რომელმაც პრემიერლიგაში 150 გოლი გაიტანა, ასევე დაუკმაყოფილებლობის გრძნობით გააცილეს. ყველა ბრიტანელი სპეციალისტი ერთხმად აღიარებს, რომ მაიკლს გაცილებით შთამბეჭდავი კარიერა შეიძლება ჰქონოდა.

დაბოლოს, 36 წლის ფილ ნევილი. კაცი, რომელმაც 8 სეზონი გაატარა “ევერტონში” და “გუდისონ პარკმაც” გამაყრუებელი ოვაციებით გააცილა.

მაგრამ იყო კიდევ ერთი ყველასგან გამორჩეული ადამიანი. “ასტონ ვილას” ბულგარელი სტილიან პეტროვი, რომელმაც ლეიკემიის დაავადების გამო საბოლოოდ გადაწყვიტა ფეხბურთიდან წასვლა და კლუბის მწვრთნელთა შტაბში გადაინაცვლა.

სეზონის ლაურეატები:

წლის საუკეთესო მწვრთნელი: ალექს ფერგიუსონი (“მანჩესტერი”)

წლის საუკეთესო ფეხბურთელი: გარეთ ბეილი (“ტოტენჰემი”)

ბომბარდირები:

26 გოლი (3 პენალტით) – რობინ ვან პერსი (“მანჩესტერი”) 38 მატჩი

23 – ლუის სუარესი (“ლივერპული”) 33

21 – გარეთ ბეილი (“ტოტენჰემი”) 33

19 (3 პენალტით) – კრისტიან ბენტეკე (“ასტონ ვილა”) 34

18 – მიჩუ (“სუონსი”) 35

ჩემპიონთა ლიგაში: “მანჩესტერი”, “სიტი”, “ჩელსი”, “არსენალი”

ევროპის ლიგაში: “ტოტენჰემი”, “სუონსი” (ლიგის თასის მფლობელი), “უიგანი” (ასოციაციის თასის მფლობელი)

გავარდნენ: “უიგანი”, “რედინგი”, ქპრ

გადმოვიდნენ: “კარდიფ სიტი” “ჰალ სიტი”, “კრისტალ პალასი”

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.089815